"სულაც არ ანაღვლებს ადამიანები ცუდად რომ ექცევიან" - კვირის პალიტრა

"სულაც არ ანაღვლებს ადამიანები ცუდად რომ ექცევიან"

"ამას წინათ კოლმეურნეობის მოედანზე გავიარე.  კარგად ბნელოდა. უცებ ყიჟინა და სიმღერა მომესმა. ხმას მივყევი და... გამვლელებს წრე შეეკრათ, შუაში ახალგაზრდა კაცი იდგა შემოფლეთილი სამხედრო ტანსაცმლით, ქართველს არ ჰგავდა,  არადა, ქართულად მღეროდა და სვანურ ცერულს უვლიდა. გამვლელები კი, ტაშს ყიჟინითა და შეძახილებით უკრავდნენ. სანახაობით აღშფოთებულმა ბიჭებს ვუთხარი, - რატომ დასცინით, ვერ ხედავთ სრულ გონებაზე არ უნდა იყოს-მეთქი. იწყინეს, - დაცინვა არც გვიფიქრია, თავად გვითხრა, საჭმელს თუ მომცემთ, ერთ პატარა კონცერტს გაგიმართავთო, ჩვენც   ძეხვი და პური მოვუტანეთ, ამან კიდევ ჯერ შეპირებულ კონცერტს გაჩვენებთ და მერე შევჭამო. ამასობაში მოცეკვავე დაიღალა, თავის პარკს ხელი დაავლო და გაგვცილდა. თვალი გავაყოლე -  მიწისქვეშა გადასასვლელთან მძიმედ დაეშვა, ფილაქანზე თავი დადო და როგორც ჩანს, ჩაეძინა.

გულმა არ მომითმინა და მძინარეს მივუახლოვდი. თითქოს მშვიდად იყო, ეგ იყო დროდადრო შეკრთებოდა ხოლმე. ის იყო, წასვლა დავაპირე რომ 15-ოდე წლის ბიჭი წინ ამესვეტა - მაგას, სულ ასე, ამ მანქანების ხმაურში სძინავს და თუ ვინმემ არ წამოაგდო, დილამდე ეძინებაო.

მერე დამამშვიდა, - არ ინერვიულოთ, დეიდა, როგორც ჩვენი უბნელი დიდი ბიჭები ამბობენ, გარშემო რაც ხდება, ან ადამიანები როგორც ექცევიან, სულაც არ ანაღვლებს. მთავარია, არ შიოდეს და თავის სამყოფს კი სულ შოულობსო.

ბიჭმა მერე შემოძონძილი პერანგის გულისჯიბიდან ფურცელი ამოუცურა  და  მომაწოდა, - ამ ფურცელს სულ თან დაატარებს, აქ წერია, ვინც არისო... აფხაზეთის ომში მარჩენალდაკარგული ვინმე ბეთქილ სტონის მოწმობა იყო. ბიჭებმა მითხრეს, - ასე ამბობს მამაჩემი შოტლანდიელი იყო და აფხაზეთის ომში იბრძოდა. დედაჩემი სვანია. მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, 4 ობოლი დავრჩით. რომ გავიზარდე, მეც ვიბრძოდიო.

რა უნდა მექნა, ისღა მოვახერხე, მძინარეს ფოტო გადავუღე და ახლა რედაქციაში გიგზავნით.  გზაში კი გულდამძიმებული ვფიქრობდი, როდემდე უნდა იყვნენ ქუჩაში უპოვარი და უიმედო ადამიანები.

მაკა რუსიშვილი"