სად მიგვიყვანს რუსთავი-თბილისის გაშიშვლებული გზა
16-06-2014
სად მიგვიყვანს რუსთავი-თბილისის გაშიშვლებული გზა
"ხეების მოჭრა ეკოლოგიას შეცვლის, მთები დაიძვრება და ტრასაზე უამრავი უბედური შემთხვევა მოხდება..."

"ამ წერილს და ფოტოებს რუსთავიდან გიგზავნით. ყოველდღე  რუსთავიდან-თბილისში მიწევს მგზავრობა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ორივე ქალაქს შორის გაშიშვლებულ გზაზე ერთადერთი მწვანე მონაკვეთი მხვდებოდა და სიხარულით აღარ ვიყავი, კიდევ კარგი, ეს ადგილი მაინც არსებობს-მეთქი. აქ ჰავაც კი სხვანაირი იყო, - ჩახურებული თბილისის შემდეგ აქაური სიმწვანე გულს სალბუნად ედებოდა. რუსთავ-თბილისის ტრასაზე მდებარე მონაკვეთზე გესაუბრებით, რომლის დანახვამ ამ დღეებში დამზაფრა, - ერთ
დილას აქ ძირში გადაჩეხილი მრავალწლოვანი ფიჭვები დამხვდა. პირველად ვიფიქრე, იქნებ ხეები დაავადდნენ და იმიტომ მოჭრეს-მეთქი; რას წარმოვიდგენდი, რომ მეორე დღეს კიდევ უარესი სურათი დამხვდებოდა, - გადაჩეხილი ხეები უკვე ტრასის მეორე მხარეზეც ეყარა.

ეს საშინელება ახლა ყოველდღე გრძელდება. გულმა არ მომითმინა, მანქანიდან ჩამოვედი და ხეებზე შესეულ
მუშებს ვკითხე, აქ რა ხდება-მეთქი. მხრები აიჩეჩეს, მგონი, გზას აკეთებენო... ძალიან, კარგი, მაგრამ ნუთუ გზის გაკეთებას ტყის განადგურება სჭირდება. თავად ინჟინერი ვარ და კარგად ვიცი, რომ ასე არ არის. იქნებ გაგვაგებინოთ, რა ხდება? გარდა იმისა, რომ ხეების მოჭრა აქ ეკოლოგიას შეცვლის, ირგვლივ მდებარე მთები დაიძვრება და ამ დატვირთულ ტრასაზე უამრავი უბედური შემთხვევა მოხდება..."


რედაქტორის რჩევით