"ახლა მოსაფრთხილებელი მხოლოდ ფიჭვიღა დაგვრჩა" - კვირის პალიტრა

"ახლა მოსაფრთხილებელი მხოლოდ ფიჭვიღა დაგვრჩა"

წინასაახალწლოდ ისევ სავსე იყო ქუჩები გასაყიდად გამოტანილი ნაძვის ხეებით. წელსაც "არ დავაკელით ხელი" მშობლიურ ბუნებას. ამასობაში კი თურმე სად მივსულვართ...

ჩემო ძვირფასო "კვირის პალიტრავ", საგანგებოდ ვიცდიდი, რომ წერილი იმ დროს მომეწერა, თქვენთვის ახალი წლის მილოცვაც გამომსვლოდა, - გილოცავთ! აგერ ოთხმოცს გადავაბიჯე და   სამი ჩემი ხნისა მოგყაროთ უფალმა, თქვენ გაზეთს კი ამაზე ათჯერ მეტიც ეცოცხლოს!

ქვეყნის გულშემატკივრობა რომ ვერაფერმა მოგაშლევინათ, იმიტომ გწერთ. თანაც საახალწლოდ იმიტომ, რომ ეს ამბავი ნაძვის ხეს ეხება. ცოდვას არ დავიდებ და, მთავრობაც ყოველ წელიწადს გვეხვეწება, - ნაძვი არ მოჭრათო... მაგრამ ამას ლაპარაკი კი არა, საქმე უნდა, კანონი უნდა... თუ არადა, წელსაც სავსე იყო ქუჩები წიწვოვანების ტოტებით, - ბევრი გაიყიდა და ბევრიც იქვე დაყარეს. სიტყვა "წიწვოვანები" "ნაძვის" ნაცვლად საგანგებოდ ვახსენე, რადგან ჩვენ ნაძვი თითქმის აღარ დაგვრჩა, - მით უფრო, თბილისში. არადა, ენა ვერ იტყვის, 20-25 წლის წინათ ნაძვი რა წვალებით შემოიტანეს და გაახარეს ჩვენს დედაქალაქში. საქმე ისაა, რომ ნაძვი ნელამზარდი მცენარეა და ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ვერ ხარობს. ნაძვის გახარებაში ჯერ სისხლი ჩავაქციეთ, მერე ჩვენვე გავანადგურეთ. ეს მცენარე ძალიან ფაქიზია, ტოტის გადაჭრასაც კი ვერ იტანს - სიმაღლეში ვეღარ მიდის, ხმება ან მახინჯდება. იმ წლებში მეც დამირგავს ნაძვის ხეები. ცხადია, ჩემი შრომაც წყალში ჩაიყარა. ახლა თბილისში აქა-იქღა შეხვდები ჩრდილოკავკასიურ ვერცხლისფერ ნაძვს. აბა, რას უნდა მოვუფრთხილდეთ, ნაძვი თუ აღარ გვაქვსო, იკითხავთ.

ახლა მოსაფრთხილებელი ფიჭვი დარჩა, ფიჭვითაა სავსე თბილისისა და რაიონების ბაზრები საახალწლოდ, ზოგჯერ კვიპაროსსაც ყიდიან. ასე რომ, რახან ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ პრობლემისთვის მოევლო, ისევ თქვენ უნდა იბრძოლოთ, ჩემო "კვირის პალიტრავ" და ჩვენ, რიგითმა ადამიანებმა. იქნებ ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დადგეს ის ახალი წელიწადი, როცა საახალწლოდ ქუჩებში გადაჭრილი ფიჭვი აღარ ეყრება.

ისე კი, უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველოში ძირათადად ელდარისა და შავი ფიჭვი გვაქვს (იშვიათად - იტალიური და ბიჭვინთისა).

პატივისცემით, დავით ცხადაძე