მოაბრუნეთ ანტენა! - კვირის პალიტრა

მოაბრუნეთ ანტენა!

ჩვენო ქართველებო, რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვიყავით, როცა ქართული ტელევიზიის ყურების საშუალება გვქონდა, თითქოს ის მანძილი, რაც ქართველებთან გვაშორებდა, არც არსებობდა, ახლა კი... საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი 36-გრადუსიან სატელიტზე გადავიდა.

ჩვენ და ყველა თურქეთში მცხოვრებ ხალხს კი სატელევიზიო არხები 42-გრადუსიან სატელიტზე გვაქვს. ამიტომაც ახლა პირველი არხის მისაღებად მეორე ანტენაა საჭირო. ეს კი ყველას არ შეუძლია.

პირველი არხის თავმჯდომარემ იცოდა ჩვენი თხოვნა, რომ 42-გრადუსიან სატელიტზე დარჩენილიყვნენ, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენი თხოვნა მათთვის არაფერს ნიშნავს. მეტიც, ალბათ, ახლა "იმედი" და "რუსთავი 2"'-ც გადავლენ 36-გრადუსიან სატელიტზე. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ თურქეთში მცხოვრები ქართველობა საქართველოზე ვეღარაფერს გაიგებს. როგორც უკვე გითხარით, ტელევიზიები ჩვენს სამშობლოსთან გვაკავშირებდა, ბავშვები ქართულ ენას და კულტურას სწავლობდნენ, ქართულ ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს. ახლა რა ვქნათ? გიგზავნით რუკას, სადაც აღნიშნულია 36- და 42-გრადუსიანი სატელიტების გადაფარვის ზონები. შეადარეთ ერთმანეთს, განსხვავება თითქმის არ არის. ნუთუ არ შეიძლებოდა ამ უმნიშვნელო განსხვავების გამო თურქეთის ქართველობა არ დავეზარალებინეთ პირველი არხის ხელმძღვანელობას?"

პატივისცემით, თურქეთში მცხოვრები გურჯების ჯგუფი

"კვირის პალიტრამ" თურქეთის ქართველობისთვის გამოსავლის მოძებნის მიზნით ჯერ დიასპორებთან ურთიერთობის სამინისტროს მიმართა. გვეგონა, უწყება თურქეთის ქართულ დიასპორას გამოსავალს შესთავაზებდა, მაგრამ სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უნდა გაგვცეს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტექნიკური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით კი, თურქეთის ქართულ დიასპორას ქართული არხები იმაზე უკეთ მიეწოდება, ვიდრე აქამდე იღებდა (?!).

გიორგი ბარათაშვილი: - 36-გრადუსიან სატელიტზე გადასვლით უმჯობესდება და იზრდება ქართული არხების დაფარვის ზონა. ერთი თანამგზავრის მეშვეობით მაყურებელი მიიღებს პირველ არხს, პირველ კავკასიურ არხს, მეორე არხსა და აჭარის ტელევიზიას. თურქეთში მცხოვრებ ქართველებს ამ არხების მისაღებად დასჭირდებათ მეორე ანტენა, რადგან მათი სატელიტური "თეფშები" 42 გრადუსზეა გათვლილი. თუ მეორე "თეფშს" ვერ დააყენებენ, მაშინ პირველ არხს ინტერნეტის საშუალებით უნდა უყურონ.

არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი: შეუძლიათ 36 გრადუსზე მოაბრუნონ სატელიტური ანტენები და უპრობლემოდ მიიღებენ ოთხივე არხს, მაგრამ ვეღარ მიიღებენ "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს. პრობლემა სწორედ ის არის, რომ სურთ, ყველა არხი ერთად მიიღონ. ეს ორი არხი ჯერაც 42-გრადუსიან სატელიტზე რჩება. თუმც, იგეგმება მომავალში მათი 36-გრადუსიან სატელიტზე გადასვლა. მიგვაჩნია, რომ არაეფექტურია სხვადასხვა თანამგზავრზე გაბნეული ქართული არხების მუშაობა, ამიტომაც ვაპირებთ შევქმნათ საერთო პაკეტი და ყველა ერთ თანამგზავრზე განთავსდება. სავარაუდოდ, ეს მალე მოხდება. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთში ქართულ დიასპორას ქართული ტელეარხების მიღების პრობლემა დროებით აქვს.