"თქვენი გაზეთის გარეშე ორშაბათს შინ რა შემიყვანს" - კვირის პალიტრა

"თქვენი გაზეთის გარეშე ორშაბათს შინ რა შემიყვანს"

ალბათ დაგვემოწმები, მკითხველო, რომ თქვენი იმედის გამართლებას ყოველთვის ვცდილობთ. ჩვენი ჯილდო კი თქვენი სიყვარულია. გმადლობთ, რომ გვწერთ და თბილ სიტყვებს არ იშურებთ. ერთ ასეთ წერილს ვაქვეყნებთ.

"ჩემო "კვირის პალიტრავ"! მე ერთი სოლიდური დაწესებულების პრესსამსახურის უფროსი გახლავართ და თქვენმა სიყვარულმა ამხელა სამსახურის თანამშრომლები მატყუარებად მიქცია. დილაობით სააგენტოდან ჩემთან უამრავი ჟურნალ-გაზეთი მოაქვთ. ორშაბათს, დილით იჩენს თავს ტყუილების სენი! ალალად უნდა ვთქვა, თანამშრომლები 12 საათამდე მაცლიან. მერე კი იწყება, რაც იწყება, - ათას მიზეზს იგონებენ, რომ დამელაპარაკონ, ჩემთან თანამშრომლების ვიზიტები იწყება:

ზოგი - უქმეების შემდეგ როგორ ბრძანდებიო, ზოგი ყავას მთავაზობს, ვინ - სასხვათაშორისოდ მიბამს მასლაათს... მოკლედ, რას აღარ იტყუებიან... მაგრამ მე ხომ ვიცი სტუმრობის ნამდვილი მიზეზი, - "კვირის პალიტრა" აინტერესებთ და გულში მეღიმება. თითოეული მათგანი გასვლისას, ვითომ ისე, შემთხვევით აუცილებლად მკითხავს: - "კვირის პალიტრა" ხომ არ წაგიკითხავსო. მეც ვისწავლე მოქცევა - რა თქმა უნდა, თავდაპირველად "კვირის პალიტრას" გულდაგულ წავიკითხავ და მერე, თავი რომ დამანებონ, მისაღებში ვდებ, -  ეს ერთგვარი აზარტია: მერე თავიდან მიდის დავიდარაბა,  გაზეთს პირველი ხელში ვინ ჩაიგდებს, ვის გაუღიმებს ბედი, ვის დარჩება ეს დალოცვილი თქვენი გაზეთი... გაზეთი ერთია და მკითხველი - ღმერთმა კიდევ გიმრავლოთ!

მე კი, სამსახურის მერე აუცილებლად ვყიდულობ თქვენს გაზეთს - "კვირის პალიტრის" გარეშე ორშაბათს შინ რა შემიყვანს!

პატივისცემით, ნ. რაჭველიშვილი