რატომ დავკარგეთ სპორტული თაობა
24-03-2014
რატომ დავკარგეთ სპორტული თაობა
იმდენჯერ უტკენია გული ჩვენი სპორტსმენების მარცხს, რომ ამ ტკივილს შევეჩვიეთ კიდეც. მაგრამ იყო წლები, მტრის ჯავრს ჩვენი სპორტსმენები გვყრიდნენ. კი მაგრამ ახლა რა ასეთი უშველებელი გვჭირსო, - ხშირად გაიგონებთ ქართველი გულშემატკივრებისაგან. გამოსავალი ალბათ არის ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ.

ჩვენი მამა-პაპანი ბავშვების წვრთნას 5 წლიდან იწყებდნენ, - ფიზიკურად გაძლიერება გამარჯვების ერთადერთი შანსი იყო. ახლა კი გამარჯვებამდე ვინ მივა, ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჩვენი ბავშვები უმოძრაობით ლამის დაავადმყოფდნენ, - საქართველოში ბავშვების სავარჯიშო სპორტული
კომპლექსები, მანეჟები, საცურაო აუზები დანგრეულ-დალეწილია...

თუ გვინდა რაიმე გვეშველოს, სპორტის სამინისტრომ უპირველესად უნდა ააშენოს ახალი ტიპის სპორტული ბაზები, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ივარჯიშებენ, არამედ იქვე ექნებათ სკოლა, რომელშიც სწავლების სრულ კურსს გაივლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობა ფიზიკურადაც განვითარდება და გონებრივადაც - სპორტული მონაცემების
მქონე ახალგაზრდებს განსაკუთრებულად შეეწყობათ ხელი როგორც სწავლაში, ისე წვრთნაში. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბავშვები არა მხოლოდ სპორტის ერთ სახეობაში გამოცდიან შესაძლებლობებს, არამედ რამდენიმეში. მთავარია, სპორტულ შენობებთან იყოს სპორტული მოედანი სარბენი ბილიკით, სპორტული ინვენტარით აღჭურვილი დარბაზი; მწვრთნელებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რამდენიმე დღით ღამის გასათევად დარჩნენ ბაზაში. კვება აუცილებლად უნდა იყოს კალორიული.
გავიხსენოთ, რა დატვირთვა ჰქონდა წლების წინათ ასეთ ბაზას დაბა ლესელიძეში, სადაც სხვადასხვა სახეობის სპორტსმენები იკრიბებოდნენ.

ასე რომ, დიდი თხოვნით მივმართავ სპორტის მინისტრს, გამონახოს სახსრები ამ იდეის განსახორციელებლად, - დარწმუნებული ვარ, ეს არა მხოლოდ ჩემი, მთელი ჩემი ქვეყნის სათხოვარია!

ზურაბ მამუკელაშვილი
otari
25 მარტი 2014 13:01
სპორტული თაობა იმიტომ დაიკარგა და იმიტომ არ გვაქვს გამარჯვებები რომ ის თაობა რომელიც ახლა ნაკრებში თამაშობს თავის დროზე საერთოდ სპორტში მოხვდნენ ან ფულით და/ან ნაცნობობით. გაიხსენეთ რა ხდებოდა საქართველოში 80-ან და 90-ან წლებში. მაშიმ სადმე რომ მოხვედრილიყავი ან ფული უნდა გადაგეხადა ვინმესთვის ან რომელიღაც კრიმინალის ან გავლენიანი ადამიანის ახლობელი უნდა ყოფილიყავი. ასე იყო ეს. არავინ არ უყურებდა ნიჭიერებას. მაგ დროს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა და პირიქით, ისეთებმა დაიწყეს თამაში რომლებსაც ნიჭიერების არაფერი ჰქონდათ. სწორედ ეს თაობაა დღეს ნაკრების ძირითადი ბირთვი. ამის შედეგს ვიმკით დღეს!! ასე რომ ნუ გვიკვირს ამ დღეში რომ ვართ!! ინფრასტრუქტურა რათქმაუნდა კარგია, მაგრამ მთავარი მაინც ნიჭიერების დაფასებაა!! ნათქვამია ,,ჩემპიონობი არ ხდებიან, ჩემპიონები იბადებიან"-ო. მართალია ეს!!

რედაქტორის რჩევით