ზარიძეების გატანჯულ ოჯახს პატარა ანგელოზი შეემატა - კვირის პალიტრა

ზარიძეების გატანჯულ ოჯახს პატარა ანგელოზი შეემატა

"ექიმებთან რომ მივდიოდი, ჩემ თვალწინ იწერდნენ პირჯვარს, - ამ ფეხმძიმობის გაგრძელება შეუძლებელი ჩანს

და მაინც გრძელდება, რა ხდება, ვერ აგვიხსნიაო..."

გულში იმდენი სიხარული მაქვს, უთუოდ უნდა გაგიზიაროთ. ვისზეც გწერთ, მათ გვერდით "კვირის პალიტრაც" რომ არ ედგეს, ალბათ, ენით აუწერელ ტკივილს ვერ მოერეოდნენ. ეს ზარიძეების ოჯახია მცხეთის რაიონის სოფელ არმაზიდან. მე მათი მეზობელი ვარ. ამ ოჯახის შვილებს, 8 წლის მარიამსა და 7 წლის გიგას თანდაყოლილი უმძიმესი დაავადება აქვთ. წლები გადის, მდგომარეობა მძიმდება - კუნთების განლევით ბავშვების ორგანიზმში ყველაფერი დეფორმირდება და სულ უფრო ეჯაჭვებიან ინვლიდის სავარძლებს. შვილების ტანჯვის მიუხედავად, ბელას  საყვედური არასოდეს დასცდება... პირიქით, ოღონდ მისმა შვილებმა იცოცხლონ, სასწაულს სჩადის. როცა გოგონა უკვდებოდა, წმინდა გიორგის ტაძრამდე მთელი ღამე დაჩოქილმა იარა - ოღონდ შვილი გადამირჩინეო... დაჩეჩქვილი მუხლები მთელი თვე არ შეხორცებია... ვევედრებოდი უფალს, ოდნავი შვება მიეცი-მეთქი. მოხდა სასწაული - მესამე შვილი, გოგონა გაუჩნდა! გატანჯულ ოჯახს ახლა 2 თვის ნინი ჰყავს. ძვირფასო რედაქცია, იქნებ ჩახვიდეთ და ზარიძეების ოჯახი ინახულოთ.

მცხეთა, არმაზი

მარინა ლოლაძე

ვისაც ზარიძეების ამბავი წაუკითხავს, გამიგებს, რა გრძნობა გამიჩნდებოდა ამ ამბის შეტყობით... შარშანდელ სააღდგომო ნომერში ამ ოჯახის შესახებ გამოქვეყნებული წერილი მოვძებნე და ჟრუანტელმა დამიარა: გატანჯული დედა მთხოვდა, - დაწერეთ, რომ მესამე ბავშვი მინდა ვიშვილო, ეს ისე მინდა, როგორც ჩემი შვილების სიცოცხლეო...

ახლა ამ ოჯახს პატარა ანგელოზი შემატებია. მეც არმაზში სიხარულით წავედი და ზარიძეების თაგვის სოროსავით ბინის კარი შევაღე. იქ ვარდისფერი და ულამაზესი ნინი ტკბილად იღიმებოდა. დედას ხან ერთი შვილი დაუძახებდა, - ნინი მომიყვანეო, ხან მეორე, ისიც ხან ერთს უსვამდა კალთაში და ხან - მეორეს.

რაც ნინი დაიბადა, ჩვენი ცხოვრება გახალისდაო, - მითხრა მარიამმა...  ექიმებთან რომ მივდიოდი, ჩემ თვალწინ იწერდნენ პირჯვარს, - ამ ფეხმძიმობის გაგრძელება შეუძლებელი ჩანს და მაინც გრძელდება, რა ხდება, ვერ აგვიხსნიაო...

- ხომ შეიძლება ნინისაც გამოაჩნდეს გენეტიკური დაავადება?

- ესეც უფლის ნებაა. მეუღლეც მეუბნებოდა, ბავშვი მოიშორეო. შვილი როგორ მომეკლა მუცელში?! არც გენეტიკური ანალიზი გავაკეთე - 6 თვის ფეხმძიმეს ზუსტად მეტყოდნენ, აღმოაჩნდებოდა თუ არა და-ძმის დაავადება, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, 6 თვის ჩვილი როგორ მომეკლა?!

- ბავშვს დაავადების რაიმე ნიშანს ხომ არ ატყობ?

- არა. ძალიან აქტიურია. საწოლზე რომ დავაწვენ, შეიძლება ისე იხოხოს, რომ გადმოვარდეს.

ახლა როცა ჩემი მეუღლე  ეფერება, ვეუბნები, - აკი უნდა მომეკლა-მეთქი? აღარ თქვა, ეს ჩვენი იმედიაო!  დილაობით ნინის დანახვაზე მარიამისა და გიგას ბედნიერ ღიმილს რომ ვხედავ, ყველა ტანჯვა მავიწყდება...

- ადრე მითხარით, რომ მარიამს სასუნთქი სისტემა უკვე იმდენად დეფორმირებული აქვს, ნებისმიერი გაციებისას შეიძლება ნახველმა დაახრჩოსო... ოპერაციის გაკეთება გინდოდათ.

- ასეთი ოპერაცია ჩვენთან არ კეთდება. თქვენი წერილების შემდეგ ხალხი 6. 000 ლარით შემეწია. იქნებ მორიგი სასწაულიც მოხდეს და ოპერაციისთვის საჭირო 44 000 დოლარი შეგროვდეს.

ღვთის მოწყალებითა და ქალის სიმამაცით გაოგნებული არმაზიდან წამოვედი. მას შემდეგ თვალწინ ვარდისფერი ნინი მიდგას... ზარიძეებს კი ჩვენი გაღებული სიკეთე კვლავ სჭირდებათ, - დაე, უფალმა განსაცდელიდან აღდგომის მადლი არავის მოგვაკლოს...

ზარიძეების საბანკო რეკვიზიტებია:

საქართველოს ბანკი ანგარიშის ნომერი GE71BG0000000303245200

მიმღები: ბელა უბილავა