სიკვდილთან თამაში სამშობლოს სახელით - კვირის პალიტრა

სიკვდილთან თამაში სამშობლოს სახელით

სიკვდილი, რომელიც ყველას ზარავს, 9 აპრილს ლხინადაც კი მიგვაჩნდა

"გამოგიტყდებით, ამ წერილის წერისას ერთი კი გავიფიქრე, - იქნებ არ ღირდეს გაგზავნა, რადგან ეს თემა აღარავის ახსოვს-მეთქი, მაგრამ მერე ჩემი შვილები გამახსენდა, რომლებმაც 9 აპრილი მხოლოდ მონაყოლით ან სასკოლო სახელმძღვანელოში წაკითხული ორიოდე აბზაცით იციან და ვთქვი, - სწორედ მათ უნდა იცოდნენ, რომ 9 აპრილი მხოლოდ ის დღე კი არ იყო, როცა ერთი კონკრეტული მტერი დაგვიპირისპირდა, არამედ ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი, როცა ქართველები სამშობლოსთვის ისე გავერთიანდით, მზად ვიყავით, დავხოცილიყავით, როცა სიკვდილი, რომელიც ყველას ზარავს, ლხინადაც კი მიგვაჩნდა. მინდა ახალგაზრდებმა იცოდნენ, ასეთი დღეები რომ არსებობდა, იმიტომაც არსებობს საქართველო, თორემ ისეთი მტერი, რომელიც ამ თაობის თვალწინაც მიწას ხან იარაღით, ხან მავთულხლართებით გვტაცებს, ყოველთვის გვყავდა და გვეყოლება. ამიტომაც მინდა, მომავალშიც იცოდნენ, როგორ ხდება სიკვდილთან თამაში სამშობლოს სახელით.

ახლა კი იმ დღის სრულიად უცნობი ფურცელი მინდა გადაგიშალოთ, უცნობი გმირის ამბავს მოგიყვეთ. ეს თეატრალური ინსტიტუტის პროფესორის, შალვა გოგიძის "ფურცელია". 9 აპრილის ღამეს მომიტინგეებმა ძლივს შევასწარით თეატრალური ინსტიტუტის სარდაფში გავეშებულ რუს ჯარისკაცებს, ისინი  მოგვდევდნენ - როცა სიბნელეში კარი გაგვიღეს და ნაცნობი კედლების სუნი შევიგრძენი, მივხვდი, რომ ვიცოცხლებდი. ამასობაში დადევნებულ რუს ჯარისკაცებს კარი ვიღაცამ მიუხურა. მათ სარდაფის სარკმლები ჩაამტვრიეს და რაღაც შემოყარეს - მივხვდით, სასიკეთო არ იყო.

კიდევ კარგი, მალე მოგვშორდნენ და ჩვენც იქაურობა დავტოვეთ...

9 აპრილის საშინელი დილაც გათენდა. ძალიან ცუდად ვიყავი - თავი მიბრუოდა, მუხლი მეკვეთებოდა, მაგრამ შინ რა გამაჩერებდა - ისევ ინსტიტუტში წავედი.  მთელი თეატრალური ინსტიტუტი იქ იყო. მოვიდა ჩვენი საყვარელი პედაგოგი შალვა გოგიძეც - ხუთი დღეა სიცხე მაქვს, მაგრამ შინ ვერ გავჩერდი, როგორ ხართო. ყველაფერს მოვუყევით. ვუთხარით, ვფიქრობთ, რუსებმა ინსტიტუტის სარდაფში გაზი გაუშვესო. უხმოდ მოგვისმინა, მერე კი თქვა, - წავალ იქაურობას დავათვალიერებო. კარგა ხანს ველოდეთ.

უკან რომ დაბრუნდა, ფერი არ ედო - სარდაფში ძალიან ცუდად გავხდიო. იმ დღის შემდეგ ფეხზე ვეღარ დადგა, ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტებთან ერთად იწვა საავადმყოფოში - სარდაფში მომწამლავი გაზის იმდენად მაღალი კონცენტრაცია ყოფილა, გრიპით დასუსტებული საერთოდ გაანადგურა - რამდენიმე დღეში  გარდაიცვალა.

მერე, ყოველ 9 აპრილს, პარლამენტის შენობასთან ყვავილებს ვაწყობდი მათთვის, ვინც იმ საშინელ დღეს შეეწირა, მათ შორის ხომ ჩვენი პედაგოგიც იყო. 25 წელი გავიდა და ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, =როცა რუსთაველს ჩავუვლი და ინსიტუტისკენ გავიხედავ, გულში გამკრავს, - ხომ იცოდა, რომ მოიწამლებოდა, რატომ ჩავიდა სარდაფში-მეთქი და პასუხიც მზად მაქვს, - იმიტომ, რომ მაშინ ბევრს შურდა სამშობლოსთვის დახოცილების

ბედი, იმიტომ, რომ მასაც სამშობლოსთვის სიკვდილი არად მიაჩნდა...

დაბოლოს: ბატონი შალვას ვაჟი  ექიმია, იქნებ დაუკავშირდეთ და მამაზე მოაყოლოთ, მას მამაცი მამა ჰყავდა...

მანანა ლომინაძე"

როგორ შეიძლებოდა, ეს წერილი გულგრილად გადაგვედო და მამაცი პროფესორის შვილი მოვძებნეთ. თეიმურაზ გოგიძეს ყელში ბურთი გაეჩხირა:

- მართლა ძალიან კარგი მამა მყავდა. კაცი საწოლზე ვერ გავაჩერეთ, - ვერ გადავიტან, სადაც 9 აპრილის ღამეს ჩემი ხალხი და ჩემი სტუდენტები იყვნენ, იქ რომ არ ვიყავიო და ინსტიტუტში წავიდა. სარდაფში მომწამლავი გაზის კაფსულების მოსაძებნად ჩავიდა... ხომ უკვე ვიცოდით, რომ ხალხი ამ გაზით დაიხოცა, მაგრამ მამაჩემს იმ წუთში სიკვდილის არ ეშინოდა. საერთოდაც, გაბედული კაცი იყო... საშინლად განიცდიდა, რომ ავად გახდა და 9 აპრილს ხალხთან რუსთაველზე არ იყო...

როცა მოწამვლა დაუდგინდა, იძახდა, - ხალხნო, ვინ არიან ეს კაციჭამიებიო... საავადმყოფოში მის სანახავად მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერები დადიოდნენ, მათ ეუბნებოდა, - ალბათ ასე უნდა მომხდარიყოო...

9 აპრილი სასწაული იყო - ღმერთმა ქნას, დადგეს დრო, როცა ჩვენ ისევ ისე გვეყვარება ერთმანეთი და სამშობლო, როგორც იმ დღეს გვიყვარდა, ოღონდ მშვიდობიანობის დროს. ამ სიყვარულის გარეშე ვერ გადავრჩებით.