დაჩის დედას საფლავის ქვას ცნობილი მოქანდაკე გაუკეთებს (თემის გაგრძელება) - კვირის პალიტრა

დაჩის დედას საფლავის ქვას ცნობილი მოქანდაკე გაუკეთებს (თემის გაგრძელება)

"მინდა იმდენი ფული შევაგროვო, ჩემსდედიკოს საფლავის ქვა გავუკეთო"

ხომ გახსოვთ "კვირის პალიტრაში" (#46) დაბეჭდილი 11 წლის დაჩის გულსაკლავი წერილი, რომელიც დედის საფლავის ქვის ფულის საშოვნელად სამუშაოს ეძებდა... ამ წერილის გამოქვეყნებამდე ვფიქრობდი, ნეტავ რამდენი გამოეხმაურება ამ სტატიას და დაეხმარება ბიჭს-მეთქი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, ეს ამბავი მკითხველს გულგრილს არ დატოვებდა. ასეც მოხდა... რედაქციაში ტელეფონი არ გაჩერებულა, უამრავი წერილი მოვიდა უცხოეთიდანაც. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ პატარა ბიჭის ტკივილი დედამიწამ გაიზიარა. დაჩის კი მინდა ვუთხრა, - ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და მჯერა, კარგი ქართველი გაიზრდები. შენი დედიკოს საფლავის მოწყობაში აუცილებლად დაგეხმარებიან...

დაჩის მატერიალურად დახმარება  ყველამ ვერ შეძლო, მაგრამ ადამიანის ფეხზე დაყენება მხოლოდ სიყვარულის გამხელასაც ხომ შეუძლია...

ამ თანაგრძნობით გაოცებული ქალბატონი ეკა (დაჩის დეიდა) რედაქციაში დაგვიკავშირდა: "ამას არ მოველოდი, ცრემლები მახრჩობს, ხალხის გვერდში დგომამ და სიყვარულმა ისე დამაბნია, რიგიანად მადლობას ვერ ვეუბნები... მრცხვენია, რომ მეკითხებიან, რა გაკლიათ, რა მოგიტანოთო. როგორ ვუთხრა, ყველაფერი გვაკლია-მეთქი?!"

არადა, ამ ოჯახს მართლა ყველაფერი აკლია, - მართალია, დაჩის ეს არ მოუწერია, მაგრამ რა დაიმალება, - ინტერნეტსივრცეში სამხარაძეების მეზობლებმა დაწერეს, - ამ ოჯახს ენით აუწერელი გაჭირვება ადგასო. თუმცა ქალბატონ ეკას დაჩის სახით ოჯახში ყველაზე დიდი  ქონება აქვს - ამ პატარა ბიჭმა უამრავ ადამიანს სიკეთის კეთების სიხარული მიანიჭა. სამხარაძეების ანგარიშზე უკვე 2 000 ლარამდეა ჩარიცხული:

(საქართველოს ბანკი. კოდი: BAGAGE22; ანგარიში:   GE87BG0000000364374700).

ახლა ყველაზე ამაღლებული: დაჩის დედის საფლავის ქვას საყოველთაოდ ცნობილი ქართველი მოქანდაკე გააკეთებს! მართალია, მან თავმდაბლობის გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი?! მან ამ პატარა ვაჟკაცს ამათ უთხრა, რომ ის მარტო არ არის...

www.kvirispalitra.ge

ვაჟა: "სიკეთეს არ უწერია გადაშენება, უფალი გფარავდეს, პატარა ვაჟკაცო".

***ლევანი: "სინდისი მქენჯნის ასეთი ამბების გაგონებაზე. გმადლობთ, რომ ჩემი სინდისი გააღვიძეთ, რახან შესაძლებლობას მაძლევთ, ამ ოჯახს დავეხმარო"...

***ლეილა: "არ შეშინდე, შვილო, ჯერ ისე არ დავცემულვართ, გაჭირვებაში მიგატოვოთ. ჩვენი ოჯახიდან შემოვა თანხა გამოცხადებულ ანგარიშზე. რედაქციას კი მინდა ვთხოვო, იქნებ პერიოდულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია ამ პატარა "დიდი კაცის" შესახებ, რომ ქართველმა ემიგრანტებმა შევძლოთ და დახმარება ერთჯერადად კი არა, სრულწლოვანებამდე პერმანენტულად გავუწიოთ, ვიდრე ამ რთულ ყოფაში თავის ადგილს იპოვის".

ირმა: "აქ ერთი კომენტარი წავიკითხე, ვიღაც გვატყუებს, ფულს სძალავენ ხალხსო... მინდა ამ მესიჯის პატრონს ვუთხრა, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავოს. მე ვიცნობ ამ ოჯახს. ხალხო, თქვენ კიდევ არ იცით, რა გაჭირვება ადგათ. მაგრამ ფულს კი არ ითხოვენ, ბავშვს დედის საფლავის მიხედვა უნდა. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ეკავა ხელში დაჩის დედამისის ხელი და უკვე მიცვალებულზე ძლივს გააშვებინეს. ამ ბავშვის თვალებში სამუდამოდ დარჩა ყველაზე საშინელი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში...

კეთილო ხალხო, უღრმესი მადლობა, ვინც გულთან მიიტანეთ დაჩის თხოვნა. ღმერთმა გადმოგხედოთ გულისხმიერებისთვის".