კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს - კვირის პალიტრა

კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს

უკვე წლებია, მესმის მათი საყვედური, ვისაც ქუჩაში პოლიცია აჩერებს. ამ დღეებში მათ რიცხვში ჩემი ახლობელიც მოხვდა. სწორედ ამიტომ მაინტერესებს, რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, როცა ქუჩაში პოლიცია უმიზეზოდ აჩერებს?

კითხვას იურისტი დავით მოდებაძე უპასუხებს

- როცა პოლიციელი მოქალაქეს აჩერებს, ვალდებულია,  წარუდგინოს საბუთი (მიზანშეწონილია, საბუთთან ერთად პოლიციის ჟეტონის წარდგენაც), უთხრას ვინაობა და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს მისი გარეგნული დათვალიერება. ვიზუალური შემოწმების დროს პოლიციელს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ჰკითხოს მოქალაქეს ვინაობა, მისამართი. თუ პოლიციელი მოქალაქეს რაიმე კანონსაწინააღმდეგოს შენიშნავს, შესაძლებელია გაჩხრიკოს. თუ მოქალაქეს მიაჩნია, რომ შემოწმება მოხდა კანონდარღვევით, მართალია, დამსწრეების ინსტიტუტი გაუქმებულია, მაგრამ მას აქვს უფლება, ჩხრეკის ოქმში შეიტანოს შენიშვნები და მომხდარი ფაქტი ხუთი დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში თავისი უფლებების აღდგენის მიზნით.

თმენის ვალდებულება ურთიერთობაში ეკისრება ორივე მხარეს, მაგრამ ათმაგად - პოლიციელს.

ხშირად გაიგონებთ ხოლმე ამგვარ ლანძღვას, - "შე ახვაროო", "ნამდვილი საქონელი ხარ, ახვარიო", "შე ხვადაგო ახვაროო"... საიდან მოდის ეს სიტყვა?

ამირან ჭყოიძე

კითხვას ფილოლოგი ფატმან ქოიავა პასუხობს:

- ზოგადად ახვარი ნიშნავს უდიერ, უტიფარ ადამიანს, რომელსაც ვერაფერს ანდობ, ვისაც საკუთარი თავის გარდა არაფერი ენაღვლება.

წესიერ კაცს რომ "ახვარი" უწოდო, შეიძლება მოსაკლავად გაგიმეტოს.

ამ სიტყვას VIII საუკუნიდან იცნობს ქართული ენა, ოღონდ ცოტა სხვანაირად - ახვარი არაბული სიტყვაა და "საქონელს", "პირუტყვს" ნიშნავს. აშკარაა, ეს ტერმინი დამპყრობელმა არაბებმა შემოიტანეს ჩვენში და დამკვიდრდა კიდეც ისევე, როგორც არაერთი სხვა სიტყვა.

ახორი - საქონლის სადგომის სახელი ნამდვილად ახვარიდან მომდინარეობს.

სამეფო კარზე პირუტყვის (ფერმის) გამგებელს ამირახორი-ამილახორი-ამილახვარი ერქვა.

"ვეფხისტყაოსანში" დამოწმებულია: "ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია".

დროთა განმავლობაში ამილახვრობა თანამდებობიდან გვარად იქცა.

ახვარი - არაბული ტომია. ჩანს, საქართველოში მოლაშქრე არაბებს ამ ტომის შვილებიც ახლდნენ. ისინი რა ზნეობისანიც იყვნენ, ამის დასტურია დაპყრობილი ქვეყნის ენაში დარჩენილი ტერმინი.