"გზავნილი მომავალში" ერის ხმა ათი წლის წინ... - კვირის პალიტრა

"გზავნილი მომავალში" ერის ხმა ათი წლის წინ...

"მე ნუკრი ალექსის ძე დობაძიშვილი, სისხლით და ხორცით, სულით და გულით ქართველი, მივესალმები ახალი საუკუნის საქართველოს, მის მკვიდრ მოსახლეობას - ჩემს ქართველებს!

ხალხო, ჩემო ჯიშო და ჯილაგო, გლოცავთ, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულმა მძიმე ფურცლები ჩაწერა მრავალტანჯული საქართველოს ისტორიაში, უშუალო მომსწრე ვარ აფხაზეთის ტრაგედიის - ლაპარაკიც და მოგონებაც ძალიან მტკივნეულია!

დანაკარგი აუნაზღაურებელია, ერის გენოფონდი საფრთხის წინაშეა, მაპატიეთ, მაგრამ გული მტკივა, რომ სატრაბახო და საამაყო აღარაფერი გვაქვს ქართველებს. 39 წელი შემისრულდა დეკემბრის 15-ში, აღარაფერი მიხარია, მაგრამ...

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, გაწირვა არ უწერია. ქართველი ამაყად იტყვის - მე ქართველი ვარ!!! 21-ე საუკუნეში აღარ იქნება ცრემლი, ტკივილი და დარდი. ეს ღვთის ნებაა! ღმერთმა დაგლოცოთ  ქართველებო! გემუდარებით, გიყვარდეთ ერთმანეთი", - ვკითხულობ ათი წლის წინ დაწერილ მოკლე წერილს, რომელიც მაშინ ავტორმა სრულიად საქართველოს მომავალს გამოუგზავნა.

ბატონი ნუკრი ახლა 49 წლის იქნება... დანაკარგი, რომელიც მაშინ აუნაზღაურებელი იყო, ისევ დანაკარგად რჩება, თანაც უკვე სხვა, ასეთივე მძიმე და აუნაზღაურებელი დანაკარგის გვერდით. მაშინ ვერც ის წარმოიდგენდა და ვერც ჩვენ, რომ XXI საუკუნის ქართველებს ისევ ელოდა ცრემლიც, ტკივილიც და დარდიც.

ოცა 2006 წლის იანვარში სკივრი გაიხსნა, სადაც "კვირის პალიტრის" მართლაც მომავლის პროექტის - "გზავნილი მომავალში" წერილები ინახებოდა, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ქართველი ხალხის, მომავალი პრეზიდენტის, ან  შთამომავლობისთვის იყო განკუთვნილი. ეს წერილები "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა.

მუდარაც მუდარად დარჩა: გიყვარდეთ ერთმანეთიო...

ისევ ძველ წერილებს ვკითხულობ:

"აგერ ხუთი წელი გავიდა ამ ბარათის დაწერიდან, ჩემო უსაყვარლესო შთამომავალო, ღმერთმა არ ქნას, რომ ჩემი თანამედროვეებივით ზეზეულად ხმებოდე. ქართველი გამოუსწორებელი ოპტიმისტია, მეც იმედიანად გეხმაურები. მჯერა, რომ მსოფლიო თანამეგობრობაში შენც დაიკავებ ღირსეულ ადგილს...

არავის ძალუძს ქართველთა აყრა და გადაშენება ამ მიწიდან... და თუ ეს ღვთის ნებით მოხდა, მაშ, ღირსი ვყოფილვართ ამ სასჯელისა.

ნათელა ბერიანიძე"

"ბატონ პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო მეთაურს.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მძიმე მემკვიდრეობა გერგოთ, თქვენ უნდა შეძლოთ, იმედი დაუბრუნოთ ქართველ ხალხს და საერთოდ, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, იმედი იმისა, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს, იქნება სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში შეიძლებ ადამიანურად იცხოვრო მაშინაც კი, თუ პრეზიდენტის სანათესავო და სამეგობრო კლანს არ ეკუთვნი, თუ პარლამენტში "კრიშა" არ გყავს, თუ... ერთი სიტყვით, თუ უბრალო მოქალაქე ხარ. ბატონო პრეზიდენტო, ყველაფერს აქვს საზღვარი და ქართველი კაცის მოთმინებასაც ექნება - იმედი მაქვს, თქვენ ამის შემოწმებას არ შეუდგებით. გისურვებთ, გიყვარდეთ საქართველო!

პატივისცემით, თ. თვაური".

გოჩა ტყეშელაშვილი, "მომავლის გზავნილის" იდეის ავტორი:

- ამ პროექტმა გაამართლა, ფაქტია. ღმერთი ადამიანს აქმნევინებს შთამომავლობას... ადამიანს ეკისრება ფუნქცია შთამომავლობის როგორც ფიზიკური, ისე სულიერი შექმნისა. წინა თაობა რაღაც სულიერსა და აზრობრივ საფუძველს უნდა უტოვებდეს მომავალს. მნიშვნელოვანია ამის დაფიქსირება. პაპირუსების ეპოქიდან მოყოლებული ადამიანები წერდნენ... გადიოდა დრო, შემოვიდა ქაღალდი, შემდეგ გაჩნდა სტამბა, აგერ, კომპიუტერების ეპოქამდე მოვედით და მაინც, ხელნაწერ წერილს თავისი დატვირთვა დარჩა. ხელნაწერს ადამიანის აურის, განწყობის ნაწილი გადააქვს. ამიტომაც ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო მომავალში წერილების გაგზავნა. რამდენს გვყავს წინაპარი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით? არადა, რა საინტერესოა, რას ფიქრობდა, რისი თქმა უნდოდა ჩვენთვის. ილია მართალი ამბობდა: ენა, მამული სარწმუნოებაო! პატრიარქმა ბრძანა: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს გამოთქმა უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია, რადგან ადამიანი არანაკლებ მოსაფრთხილებელია. სწორედ ადამიანზე ორიენტირებულია პროექტი "გზავნილი მომავალში" და პირველი, ვინც ეს დაინახა, იყო "კვირის პალიტრის" პირველი  რედაქტორი ლალი გუნთაიშვილი. ქართული გენეტიკის მატარებელი ქალი იყო, უსათნოესი და ამავე დროს შეუპოვარი და მტკიცე საქმეში. დიდი პროფესიონალი თავისი საქმისა. მას შეეძლო ის განეჭვრიტა, რაც სხვისთვის მიუწვდომელი იყო.

- თავად თუ გაგზავნეთ წერილი მომავალში?

- მეც მივწერე გზავნილი შთამომავლობას. მაშინ სხვა საზრუნავი, სხვა სევდა იყო, დღეს სხვანაირადაა...

ყველას ძალიან სერიოზული დამოკიდებულება გვქონდა ამ გზავნილების მიმართ. მახსოვს, როგორ მივდიოდით და როგორ ვარჩევდით სკივრის დიზაინს. როგორ მოიტანეს არაჩვეულებრივად ლამაზი, ქართული სკივრი... მერე როგორ წავიღეთ გზავნილები სახელმწიფო არქივში შესანახად და როგორ მოჰქონდათ გზადაგზა დაგვიანებული წერილები... ზოგს კომპიუტერის შავი, ოთხკუთხედი დისკეტები მოჰქონდა... ეს 10 წლის წინ ხდებოდა...

ყველა გზავნილი ინახება იმ დაწესებულებაში, სადაც თამარ მეფის ეტრატს ინახავენ!

მიხარია, რომ ეს პროექტი წარმატებით გრძელდება, დარწმუნებული ვარ, კიდევ გაგრძელდება.

სხვათა შორის, ახლა რასაც ვაკეთებ - საგანმანათლებლო პროექტებს სტუდენტებისათვის - ესეც გარკვეულწილად გზავნილია მომავალში: რასაც ახლა ჩავდებთ მომავალ თაობაში, ის იქნება გზავნილი XXI საუკუნეში...

სამწუხარო იქნება, თუ მომავალში წერილის გაგზავნის საშუალება აღარავის მიეცემა...

ხვალ მოვა ახალი თაობა, რომელსაც იგივე სურვილი გაუჩნდება, ამიტომ ვფიქრობ, პროექტი უნდა გაგრძელდეს.

გავა საუკუნე, მომავლის ისტორიკოსი ამ წერილებს თავს მოუყრის და ერის ხმად შერაცხავს.

2010 წლის იანვარში კიდევ ერთხელ გაიხსნება "მომავლის გზავნილები". მოლოდინი დიდია. ვინ იცის, რამდენი ადამიანი მიიღებს სანუკვარ ბარათს წარსულიდან.