"მე ჩვენი სინამდვილე ვარ, შვილო..." - კვირის პალიტრა

"მე ჩვენი სინამდვილე ვარ, შვილო..."

"პალიტრის ფოსტამ" ამას წინათ ქუთაისიდან წერილი მიიღო -  ქალბატონი თავის ცხოვრებაზე წერდა. თვალწინ დაგვიდგა მოხუცი მანდილოსანი, რომელსაც ხელში საკუთარი წიგნები უჭირავს და ქუჩა-ქუჩა  დადის, რომ გაყიდოს.

"პატივცემულო რედაქციავ,  გაჭირვების მიუხედავად, თქვენს გაზეთს მუდამ ვყიდულობ და სწორედ ასე გავიგე, რომ "სიბრძნის სიმფონია" დაგიბეჭდავთ. კარგი საქმე გაგიკეთებიათ, - ადამიანს ისე ბევრი რამ ვერ გააკეთილშობილებს, როგორც სიბრძნეში ჩახედვა. მაგრამ ცოტა დავდარდიანდი, - თქვენთან მოსვლა რომ შემძლებოდა, მეც შემოგთავაზებდით იმ სიბრძნეებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება დავეძებდი და ვიწერდი. ახლა კი საკუთარი წიგნები დამაქვს და ვყიდი. ამით იმდენ ფულს ვშოულობ, რომ მშიერი არ მოვკვდე, იმ ადამიანების ყურებაც მაცოცხლებს, ვისაც წიგნი უყვარს. მიყვარხართ თქვენც, რადგან ცდილოთ, წიგნის ფასი მთელ საქართველოს გააგებინოთ!"

პატივისცემით, გალინა ღლონტი

მოხუც ქალბატონს ქუთაისში დავუკავშირდით.

- ქალბატონო გალინა, გვწერდით, საკუთარ წიგნებს ქუჩა-ქუჩა დავატარებ და ვყიდიო. რამდენი წიგნის ავტორი ბრძანდებით?

- 17-ისა. 33 წელია, ვწერ, წლებია ვყიდი, რომ პურის ფული ვიშოვო. ასე მოვედი 76 წლამდე. ფეხები აღარ მემორჩილება, მაგრამ რა ვქნა, ეს არის ჩემი არსებობის ერთადერთი წყარო.  სოციალური დახმარება მქონდა და მომიხსნეს...

- ვინ ყიდულობს თქვენს წიგნებს?

- ვისაც წიგნი უყვარს, ძალიან ცოტა ფული აქვს, მაგრამ უწიგნოდ ვერ ძლებს.

- გვწერდით, მთელი სიცოცხლე სიბრძნეს ვეძებდიო.

- ჰო. გარდა წიგნებისა, ცხოვრება თავადაც გზაზე გახვედრებს სიბრძნეს, ოღონდ მისი დანახვა უნდა შეძლო - "სადაც ჩნდება კერპი, იქვე ჩნდება სიბნელე და დანაშაული"; "ქვეყანა, სადაც სიმართლე არ უყვართ, ვერასოდეს იქნება ბედნიერი!"

- მეცნო, ეს ჩვენი სინამდვილეა.

- მეც ჩვენი სინამდვილე ვარ, შვილო, 76 წლის ქალი, საკუთარი წიგნებით ხელში ქუჩა-ქუჩა... მინდა, ეს სინამდვილე ოდესმე შეიცვალოს, იქამდე კი ასე ვივლი, მერე დაღლილი, შინ მისული ერთს ამოვისუნთქავ, ჩაის დავისხამ, ფანჯარასთან ჩამოვჯდები, რაფაზე წიგნი ყოველთვის გადაშლილი მაქვს და კითხვას განვაგრძობ. კითხვა ერთადერთია, რაც ყოველდღიურ მძიმე ყოფას მავიწყებს...