საზეიმო დღეების "იაღლიში", ანუ ფრთხილად იყავით! - კვირის პალიტრა

საზეიმო დღეების "იაღლიში", ანუ ფრთხილად იყავით!

შობა-ახალი წლის ალიაქოთმა - სუფრაზე რამე არ დაგვაკლდესო, შეიძლება კაცი ისე გააბრუოს, "იაღლიშიც" მოუვიდეს. რა? ამაზე შუახევის გამომძიებელი გვწერს.

ბათუმელი კაცი ვარ, პროფესიით იურისტი. 70-იან წლებში შუახევის რაიონის გამომძიებლად ვმუშაობდი. ერთხელ, დედაჩემი შემეხვეწა - ახალი წელი მოდის, შუახევში ნიგოზი იაფი იქნება, ცოტა ბლომად იყიდე და ჩამოიტანეო. კარგი-მეთქი და სამსახურში წავედი. პროკურატურა, კომპარტიის რაიკომი, აღმასკომი, სოფლის მეურნეობის სამმართველო, განათლების განყოფილება შუახევის ცენტრში, ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე იყო განლაგებული. სამუშაო დღეებში, მით უფრო თათბირებზე, სხდომებსა თუ კრებებზე უამრავი ხალხი ტრიალებდა.

ერთი სიტყვით, კაბინეტში შევედი და ერთი საქმის მოწმე გამოვიძახე დასაკითხად. დაკითხვას მალე მოვრჩი - თითქმის არაფერი იცოდა, მერე ჩვეულებრივ საუბარზე გადავედით და მაშინ ვუთხარი, - თქვენს სოფელში ბევრი კაკალია, იქნებ ერთი 20 კილო კარგი ნიგოზი მიშოვო და ფასიც გამიგო-მეთქი. ეს იყო და ეს. ის წავიდა, მე სხვა საქმის შესწავლას შევუდექი. გავიდა რამდენიმე საათი. კარზე ვიღაც მიკაკუნებს. შემოდი-მეთქი და თავი ქაღალდებში ჩავრგე, თუმცა მაშინვე ამაწევინა რაღაც უცნაურმა ჩხაკუნმა. გავიხედოთ და, ზღურბლზე ჩემი მოწმე არ დგას! ზურგზე უზარმაზარი ტომარა მოუკიდებია და კარში ვერ ეტევა. ტომარას "ყური" უჩანს - აშკარად კაკალია. ცივმა ოფლმა დამასხა: დავიღუპე-მეთქი, მივაძახე საკუთარ თავს გულში, წამოვვარდი და ვიყვირე, - ვინ ხარ, აქ ტომრით რომ მოდიხარ-მეთქი!

სტუმარი შეცბა - ალბათ ვეღარ მიცნო ან რაიმე ფარსაგია მის თავსო და კაკლის ჩხაკაჩხუკით ომახიანად შემომძახა, - ის ვარ, შენს კაბინეტში რომ ვიყავი, რისთვისაც გამგზავნე, მოგიტანეო. მოკლედ, იმან ხმას მოუმატა, ჩემმა გულმა - ბაგაბუგს. ვინმეს რომ დავენახეთ, ციხეს ვერ ავცდებოდი. სხვა რა გზა მქონდა, წამოვხტი და კარისკენ "მტკიცედ" მივუთითე, - ვინც ჩემთან მოგგზავნა, ეგ ქრთამი იმას წაუღე-მეთქი და თან დარცხვენილმა სასწრაფოდ ავარიდე თვალი, -  კაცს სახე შეეშალა - ალბათ დაასკვნა, რომ ჩემს თავს ავი ხდებოდა და დღემდე ვერ მივხვდი, კაბინეტში ასე ჯახირით შემოსული იმავე კარში შევარდენივით როგორ გაფრინდა ტომრიანად.

მოკლედ, დაჭერას კი გადავრჩი, მაგრამ უარესი "ავიკიდე" - რამდენიმე დღე ხალხი ქუჩაში შეშინებული მივლიდა გვერდს, შუახევი პატარა რაიონია და ეს ამბავი როგორ დაიმალებოდა. თანაც ხომ გააჩნია,  ამას ვინ მოჰყვება - ჩემი მოწმე რაიონში ალალმართლობით ცნობილი კაცი იყო და ჩემს "შექანებას" კი არა, რომ ეთქვა, სპილო ნემსის ყუნწში გაძვრაო, იმასაც დაუჯერებდნენ.

შუახევის ყოფილი გამომძიებელი