"მინდა, იმდენი ფული შევაგროვო, ჩემს დედიკოს საფლავის ქვა გავუკეთო"
11-11-2013
"მინდა, იმდენი ფული შევაგროვო, ჩემს დედიკოს საფლავის ქვა გავუკეთო"
ნაადრევად დაკაცებული ბიჭის ამბავი...

ადამიანს არც სიხარული აკლია და არც დარდი - ეს ცხოვრების წესია. დარდს იმიტომ უმკლავდება, რომ ცხოვრებისაგან სიხარულსაც ელის. მაგრამ ცხოვრებასთან ბრძოლა ჭირს მაშინ, როცა სიცოცხლე დარდით იწყება. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები ბედნიერები იყვნენ. პატარა დაჩის წერილს დიდხანს ვერ გავუშვი ხელი, რადგან თვალწინ მედგა დედის საფლავთან ატირებული პატარა ბიჭის თვალები, რომელიც კაცივით დარდობს, რომ დედის საფლავს ვერ მოუარა.

"გამარჯობა. მე ვარ დაჩი. 11 წლის. ერთხელ
ჩემმა დედიკომ თქვენს გაზეთში ერთ ბავშვზე წაიკითხა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა და მახსოვს, როგორ გაგვიხარდა, როცა მერე დაბეჭდეთ, იმ ბავშვს კეთილი ხალხი უკვე დაეხმარაო. დღეს ჩემი დედიკო ცოცხალი აღარ არის,  წვალებით გარდაიცვალა შარშან. მამა არ მყავს, არც და-ძმა, არც არავინ - ჩემი დეიდის გარდა. დეიდას ეშინოდა,
ეს წერილი დამეწერა, რომ გაიგებენ, ასე გვიჭირს, ვაითუ, შენი თავი წამართვანო. მყავს 5 წლის დეიდაშვილი, ბებო და ძია, ჩემი დეიდის ქმარი. ოჯახში მარტო ის მუშაობს, მაგრამ ფულს როცა აიღებს, ბანკის კრედიტებში იხდის. ამიტომ მთელი ზაფხული დავდიოდი, მინდოდა რამე სამუშაო მეშოვა, მაგრამ ვერ ვიშოვე. დეიდასაც ძალიან უნდა სამუშაო, მაგრამ ისეთი ვერ იშოვა, მანამდე იმუშაოს, სანამ ჩემი დეიდაშვილი ბაღშია.

ძალიან გთხოვთ, იქნებ გამოაქვეყნოთ ჩემი წერილი. სულ ის მახსენდება, მე და დედიკომ რომ წავიკითხეთ, როგორ დაეხმარნენ კეთილი ადამიანები ერთ ბავშვს. იქნებ მეც დამეხმარონ. მე ფული კი არ მინდა, მარტო ის,  სამუშაო ვიშოვო და იმდენი ფული შევაგროვო, ჩემს დედიკოს საფლავის ქვა გავუკეთო. სოფელში რომ ჩავდივარ სასაფლაოზე, ყველას საფლავზე ქვაა, ჩემი დედიკოს საფლავზე კი არა...

და კიდევ ერთი: ჩემმა დეიდამ დედიკო რომ ავად იყო, ძალიან ძვირი წამალი უყიდა, პამიტექსი. ჩემს დედიკოს ეს წამალი ერთი ცალი დარჩა და თუ ვინმეს სჭირდება, მინდა ვაჩუქო.
ბოლოს კი, ჩემს დეიდას მაინც წავაკითხე ეს წერილი. შემისწორა, დამთანხმდა, გამომეგზავნა. მაგრამ მირჩია, - მაშინ ისიც მისწერე რედაქციას, რომ თუკი გამოაქვეყნებენ, იქნებ შენი გვარი არ დაბეჭდონ, რომ სოცაგენტებმა არ ამოიცნონ ჩვენი ოჯახი და არ მითხრან, თუ ასე გიჭირთ, თქვენს დისშვილს სახელმწიფო გაზრდისო".
წერილის წაკითხვის შემდეგ დაჩის დეიდას დავუკავშირდით.

- რა უნდა გითხრათ,  მეშინია, დაჩი არ წამართვან, ამიტომ ვუშლიდი თქვენთან წერილის გამოგზავნას. მერე ვიფიქრე, ეგებ ყურადღებაც არ მიაქციონ-მეთქი და ნება მივეცი. მრცხვენია მისი, - დედის ისეთ ჯოჯოხეთურ წამებას უყურა. მისი სტრესიდან გამოსაყვანად ყველაფერს უნდა ვაკეთებდე, მაგრამ მხოლოდ კრედიტები დავახვედრე - ბავშვს დედის საფლავის ქვის გაკეთება უნდა და ესეც ვერ შევძელი...

- კრედიტები რატომ აიღეთ, ან დაჩის მამა სად არის?
- ჩემი და 7 თვის ფეხმძიმე იყო, დაჩის მამამ რომ მიატოვა... კრედიტები კი იმიტომ ავიღე, რომ ჩემი და დაზღვეული არ იყო და მისი მკურნალობისთვის დამჭირდა. ამისთვის სახლიც გავყიდე, მაგრამ ვერაფერი ვუშველე. ნეტავი გადამერჩინა და რაც დამრჩა, იმასაც გავყიდდი...

P.S. ჩვენ ვუსრულებთ დაჩის თხოვნას და მის კოორდინატებს არ მივუთითებთ. თუკი მაინც გამოჩნდება ის ადამიანი, რომელსაც ბიჭისთვის ხელის გაწოდება მოუნდება, შეუძლია რედაქციაში შეგვეხმიანოს.

მკითხველთა თხოვნით ვაქვეყნებთ დაჩის დეიდის ტელეფონის ნომერს  593 44 32 11 - ეკა.

საბანკო რეკვიზიტები:

BAGAGE22

GE87BG0000000364374700 საქართველოს ბანკი

მიმღები: ეკატერინე სამხარაძე

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის!
თამუნა
20 მარტი 2014 13:52
ძალიან მაინტერესებს ამ ბიჭის ბედი იქნებ სტატიის ავტორმა დააკომენტაროს განვითარებული მოვლენები ამ ბიჭის გარშემო სულის შემძვრელია მისი ბედი ღმერთმა გააძლიეროს
jovany
01 დეკემბერი 2013 01:47
რა საამაყოა,როცა საქართვწლოში მსგავსი ბავშვები არიან... შენ უკვე თქვი შენი სათქმელი მცირე ასაკში.. თავს ვხრი შენს წინაშე და ვდუმდები...მეამაყები... თუ რამე დაგჭირდეს აუცილებლად დამირეკე558101075.. გელოდები...უფალი შენთან
sofo
29 ნოემბერი 2013 23:17
არშეიძლება რომ ტელეფონით გადავურიცხოთ?

რედაქტორის რჩევით