"ამ ფოტოს მამა მთელი სიცოცხლე ეძებდა" - კვირის პალიტრა

"ამ ფოტოს მამა მთელი სიცოცხლე ეძებდა"

მიყვარს ძველი ფოტოების შეგროვება. საუკუნის წინანდელ სურათებზე დავცქერი ადამიანებს და  ვფიქრობ, რომ სამუდამოდ არავინ ქრება და არც ჩვენ გავქრებით... ამ ფოტოს შემთხვევით წავაწყდი,  - ერთი ოჯახის ალბომი გადავშალე და იქიდან საუკუნის წინანდელი გოგონებისა და ბიჭების სილამაზე ამოიფრქვა. შუბლი ოფლით დამეცვარა - ეს ის ფოტოა, რომელზეც მამაჩემი, არჩილ უთმელიძე 1929 წელს არის გადაღებული. ამ ფოტოს ის მთელი სიცოცხლე ეძებდა. აქ მასთან ერთად მთაწმინდელი მოცეკვავეები არიან და მათ შორის საოცარი ალექსანდრე ალექსიძეც, - ქართული ცეკვის პიონერი. 1874 წელს დაბადებული უღარიბესი ოჯახის შვილი, ხან თერძს მიაბარეს ხელობის შესასწავლად, ხანაც - მეჩექმეს, ის კი ეზოში ლეკის ბიჭისგან ცეკვას ჩუმად სწავლობდა. მერე ქართული ცეკვაც ისწავლა. მაშინ გარუსებულ არისტოკრატიაში ქართული საუხერხულო ცეკვადაც კი ითვლებოდა, მაგრამ მერე რა, ალექსანდრეს შემყურე მთაწმინდელი გოგონები ჩუმად იბარებდნენ მეზურნეებს და სწავლობდნენ ქართულ ცეკვებს...

ალექსანდრეს ცეკვით მოხიბლულმა ფრანგებმა ის 1895 წელს პარიზში წაიყვანეს. 6 დღის განმავლობაში, მისი ცეკვით აღტაცებული მაყურებელი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეთა შორის, როგორც საუკეთესო, ოქროს მედლით დასაჩუქრდა...  დასასრულს კი უბრალოდ ვიტყვი: როგორც საუკუნოვან ფოტოებზე რჩება ადამიანის ხატი, ასეთი ხალხის სახელიც უნდა დარჩეს შთამომავლობას... ხოლო ის მშვენიერება, რაც ამ საუკუნის წინანდელი ფოტოდან შემოგვცქერის, დაე, ისევე საუკუნოდ გაჰყოლოდეს ჩვენს გენს, როგორც აქამდე მოჰყვება...

მალხაზ უთმელიძე