როდემდე ვიცხოვროთ სხვისი ნასუფრალით - კვირის პალიტრა

როდემდე ვიცხოვროთ სხვისი ნასუფრალით

მართალია, ხელისუფლება უნდოდ უყურებს იმ აზრს, რომ საქართველო მიწათმოქმედების ქვეყანაა და ოდითგან გლეხით მაგრობდა, მაგრამ ეს ფაქტია. სამწუხაროდ, სოფლისთვის არავის სცალია, - თითქოს აღარც არსებობსო.

არადა სანამ გლეხი ფეხზე არ დადგება, მანამდე ვერც ქვეყანა გაიმართება წელში. ამიტომ სოფლის გადასარჩენად მუხლჩაუხრელად უნდა ვიბრძოდეთ. და თუ ვიბრძოლებთ, მოვა დრო, სოფელი აუცილებლად გაძლიერდება და აქეთ გვიშველის.

"კაცმა რომ მკითხოს, სირცხვილით თავს ვერ უნდა ვყოფდეთ, იმგვარად მივეჩვიეთ სხვისი ნასუფრალით ცხოვრებას. ჩვენ ვიკვებებით იმპორტული პურით, ხორცით, რძით და ბოსტნეულითაც კი, მაშინ როცა მე-19 საუკუნეში საქართველოში წარმოებულ კვების პროდუქტებს, მათი მაღალი ხარისხის გამო, დიდი გასავალი ჰქონდა რუსეთსა და ევროპის ქვეყნებშიც კი. მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველო ევროპის დიდ ქალაქებში გზავნიდა: 1,2 მლნ მანეთის კვერცხს, 3-4 მლნ მანეთის მარცვალს, 8-10 მლნ მანეთის ღვინოს, 1 მლნ მანეთის სპირტს, 9-10 მლნ მანეთის აბრეშუმს, 3 მლნ მანეთის თამბაქოს, 1 მლნ მანეთის ხილ-ბოსტნეულს ("კვირის პალიტრა", 12-18 მაისი 2002 წ.). რუსეთის იმპერიის მაშინდელ დედაქალაქში - სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში საგანგებოდ იგზავნებოდა სამტრედიული ქათამი და კვერცხი.

ამჟამად კი, როგორც გაჭირვებულ, გასაწყლებულ ქვეყანას, გვიგზავნიან ბრაზილიური თუ ამერიკული ქათმების ბარკლებს, ხოლო უქოლესტერინო ქათმის მკერდის ხორცს ამერიკელები და ბრაზილიელები თვითონ მიირთმევენ. ალბათ, ამის ღირსიც ვართ, რადგან XXI საუკუნეში, ტექნიკურად უაღრესად განვითარებულ ეპოქაში, ვართ სიდუხჭირეში, არ ვქმნით ჩვენს სარჩოს. სხვათა შორის, ხელისუფლებამ ნამდვილად დაივიწყა სოფელი, მაგრამ ასეთი ვითარება მარტო მისი ბრალიც არ არის, ჩვენიცაა, ყველას ერთობლივი უმოქმედობის ბრალია. ყველამ აუცილებლად უნდა გამოვიღოთ ხელი, ტვინი გავანძრიოთ - სოფელს როგორ ვუშველოთ.

განსაკუთრებით ახლა, როცა სოფლის (და ერის!) ყველაზე პროდუქტიული ნაწილი საზღვარგარეთ საშოვარზეა წასული.

ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დააკომპლექტოს და გაგზავნოს სპეციალისტთა ჯგუფები უცხოეთის ქვეყნებში მათი გამოცდილების, იქაური პროგრესული ღონისძიებების შესასწავლად და ჩვენს პირობებში დასანერგად.

უპირველესად, სოფელი უნდა წავახალისოთ, რომ იქ თავად დააარსონ გლეხებმა კერძო, პატარა საწარმოები, სადაც ტექნიკურად მოემსახურებიან თანასოფლელებს და გასამრჯელოსაც აიღებენ. შემდგომ კი, ისევ გლეხობის დარწმუნებით და ნდობის მოპოვებით უნდა შეიქმნას პატარა კოოპერატივები, მცირე გადამამუშავებელი საწარმოებით, რომლებიც თავად მიხედავენ თავიანთ პროდუქციას - თავად გაყიდიან კიდეც დასრულებული სახით და მოგებასაც გაანაწილებენ გლეხობაზე. ასეთ პირობებში გლეხი დასაქმდება და მიგრაცია ქალაქისკენ მკვეთრად შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამას დიდი დრო არ დასჭირდება, დამერწმუნოს ხელისუფლებაც და ჩემი ხალხიც, რომ სოფლად უმუშევრობა მინიმუმამდე შემცირდება, სოციალური პირობები გაუმჯობესდება, დემოგრაფიული მდგომარეობაც გამოსწორდება. ჩვენს ქვეყანას კი ამაზე მეტად სხვა არაფერი სჭირდება.

მერაბ ქარდავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, კვების მრეწველობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი