ვარდისფერი შოშიების შემოსევა
07-07-2014
ვარდისფერი შოშიების შემოსევა
"მოფრინდებიან და ჯერაც უმწიფარ ხილს ნთქავენ. არც ქვის სროლა აშინებთ და არც თოფი"

ამას წინათ მარნეულში სტუმრად ჩასულს იქაურმა "კვირის პალიტრისთვის" წერილი გადმომცა. სულ რამდენიმე წინადადება ეწერა: "მარნეულის სოფლებს ჩიტები შემოესია, მართალია კალია გაანადგურეს, მაგრამ ხეზე ხილი აღარ შეგვარჩინეს. ისიც არ ვიცით, როგორ ვებრძოლოთ. იქნებ მეცნიერებმა რაიმე რჩევა მოგვცენ, როგორ მოვიშოროთ ეს ვერანები"...
რამინ შეყლაშვილი

"ღვთის რისხვა" - ასე დაარქვეს მარნეულის სოფლებში უბედურებას, რომელიც დაატყდათ თავს - ზაფხულის დასაწყისში ელვისებურად
მოფრინდა ჩიტების გუნდი, რომელმაც ჯერ ცა დააბნელა, მერე კი მსხმოიარე ხეხილს შეესია და ხალხს პირიდან ლუკმა გამოაცალა... სულ რამდენიმე წამში ნაყოფით დახუნძლული თუთის, ბლის, ალუბლის ხეები გაშიშვლდა, მერე ფრინველები ძირს ნაყარ ნაყოფსაც შეესივნენ, შთანთქეს და გაუჩინარდნენ. ხალხს ეგონა, გადავრჩითო, მაგრამ... მას შემდეგ ჩიტები მარნეულის სოფლებს
მორიგეობით ესხმიან თავს, განსაკუთრებით რბილნაყოფიანი ხილი მოსწონთ. მერე ბარტყებს დაჩეკენ და სამხრეთისაკენ მიფრინავენ. გამწარებულმა მოსახლეობამ ფრინველების ბუდეებს კლდოვან სოფელ კიზლაჯუში მიაგნო...

კიზლაჯუში მოსახლეობის სახეების დანახვაც საკმარისია აღმოჩნდა იმის მისახვედრად, რამდენი ზარალი მოაქვთ ამ ფრინველებს. სოფლის სკოლის ქართული სექტორის მოსწავლეებმა თარჯიმნობა გამიწიეს და მოხუცი აზერბაიჯანელების ნათქვამი მითარგმნეს. ისინი მხრებს იჩეჩენ, ასეთი რამის მომსწრე არ ვართო...
მუჰამედ გახრამანოვი: - მოფრინდებიან ეს საშინელი ჩიტები და ჯერაც უმწიფარ ხილს ნთქავენ. არც ბალი შეგვარჩინეს, არც თუთა, არც ალუბალი და არც მარწყვი. არც ქვის სროლა აშინებთ, არც ყვირილი და არც თოფი. არავინ იცის, საიდან მოფრინავენ, არც სახელი ვიცით მათი. ზოგმა თქვა, პურის ნათესებშიც ვნახეთო, ალბათ იმასაც გაანადგურებენ, - დაასრულა და ბავშვებს სთხოვა, სტუმარს რისხვად მოვლენილი ჩიტების საბუდარი - შავი ლოდების ხეობა აჩვენეთო. ადგილზე მისულთ ჩიტების გუნდმა ქარიშხალივით გადაგვიქროლა, ნაწილი კი ქვის უზარმაზარ ლოდებს კალიასავით შესეოდა.

"ღვთის რისხვად" წოდებული ჩიტების შესახებ, ილიას უნივერსიტეტის მკვლევარს, ორნითოლოგ ზურაბ ჯაფარიძეს შევეხმიანეთ:

- ეს ფრინველები ადრეც გამოჩენილან საქართველოში, მაგრამ იმდენად ცოტა, რომ მოსახლეობა ყურადღებას არ აქცევდა. ე. წ. ვარდისფერი შოშიები, ანუ ტარბი, როგორც წესი, კალიებს მოჰყვებიან. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მთელ სოფლებსა და მხარეებს ანადგურებენ. ამ გასაჭირისაგან ხსნის მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, ეს ხეების ბადით დაფარვაა, რასაც მთელ მსოფლიოში იყენებენ, ჩვენთან კი მოსახლეობას სად აქვს საშუალება, რომ ხეები ასე შეფუთოს?! მხოლოდ იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ 5-7 წელიწადში, პოპულაციის აქტივობის გავლის შემდეგ, შოშიების რიცხვი მცირდება.

ტარბი

ტარბი - ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 23 სმ-ს აღწევს. ვარდისფერია, თავი, ფრთები და ბოლო მოლურჯო-შავი აქვს. გავრცელებულია ველებისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში - უნგრეთიდან დასავლეთ ალთაისა და ავღანეთამდე. ზამთრობს ინდოეთის ნახევარკუნძულზე. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი (აპრილ-სექტემბერში). ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალსა და ქვების ნაშალში. დებს 5-6 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 15 დღე-ღამე.
isaka
12 ივლისი 2014 19:20
მაგარი რჩევა იყო. მოიცადე და თავისით გადაშენდებაო.
თბილისელი
07 ივლისი 2014 16:56
5-7 წელიწადს თუ ელოდნენ, პოპულაცია როდის დაიკლებს, კარგი დახლიც დაუდგებათ მარნეულელებს...

რედაქტორის რჩევით