კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს - კვირის პალიტრა

კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს

- ვარ აბიტურიენტი. იქნებ მითხრათ, რა ცვლილებებს შეიძლება მოველოდეთ 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

კითხვას უპასუხებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი:

- წელს მისაღებ გამოცდებზე იქნება რიგი სიახლეები. მაგალითად, უცხოური ენის გამოცდას დაემატება უცხო ენის მოსმენის ტესტი და დავალება.

უცხო ენების გამოცდა სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის. მეათე წელია ვატარებთ ეროვნულ გამოცდებს და ამ წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ორ კომპეტენციას ვამოწმებდით, - წერასა და კითხვას. ხოლო მოსმენა და ლაპარაკი იგნორირებული იყო. წელს ეს ასე აღარ იქნება, - ოთხივე კომპენტენციას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ამ სიახლის აპრობაციისთვის შეგნებულად რეგიონებისა და სოფლების სკოლები ავირჩიეთ და შედეგებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ 2014 წლის საგამოცდო პროგრამისთვის დაგვემატებინა ეს ნაწილი. თუმცა ეს ნაწილი იქნება ძალიან მცირე დოზით. ანუ 100 ქულიდან მხოლოდ და მხოლოდ 8 ქულა ეთმობა მოსმენის ნაწილს. ასევე შემუშავდა ზღვარის გადალახვის ახალი პროექტი, - კომპეტენციის ზღვარი არის აწეული. ანუ რაც ჩვენ გვაქვს დადგენილი, ის არის მინიმალური ზღვარი, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება გაცილებით უფრო მაღალი ზღვარი მოითხოვოს.

მაგალითად, აბიტურიენტს სურს ჯავახიშვილში სწავლის გაგრძელება, სადაც ზღვარი კონკრეტულ მიმართულებებზე 45%-საც კი აღწევს. შესაბამისად, აბიტურიენტმა პირველ ნომრად უნდა მიუთითოს ჯავახიშვილი, მაგრამ შედეგების შემდეგ შეEსაძლოა აღმოჩნდეს, რომ კი გადალახა ერთიანი ეროვნული გამოცდების ზღვარი, მაგრამ ვერ გადალახა ჯავახიშვილის მიერ დაწესებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მითითებულ მიმართულებაზე ვერ მოხვდება.