"შენი ეშხით დამწვარი" ლევანი
19-05-2014
"შენი ეშხით დამწვარი" ლევანი
"ალბათ ახლა სოფელში იქნები და ცხენი გეყოლება საჭენებელი... მაგრამ მომწერე, რადგან უშენოდ თავი არ მიყვარს და არ მინდა..."

ეს მაისიც მალე ჩაივლის - მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 69-ე მაისი. მცირედნი დარჩნენ ომგადახდილები, სამაგიეროდ, დარჩა მოგონებები...


ქალბატონმა მარინა ტყემალაძემ ომში დაღუპული ბიძის წერილები მოიტანა. კითხვისას ცრემლი მოგვადგა - გათოშილი ჯარისკაცის შეყვარებულთან გაგზავნილ წერილებს უცნაური სითბო ჰქონდა... და ფოტოებსაც - შეყვარებულებს თვალები ყველა დროში ერთნაირად უბრწყინავთ.


- ბიძა არ მახსოვს, მაგრამ მამაჩემისა
და მამიდაჩემის, ბებიას ტკივილი მახსოვს მისი მოგონებისას, - ბებია სულ ჭიშკარს უყურებდა, ჩემი შვილი ცოცხალია, შემოაღებს და შემოვაო.  ყველაფერი ხუნდება, გარდა სიყვარულისა... ეს წერილები ბიძაჩემის შეყვარებულის, ქეთო ბარათაშვილის დამ, ნათელამ გადმომცა, - მითხრა ქალბატონმა მარინამ და გაყვითლებულ-გაცრეცილი ფურცლები გამომიწოდა.

"ჩემო ქეთო, შენ რომ გიყურებ, გაუბედავი
ვარ და მირჩევნია, ქაღალდს მივანდო გრძნობები. მერე შენ წაიკითხო და განაჩენი გამომიტანო. შენზე ფიქრში მრავალი ღამე გამითენებია. შენი სიყვარული კიდევ უფრო ღვივდება ჩემს გულში. არ გჯერა? მაშ, როგორ დავამტკიცო ეს, მითხარი და ასე მოვიქცევი. ალბათ მხოლოდ ერთი დამრჩა, - მოვიდე და მუხლი მოგიყარო, შეგეხვეწო და მუხლებზე გაკოცო, როგორც მონამ".

1940 წელი, აპრილი


"როდესაც ფიქრებს შენზე გადმოვიტან ხოლმე, სევდა მერევა და ვღონდები, რომ შენი ნახვა დამაგვიანდა, გაასკეცებით ამდენ ხანს. ასე გაასკეცებით მიწვავს გულს. წერილზე პასუხს ნუ დამიგვიანებ, რადგან ჩემი აქ ყოფნის დიდი დრო აღარ არის. თუ მომცემ იმ პასუხს, რასაც მე ველი, მაშინ ვიგრძნობ სიყვარულის ბედნიერებას. თუ არადა, არ გაძალებ, როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი. არ ვიცი, ბედი რას გვიმზადებს, მაგრამ იცოდე, ჩემი გულიდან არ ამოხვალ მანამდე, სანამ ვიცოცხლებ. თუ გინდ ტყვეობაშიც ვიყო..."

1940 წელი, აპრილი


"ჩემო ქეთო, რაც ჯარში წამომიყვანეს, მას შემდეგ ლვოვში ვარ. და თუმცა მოვშორდი ჩემს ჭიათურას, არასოდეს მავიწყდება ის წუთები, რაც იქ განმიცდია. ის ალბომი, ჩემო ქეთო, რომელიც შენი ხელით მაქვს დაწერილი, მანამ იქნება ჩემთან... სანამ... ადამიანური გრძნობები არ გაქრება ჩემში. ამ ალბომს ვკითხულობ ყოველთვის თავისუფალ დროს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ხან 10 წუთითაც არ მიწევს დასვენება... ლევანის გული უცვლელი დარჩება... გახსოვს, რომ შემომითვალე, რატომ იმ სურათს არ მიგზავნი, რომელიც ჩემი საკუთრება არისო, მაშინ მომივიდა გული, ამოვიღე ის სურათი და გამოვატანე ჩვენს მეგობარ შურიას. გამოვატანე, მაგრამ ჩემი სული იმას თან გამოჰყვა".

1940 წელი, მაისი


"რაც დრო გადის, მით უფრო ვღონდები... არადა, წესია აქ ასეთი, სიმღერა უნდა იმღერო (მხოლოდ რუსული!), იცი თუ არა, მაინც უნდა იმღერო და თუ არ იმღერებ, 2 კილომეტრს გარბენინებენ ზედმეტად. მე არ მინდა ეს სიმღერა და მარტო პირი მღერის. გული კი მკვდარია. ქეთო, წერილი გამომიგზავნე აუცილებლად. შეიძლება შენ აღარ გცალია ჩემთვის, ალბათ ახლა სოფელში იქნები და ცხენი გეყოლება საჭენებელი... მაგრამ მომწერე, რადგან უშენოდ თავი არ მიყვარს და არ მინდა. არც ახლა და არც შემდეგ მეყვარება".

1941 წელი, ივნისი

ამ წერილის დაწერიდან რამდენიმე დღეში ომი დაიწყო. 24 ივნისს 18 წლის ლევან ტყემალაძე საბჭოთა სახელმწიფოს საზღვარზე დაიღუპა... მისი დაღუპვის ამბავმა სიცოცხლე მალე მოუსწრაფა მის შეყვარებულს. სიკვდილმა, რომელიც თითქოს ამ ორის სიყვარულის ფინალი უნდა ყოფილიყო, ეს სიყვარული ლეგენდად აქცია...
მანანა ჩიქოვანი
20 მაისი 2014 20:17
გული მომეწურა...მაგრამ ეს ყოველთვის ასე ხდება, როცა თქვენს ნაწერს ვკითხულობ, ქალბატონო ეთერ...
გმადლობთ!

რედაქტორის რჩევით