რატომ? ვკითხულობთ მომავალი თაობა... - კვირის პალიტრა

რატომ? ვკითხულობთ მომავალი თაობა...

ხშირად, ჩვენივე საქციელით გაკვირვებულებს, საკუთარი თავისთვისაც კი გვიკითხავს, - ამას რას ჩავდივართო. ეს უთუოდ ჩვენი უკულტურობის და უცოდინარობის ბრალია. იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ. ეგებ ახალი თაობა გაუფრთხილდეს საკუთარ ტოტს...

ძვირფასო "კვირის პალიტრავ", მადლობას გიხდით იმისთვის, რაზეც გვაფიქრებთ. მეც ხშირად მიფიქრია ჩემს სამშობლოზე დაბეჭდილ წერილებზე და ძალიან შემცოდებია. ნეტავ, თუ  ვფიქრობთ, როგორ ვაზიანებთ მას, ხელი როგორ გვიბრუნდება მისი ბუნების გასანადგურებლად. ახმეტაზე უნდა მოგიყვეთ... შეუდარებელია ჩემი რაიონის ბუნება - მთათუშეთი, ბაწარა, ალაზნის, ილტოსა და ორვილის ხეობები, ცამდე ატყორცნილი კავკასიონის მწვერვალები და მის კალთებზე - მუხა, წაბლი, ფიჭვი, წიფელი, ცაცხვი... ისინი გვაძლევენ სარჩოს, გვინარჩუნებენ და გვიხანგრძლივებენ სიცოცხლეს. მაგრამ გული მტკივა და ნერვები მეშლება, - რამდენჯერ მინახავს, ამ მთების კალთებიდან ჩამოტანილი დაჭრილ-დაჩეხილი ხეები. ვხედავ, როგორ შიშვლდება ალაზნისა და ილტოს ოდესღაც გაუვალი ჭალები, ნადირთა სიმრავლეს ხომ ნუღარ იკითხავთ. არცთუ დიდი ხნის წინ ნაშენები მდინარეთა ნაპირსიმაგრეები მორღვეულია. წყალსა და ღვარცოფს, მეწყერსა და ზვავს მიაქვს გზა, გზისპირი, სავარგულები და ხშირად ადამიანთა სიცოცხლე.

რატომ? ვკითხულობთ მომავალი თაობა და პასუხს მამებისაგან, უფროსი თაობისაგან ველოდებით.

ბავშვები კვეტერის გორაზე ვიყავით. ოდესღაც დაბურული ტყით გარშემორტყმული ისტორიული ციხე-ქალაქი ლამის მოშიშვლებულ გორაზე დარჩენილა.

იქაურობა ხეტყის სასაკლაოდ არის ქცეული. განსაკუთრებით ერთი წიფელი შემეცოდა. ვიღაცას მისთვის ძირი სანახევროდ გადაეჭრა. წაქცევისას, საშველად გვერდით მდგომი წიფელი შესდგომია მხარში. გაჩეხილი გვერდი და ამონაყარი კი გახმობია, მაგრამ გადაუჭრელზე ნაადრევად ამოუყრია ყლორტი. ალბათ იფიქრა, კიდევ რომ მომადგნენ მოსაჭრელად, ამ ყლორტებისა შერცხვებათ და არათუ კვეტერაზე, არამედ მთლიანად საქართველოში ერთ ხესაც აღარ მოჭრიან უმიზნოდო.

ვინ იცის... მე კი სულ იმისთვის ვიბრძოლებ, რომ ადამიანებს ჩემი სამშობლოს ტყეების ჩეხა დავუშალო...

ხატია თურქიაშვილი, ახმეტა