"სტუმარ-მასპინძელი" აფხაზეთში ჩავიდა - კვირის პალიტრა

"სტუმარ-მასპინძელი" აფხაზეთში ჩავიდა

"გული იმაზე მწყდება, რომ ქართულად დამლაპარაკებელი აღარ მყავს"

"აფხაზეთიდან ის აფხაზი გწერთ, რომელიც აფხაზეთში "კვირის პალიტრას" კითხულობს"

"აფხაზეთიდან ის აფხაზი გწერთ, რომელიც აფხაზეთში "კვირის პალიტრას" კითხულობს. ალბათ გიკვირთ არა, ამას როგორ ვახერხებ, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, იმას კი გეტყვით,  ყველაფრის მიუხედავად, არ დამიკარგავს ქართველების პატივისცემა  - ბავშვობის მოგონებებს, მით უმეტეს თუ ის თბილად მოსაგონარია, ვერაფერი შლის, ოდესღაც ქართულ სკოლაში ვსწავლობდი. ქართული ენა ჩემთვის მშობლიურივით არის, ისე, დროდადრო გული იმაზე მწყდება, რომ ქართულად დამლაპარაკებელი აღარ მყავს.

ახლა კი იმაზე მინდა გითხრათ, რომ  აფხაზურად ნათარგმნი ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძლის" დისკი ჩამივარდა ხელში. ვერ აგიწერთ რა დამემართა, მერე ისე მომინდა საჯაროდ მეთქვა მადლობა, რომ ენგურს გაღმა, ჩემებს შევეხმიანე და წერილიც მათი დახმარებით გამოვგზავნე, - მადლობა იმ ხალხს, ვინც ეს პოემა აფხაზურად თარგმნა და მერე ჩაწერა. ეს ჩემთვის ფასდაუდებელი რამ არის.

ზაურ კიუტი"

აფხაზურად (ასევე ოსურად და აზერბაიჯანულად) ნათარგმნი "სტუმარ-მასპინძლის" აუდიოვერსია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის გამოცემა აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ამ დეპარტამენტის უფროსს, ბატონ ნუგზარ კანდელაკს ვესაუბრეთ.

- საბედნიეროდ, არსებობდა წლების წინანდელი "სტუმარ-მასპინძლის"  მაღალპროფესიონალური აფხაზური (ასევე ოსური, აზერბაიჯანული) თარგმანი და სწორედ ისინი ჩავწერეთ დისკებზე. დისკი კომპაქტურია და მისი მოსმენა  მანქანაშიც შეიძლება.

- რა გარანტია გქონდათ, რომ აფხაზებს ეს თარგმანი  დააინტერესებდათ?

- უკვალოდ არაფერი ქრება. ფესვების ამოძირკვა შეუძლებელია. ჩვენ ეს აუდიოვერსიები ოფიციალურად არ გაგვივრცელებია. ჩვენი აფხაზი ახლობლები შეძრული იყვნენ, - სამწუხაროდ, ასეთ აფხაზურ ენაზე ახლა ბევრი აღარ ლაპარაკობსო. შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ ქართულ-აფხაზურ-ოსური არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს ხვდებიან, რათა ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობა აღდგეს. აფხაზებმა სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მოითხოვეს დისკების გამრავლება, რამაც ძალიან გაგვახარა.