"იქნებ ამათ დაგვაყენონ ფეხზე!" - კვირის პალიტრა

"იქნებ ამათ დაგვაყენონ ფეხზე!"

"არ ვიცი ამ წერილს ყურადღებას მიაქცევთ თუ არა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, მომეწერა. ჩემი და 16 წელიწადია, ნიუ-იორკში ცხოვრობს, -  ვემუდარები დაბრუნდი-მეთქი, თუმცა ამაოდ... ამ ზაფხულს, როგორც იქნა, ვესტუმრე. ხომ წარმოგიდგენიათ, მისი ნახვა როგორ გამიხარდებოდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მიჭირდა იქ ყოფნა. ერთ დღესაც ვეღარ მოვითმინე და ვუსაყვედურე, - აქ სული როგორ არ გეხუთება-მეთქი. პასუხი არ გამცა, მხოლოდ ის მითხრა, ჩაიცვი, ძალიან საინტერესო ადგილას უნდა წავიდეთო. ერთი სიტყვით, ამ უზარმაზარ, ქაოსურ ქალაქში პატარა საქართველო აღმოვაჩინე - ემიგრანტ ქართველთა ბავშვების ნამდვილი ქართული ცეკვის ანსამბლი! რაც იქ განვიცადე, ენით არ გამოითქმის. ცრემლმორეული შევყურებდი ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ჩვენს ულამაზეს გოგო-ბიჭებს.

იმაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, ამ შორეულ ქვეყანაში ეს ბავშვები რა საოცარ წარმოდგენებს მართავენ. ოღონდ იმას ვიტყვი, რომ ანსამბლს "ფესვები" ჰქვია. მერწმუნეთ, - შეიძლება ამერიკიდან ბევრი ქართველი აღარ დაბრუნდეს, მაგრამ ვინც დაბრუნდება, ამ ბავშვების დამსახურებაც იქნება... ამიტომ მინდა მათზეც დაწეროთ".

ნანიკო კორაშვილი

წერილის წაკითხვის შემდეგ  ნანიკომ "ფესვების" სამხატვრო ხელმძღვანელთან,  შორენა ბარბაქაძესთან დაგვაკავშირა:

- იმ საშინელ 90-იან წლებში ქართველები ალალბედზე ჩავდიოდით ამერიკაშიც - არც ნაცნობი გვყავდა, არც გულშემატკივარი, არც ღამის გასათევი გველოდა... ჩვენი ერთადერთი სინათლე ამერიკულ ეკლესიას შეფარებული ქართველი მოძღვარი და ქართული წირვა-ლოცვა იყო. იქ კი ისეთი ქართველი ბავშვები ვნახეთ, რომლებმაც  ქართული არ იცოდნენ. ამ ამბავმა ეტყობა, ისე იმოქმედა, რომ ქართული ანსამბლის შექმნა ავიკვიატეთ. მოცეკვავეები ვართ და, მართალია, მაშინ ვერ გავაცნობიერეთ ამ ოცნების ასასრულებლად რა ტვირთს უნდა შევჭიდებოდით, მაგრამ გამოხდა ხანი და დიდი შრომის შედეგად მაინც მივაღწიეთ საწადელს - ამერიკაში ქართველ ბავშვებს ეროვნული ცნობიერება დავუბრუნეთ. ახლა ანსამბლში ქალაქის ყველა რაიონიდან დადიან - ზოგი 4-საათიან გზას გადის, რომ გაკვეთილზე მოვიდეს.

- საოცარია, ცეკვისთვის ამხელა გზაზე იარო....

- ბავშვები ისე გულით სთხოვენ მშობლებს, ცეკვაზე გვატარეო, რომ უარს ვეღარ ეუბნებიან, თორემ ემიგრანტის ცხოვრება არ არის ისე იოლი, რომ ამდენი დრო შვილის ცეკვაზე ტარებას დაუთმო. ის კი არა, ანსამბლში სომეხი ბავშვებიც გვყავს. ალბათ ამ ანსამბლში ყოფნის "ბრალიც" არის, რომ ამერიკელები გვეუბნებიან, - თქვენი ბავშვები სხვანაირები არიანო... სამი შვილი მყავს. ერთხელ ჩემი 14 წლის ვაჟი გასაკავებელი გაუხდათ მასწავლებლებს. სკოლაში დამიბარეს. მივედი. ჩემმა შვილმა, - ჩემთან რომ გოგო იჯდა, იმას ერთმა დედა შეაგინა და ვცემეო. დირექტორს ვუთხარი, - ჩემს სამშობლოში დედის პატივისცემა ყველაზე მაღლა დგას-მეთქი  და კაცი ფეხზე წამომიდგა...

ანსამბლიდან შემოსავალი იმდენად მწირია, დარბაზის ქირას ძლივს სწვდება. მშობლები მეკითხებიან, - თქვენ რაღა გრჩებათო! მაგრამ მარტო ფული ხომ არ არის, რასაც  ვაკეთებთ, შეუფასებელია - ჩვენს სისხლსა და ხორცს ქართულ სულს ვუნარჩუნებთ. როცა  მათი თაობა სხვა ხედვით მოვა, ეს ბავშვებიც თავის ქვეყანას გააძლიერებენ. ბოლოს და ბოლოს, იქნებ ამათ დაგვაყენონ ფეხზე!