"დედ-მამის პოვნაში დამეხმარეთ" - კვირის პალიტრა

"დედ-მამის პოვნაში დამეხმარეთ"

სამაჩაბლოში  ომი რომ დაიწყო, მადინა გაგლოევა საცხოვრებლად ვლადიკავკაზში  გადასახლდა. გამზრდელი დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ კი ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო...

"მოგესალმებით, პატივცემულო რედაქციავ. მიყვარხართ, გიცნობთ და იმედი მაქვს, დამეხმარებით. მე მადინა გაგლოევა ვარ, ქარელიდან. გავიზარდე ჩემს საყვარელ სოფელ ტყემლოვანში. იქ ცხოვრობდა ჩემი დედ-მამა, რომელთა ნათელ სულებს მუხლს ვუყრი და სანამ ვიცოცხლებ, მათი მადლიერი ვიქნები. მათ გამიმხილეს სიკვდილის წინ, რომ ნაშვილები ვყოფილვარ და მას შემდეგ, 15 წელია, ბიოლოგიურ მშობლებს დავეძებ. გამზრდელმა მითხრა, რომ ჩემი ნამდვილი დედა გორში, ტექსტილის ფაბრიკაში მუშაობდა. 17 წლისა დაორსულებულა. მშობლებს ეს ამბავი რომ შეუტყვიათ, გაცეცხლებულან - ბავშვიანად არც იფიქრო შინ მოსვლაო. "მამაშენი იმ დროს ციხეში იჯდა... ახლაც ცხადად მახსოვს, ხელში როგორ აგიყვანე, უსუსური და საოცრად თბილი... ფული გადავიხადეთ და შინ წამოგიყვანეთო", - სიკვდილის წინ გამენდო დედა.

მამა ციხიდან რომ გამოსულა, რამდენიმე თვის ვყოფილვარ, თურმე დედაჩემისთვის მოუკიდია ხელი და ჩემს გამზრდელებს მისდგომიან - ბავშვი დაგვიბრუნეთო. უარი უთქვამთ. საქმე სასამართლომდე მისულა.  სასამართლო პროცესის  ოქმში  ბიოლოგიური დედ-მამის სახელებია დაფიქსირებული - მათ ხელი მოაწერინეს,  რომ ჩემს გამზრდელებს არასოდეს შეაწუხებდნენ. მათი ვინაობის გასაგებად წამოვედი თბილისში, მივაკითხე სასამართლო არქივს, მაგრამ ოქმი არ მომცეს, - უფლება არ გვაქვსო. კარგა ხანს ვფიქრობდი, რა გზას დავდგომოდი. იმედი რომ გადამეწურა, მაშინღა მოვიფიქრე, თქვენთვის მეთხოვა დახმარება და წერილს ჩემი  ფოტოც დავურთე - ეგებ ვგავარ ჩემს დედ-მამას და ამომიცნონ, ან ეს ამბავი გაიხსენოს ვინმემ და გამომეხმაუროს ტელეფონზე (574892060).

მანამდე კი არ მომასვენებს კითხვა, როგორ ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები უჩემოდ...