"რასაც ვწერდი, ჩემი ერის აზრი, სურვილი და საკუთრება იყო" - კვირის პალიტრა

"რასაც ვწერდი, ჩემი ერის აზრი, სურვილი და საკუთრება იყო"

ეს წერილი სტუდენტებმა გამოგვიგზავნეს. სტუმრად იყვნენ ბატონ ჭაბუასთან და პირველი ინტერვიუც ჩაწერეს, რომელიც მის უკანასკნელ ინტერვიუდ იქცა...

ჩვენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ვართ. ზაფხულის მიწურულს ბატონ ჭაბუას ვესტუმრეთ. ახლა, როცა შAევიტყვეთ, რომ გარდაიცვალა, თავს უფლება მივეცით, ეს ინტერვიუ თქვენთვის გამოგვეგზავნა. ბატონ ჭაბუასთან ორი თვე ვცდილობდით შეხვედრას. ბოლოს მწერლის მეუღლემ, ქალბატონმა თამარ ჯავახიშვილმა დაგვირეკა -  მოდით, გელოდებათო... კიბეზე ახალგაზრდა კაცი შემოგვხვდა - ჭაბუას უყვარს ახალგაზრდების სტუმრობაო!..

ხატია სამხარაძე, მარიამ ფალელაშვილი, თეა ლურსმანაშვილი

- განსხვავდებიან ჭაბუა ამირეჯიბი და ბერი დავითი?

- ბერად შედგომა ოფიციალური აქტი იყო, ამას არ შევუცვლივარ, ისევ ის ჭაბუა ამირეჯიბი-მწერალი ვარ, თუმცა სიბერის გამო ღირებულს ვეღარაფერს ვწერ.

- თქვენმა შემოქმედებამ ერს ღირსების, სამართლიანობის, პატრიოტიზმის მინავლული ნაპერწკალი გაუღვივა. რა როლი ეკისრება მწერალს დღეს?

- ქართველი მწერალი, ვფიქრობ, სხვათაგან იმით განსხვავდება, რომ ძალიან თავისებური ერის მსახური და ჟამთააღმწერელია. რასაც ვწერდი, ჩემი ერის აზრი, სურვილი და საკუთრება იყო.

- "გორა მბორგალში" ვკითხულობთ: "უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, გამოსძალო, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე". როგორ უნდა მოვიპოვოთ თავისუფლების, დამოუკიდებლობის უფლება?

- როგორ უნდა მოვიპოვოთ? ჩემს წიგნებში წერია და, მგონია, სახელდობრ ამან მომიპოვა სახელი და აღიარება.

- თქვენ ჩვენი პირველი რესპონდენტი ბრძანდებით, რაც ძალიან გვახარებს. თითქმის ყველას ჰყავს მისაბაძი ადამიანი, ვისაც აფასებს და იდეალად მიიჩნევს. თქვენ გყავდათ ასეთი ადამიანი?

- რა თქმა უნდა... მე ადამიანის ეტალონს ვეძიებდი მთელი სიცოცხლე, რათა ამ უძნელესი და უძვირფასესი კითხვის პასუხით წარვდგომოდი ჩემსავე თავს და ჩემი ერის ინტელექტს.

- ბატონო ჭაბუა, დღეს საქართველოში რთული ვითარებაა.... სად არის გამოსავალი, რას გვირჩევთ ჩვენ, ქვეყნის მომავალს?

- თქვენ მეკითხებით, როგორ უნდა მივაღწიოთ, რა გზებითა და ხერხებით უნდა მოხდეს ჩვენი ერის ზნეობრივი, გონებრივი და კულტურული სრულყოფა. ამის პასუხი, მგონია, ქართველმა მომავალმა თაობებმა უნდა მონახონ, გააცნობიერონ და აღსრულებულ ფაქტად აქციონ, ისე კი რამდენჯერმე მაქვს ნაწერებში გამოყენებული შეძახილი - "ჭკუით, ქართველებო!"

- ხშირად ადამიანს სირთულეები ასუსტებს და ბრძოლისუნარიანობას უკარგავს, თქვენ პირიქით, გაგაძლიერათ. როგორ უნდა გადავლახოთ დაბრკოლებები ღირსეულად?

- ჩემმა აღმზრდელმა ქალბატონმა, მელანო მეძმარიაშვილი-გველესიანმა ჩამაგონა, რომ ადამიანის, კერძოდ, ქართველის საქციელი უნდა გამომდინარეობდეს ქართველი ერის ინტერესებიდან და არა ეგოიზმიდან - "აკეთე და იცხოვრე ისე, როგორც შენი ერის წარსულმა, აწმყომ და მომავალმა მოგთხოვოს და არა ისე, როგორც შენმა პატივმოყვარეობამ".

...ბატონ ჭაბუას უნივერსიტეტის ისტორიის (დაარსებიდან დღემდე) წიგნი ვაჩუქეთ.  გვითხრა, - უნივერსიტეტის მხოლოდ სამი კურსი მაქვს დამთავრებული, დანარჩენი განათლება რუსი და ქართველი ბოლშევიკების 16-წლიან პატიმრობასა და შემდგომ მათი წყობილების პირობებში მივიღეო...

ასეთი იყო ერთი დღე ადამიანთან, რომელიც ფიქრობს: "იმისათვის, რომ მყარად იდგე, ბევრი უნდა ირბინო"...