"უცნაური ხალხი ხართ ქართველები, პატარა სიკეთეზეც ტირით..." - კვირის პალიტრა

"უცნაური ხალხი ხართ ქართველები, პატარა სიკეთეზეც ტირით..."

ძვირფასო რედაქცია! ამ წერილს ესპანეთიდან გწერთ. სამშობლოდან მოწყვეტილი ქართველები ბევრჯერ ჩავვარდნილვართ განსაცდელში, მძიმეა უცხო მიწაზე ყოფნა. სულიერად და ზნეობრივად განადგურებული ვიყავი, როდესაც ბერმონაზონ მამა ნიკოლოზთან (პადრე ნიკოლასთან) მივედი, ესპანურად კარგად ვერ ვლაპარაკობდი.  დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღო, მომნათლა და იოანა დამარქვა. ქალაქ ალიკანტეს ანდრია პირველწოდებულისა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სადაც მამა ნიკოლოზი მსახურობს, სერბეთის ეპარქიას ექვემდებარება და ძირითადი მრევლი რუმინელია... ნელ-ნელა სხვა ქართველებიც შემოგვემატნენ და ძლიერ დიასპორად ვიქეცით.

ეკლესიის ქართველი ბერი, მამა სერაპიონი, მიუხედავად შორი მანძილისა (800 კმ), წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს და წირვას მამა ნიკოლოზთან ერთად ატარებს. მამა სერაპიონმა ეკლესიას წმ. გიორგის მოვერცხლილი ხატი შესწირა. მას თითქმის ყველა ქართველთან აქვს ურთიერთობა. ტელეფონით ყველას მოგვიკითხავს ხოლმე.

"მამაო ჩვენო" პირველად ქართულად ესპანელმა მგალობელმა ნექტარიომ რომ თქვა, ყურებს არ ვუჯერებდი და ბავშვივით ვტიროდი. დიდი დღესასწაულების გარდა, "მამაო ჩვენოს" ყველა იმ ენაზე ვამბობთ, რამდენი ერის წარმომადგენელიც შედის მრევლში.

მამა ნიკოლოზი მცირე კვერექსს  ქართულად ასრულებს (ქართული არ იცის, ლათინური ასოებით აქვს დაწერილი), ამისდა მიხედვით ქართულად გალობა ყველა დღესასწაულზე თავისი შესატყვისი კონდაკ-ტროპარებით სრულდება. "მამაო ჩვენოს" ქართველები ყველაზე ბოლოს ვამბობთ და ასამაღლებელს მამა ნიკოლოზი ქართულად კითხულობს.

მამა ნიკოლოზი  ხშირად გვიმეორებს, რომ ბევრი ვილოცოთჩვენი პატრიარქის სიცოცხლისთვის, რადგან მისი უდიდესი ძალისხმევით და ღვაწლით არის ყველაზე მეტად შენარჩუნებული მართლმადიდებლური ტრადიციები საქართველოში.

ეკლესიაში ოთხი ქართველი სტიქაროსანია - რომა, გიორგი, ლაშა, ირაკლი, რომლებიც სწავლობენ, შრომობენ, ერთმანეთს ენაცვლებიან. უთუოდ უნდა ვახსენო ესპანელები: მიგელი და ნექტარიო. მიგელი სტიქაროსანია, ნექტარიო გალობს და ინტერნეტში ეძებს ქართულ საგალობლებს. ასევე იქცევიან რუსი კატია და რუმინელი მარიანა. აქვე მოღვაწეობენ უკრაინელები: პროტოდიაკონი იგორი და მესანთლე პანტელეიმონი.

მამა ნიკოლოზმა საახალწლოდ ქართველებს სიურპრიზი გაუკეთა: საქართველოდან ჩიჩილაკი ჩამოატანინა. თავადაც ბავშვივით იყო გახარებული. საქართველოში წამოსულებს ქართველი წმინდანების ხატებს აბარებს, კარგად იცის საქართველოს ისტორია. თუ უფლის ნება იქნა, აგვისტოში აპირებს საქართველოს მონახულებას და ვინც მოახერხებს, ქართველი მრევლიც წამოჰყვება. სულ მეუბნება - ქართველები უცნაური ხალხი ხართ, პატარა სიკეთეზეც კი ტირითო...

მაყვალა კობიძე