ხელში გაფუჭებული პროდუქცია რომ არ შეგრჩეთ - კვირის პალიტრა

ხელში გაფუჭებული პროდუქცია რომ არ შეგრჩეთ

ძვირფასო რედაქცია, ძალიან გულნატკენი რომ არ ვიყო, ალბათ, არ შეგაწუხებდით, მაგრამ ასე შეურაცხყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. მოკლედ გეტყვით: დილით  შვილთან ერთად სასეირნოდ გავედი, ვიფიქრე, ცოტას გავივლით, მერე მაღაზიაში პროდუქტს ვიყიდი და შინ დავბრუნდებით-მეთქი. სეირნობა რომ მოგვწყინდა, იქვე, ჩვენს სახლთან, მინიმარკეტში შევედი და კარაქი, კეფირი და რძე ვიყიდე. ნაშუადღევს დილით ნაყიდი კეფირი მაცივრიდან გამოვიღე და გავხსენი თუ არა, ჯერ სუნი არ მესიამოვნა, ერთი ყლუპი მოვსვი და თქვენს მტერს, ისეთი მჟავე იყო, კატას დააჩხავლებდა. გამოშვების და შენახვის ვადა შევამოწმე, ვადაგასული არ იყო. გაბრაზებულმა იმ მინიმარკეტს მივაკითხე. საყვედური რომ ვუთხარი,  ისეთი დღე მაყარეს, თავის დაცვაც ვეღარ შევძელი - ჩვენ ვადაგასული არ მოგვიყიდია და შენ თუ გემო არ მოგწონს, ჩვენ რა შუაში ვართო. ამ ამბავს მეზობელს რომ ვუყვებოდი, მისი შვილიშვილი შემოგვესწრო, სწორედ მისგან გავიგე, რომ თურმე ამ პატარა მაღაზიებში დროდადრო მაცივრებს თიშავენ, ეტყობა, ელექტროენერგიის დასაზოგად და, ბუნებრივია, პროდუქტი მალე ფუჭდება. უთუოდ ჩემს კეფირსაც ეს დაემართა. ახლა ისღა დამრჩენია, იმ მაღაზიას ჩემი ოჯახი სათოფეზე არ გაეკაროს, მაგრამ სხვა მაღაზიაში ვითომ ამისგან დაზღვეული ვართ? იქნებ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციოთ.

პატივისცემით ლალი ჩეროშვილი თბილისი

ზაფხულის სიცხეებთან ერთად საკვების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. სიტუაციას ართულებს მაღაზიებში შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვა. უკვე არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მარკეტში ღამით მაცივრებს თიშავენ და დილით პროდუქცია გამლღვალი ან დარბილებულია. როგორც ჩანს, ასეთი მაღაზიის მეპატრონეები საკუთარ ბიზნესში ეკონომიას მომხმარებლების ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბიზნესოპერატორმა აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა სახის პროდუქციის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქციის შენახვის ვადა აღარ მოქმედებს და ასეთი პროდუქტის საკვებად გამოყენება სახიფათოა.

პროგრამა momxmarebeli.ge-ს ხელმძღვანელი ლია თოდუა ამბობს, რომ შენახვის პირობების დარღვევის გამო მათ მოქალაქეები ხშირად მიმართავენ. "დილაობით დახლმაცივრიდან პროდუქტის ამოღებისას მეც შემიმჩნევია, რომ აშკარად არ არის საკმარისად ცივი. ეს ნიშნავს, რომ შენახვის ვადა აღარ მოქმედებს. როგორც კი ტემპერატურული რეჟიმი დაირღვევა, პროდუქტი გაფუჭებას იწყებს.

თუ მაღაზიაში თიშავენ მაცივარს ან არ იცავენ ტემპერატურულ რეჟიმს, ეს ნიშნავს, რომ იქ არ არის უსაფრთხო პროდუქტის ყიდვა იმ ვადამდეც კი, რომელიც აწერია.

ვურჩევთ მომხმარებელს, მოერიდნოს ასეთ მაღაზიებში საკვების ყიდვას".

ლია თოდუას თქმით,  სავალდებულო უნდა გახდეს თერმომეტრის დამონტაჟება მაცივრებში, რათა მომხმარებელი ხედავდეს, რა ტემპერატურაზე ინახება პროდუქცია.

შენახვის პირობების დარღვევისა და მაცივრების გამორთვის პრობლემის არსებობას ადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც. როგორც სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა სოხაძე ამბობს, ასეთი დარღვევები, ძირითადად, მცირე მარკეტებშია.

"ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. ჩვენ ყოველდღიურ კონტროლს ვახორციელებთ და ასეთი შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია. ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით მაღაზიები ღამის საათებში თიშავენ მაცივრებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან სურსათის, რომელსაც ესაჭიროება განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი, მათ შორის გაყინული სურსათის, გალღობა და ხელმეორედ გაყინვა-გაცივება, მაღალ საფრთხეს ქმნის"@@.

როგორც ბატონი  კახასაგან შევიტყვეთ, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის აღმოჩენის  შემთხვევაში მოქმედებს საჯარიმო სანქციები:

"თუ გადამოწმების შემდეგ ასეთი დარღვევა დაფიქსირდა, ბიზნესოპერატორი ჯარიმდება 400 ლარით პირველ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში კი 1.200 ლარით. თუ სურსათის მავნეობა დადასტურდა, მაშინ ასეთი სურსათი ექვემდებარება რეალიზაციიდან ამოღებას და ბიზნესოპერატორი 1.000 ლარით ჯარიმდება.

როგორც მოგახსენეთ, ასეთი დარღვევები, ძირითადად, მცირე მარკეტებშია, ქსელური სუპერმარკეტები აღჭურვილი არიან კარგი დანადგარებით და ისინი შესაბამის კონტროლს მაღალ დონეზე ახორციელებენ".

მსხვილი სუპერმარკეტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შენახვის პირობებს ზედმიწევნით იცავენ როგორც პროდუქციის ტრანსპორტირების, ასევე რეალიზაციის დროს. მაგალითად, "ნიკორას" სუპერმარკეტებში - საწყობში და დახლებზე პროდუქციის შენახვის პირობებს, ტემპერატურულ რეჟიმს და ვადებს ყოველდღიურად აკონტროლებს პერსონალი, კომპანიის ხარისხის მართვის სამსახური კი რეგულარულ ამოწმებს თითოეულ სავაჭრო ობიექტს. "ზოგიერთი პროდუქტის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი კრძალავს მის მოთავსებას როგორც საყინულეში, ასევე მაცივარში, მსგავსი პროდუქტებისთვის  სუპერმარკეტებში სპეციალური პირობებია შექმნილი. კერძოდ, თითოეულ სავაჭრო ობიექტში ტემპერატურა მერყეობს 20-დან 23 გრადუსამდე, რაც ისეთი ტიპის პროდუქტებს, როგორიცაა, ვთქვათ, ზეთი, კონსერვები, შოკოლადი, ბურღულეული, შესაბამის შენახვის პირობებს უქმნის. დახლმაცივარში უნდა მოთავსდეს ისეთი პროდუქტი, რომელსაც ინდივიდუალური შეფუთვა არა აქვს. მაგალითად, ხორცპროდუქტები, სალათები და სხვა. ასეთ შემთხვევაში, პროდუქტი დახურულ სივრცეშია განთავსებული, მას მომხმარებელი ხელით ვერ ეხება და დაცულია დაბინძურებისაგან. რაც შეეხება ე. წ. კედლის მაცივრებს, აქ თავსდება ინდივიდუალურად შეფუთული პროდუქცია: რძის პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, წვენები და ა.შ", - ამბობს "ნიკორას" ხარისხის მართვის მენეჯერი ნინო ლეფსაია.

როგორც შევიტყვეთ,  "ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი ბრენდების წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება სპეციალური მაცივრიანი სადისტრიბუციო მანქანებით, რომლებშიც მაქსიმალურადაა დაცული კონკრეტული პროდუქტის უსაფრთხოდ გადატანისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობის პირობები. ნახევარფაბრიკატების, ნაყინისა და გაყინული თევზეულის ტრანსპორტირება სპეციალური საყინულე მანქანებით ხდება. რაც შეეხება ცოცხალ პროდუქტს - ცოცხალი თევზის ტრანსპორტირებას "ნიკორას" შვილობილი ბრენდი "ოკეანე" ავზიანი მანქანებით ახდენს. ავზში დაცულია თევზის უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და ჟანგბადის დონე.

ნათია ლეშკაშელი