"ზოგიერთი პირდაპირ ტბაში ყრის საზამთროს ქერქებს..."
08-09-2014
"ზოგიერთი პირდაპირ ტბაში ყრის საზამთროს ქერქებს..."
წყალი სიცოცხლეა... რედაქციაში ამ თემაზე უამრავ წერილს ვიღებთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ონკანებში დროდადრო ჭუჭყიანმა წყალმა დაიწყო დენა, ხოლო წყლის მიწოდება ხანდახან 2-3 დღითაც წყდება.  

თუ რა მდგომარეობაშია  დედაქალაქის სასმელი წყლის სათავე, ამის გარკვევა არაგვის წყალსაცავზე შეიძლება (რომელიც რამდენიმე ტბად იყოფა). საბედნიეროდ, ინფექციის საფრთხე  არ გვემუქრება (აქ წყალს ლაბორატორიებში საათში ერთხელ ამოწმებენ), თუმცა, მოსახლეობა რამდენად  იცავს სისუფთავეს, სხვა საქმეა.
ჭოპორტი-მისაქციელის წყალსაცავში მოჭყუმპალავე დამსვენებლების და ტბის ნაპირებზე მოტივტივე ნაგვის ნახვით
გაოგნებული დავრჩი და ვიკითხე, - ნუთუ აქ დაცვა არ უნდა იდგეს-მეთქი?! არაო, - მიპასუხეს დამსვენებლებმა და პლასტმასის ბოთლებს გახედეს, - ჩვენ არ დაგვიყრია, აქ ნაგავს მოქეიფეები ტოვებენო. ამ ნაგავს სიმინდის ტაროები, ცელოფანის პარკები, ნაპირზე მიტოვებული ტანსაცმელი და ტრადიციული
პლასტმასის ბოთლები შეადგენს. პატარა ბიჭები კი ჭუჭყიან პლასტმასის ბოთლებში  ლიფსიტებს ყრიან, ანდა საანკესო ჭიებს ინახავენ... ერთ-ერთმა ლიფსიტებით სავსე პლასტმასის ბოთლი სიამოვნებით მაჩვენა. თქვენ გარდა აქ სხვებიც თევზაობენ-მეთქი? - ვკითხე. მიპასუხა:

- კი, დიდი კაცები დილაობით ანკესებით მოდიან და იჭერენ.

- ამდენ ნაგავს ისინი ტოვებენ?
- კი. ვინც აქ ჭამს და ისინიც, "ზაგარს" რომ იღებენ... ზოგიერთი პირდაპირ ტბაში ყრის საზამთროს ქერქებს და პლასტმასის ბოთლებს. თუ წვიმს, ნაგავი ტბაში ჩააქვს და წყალს მიაქვს ხოლმე, - უდარდელად მიპასუხა ბიჭმა და წყალში შეცურა. ამის მერე გოგონებსაც გამოველაპარაკე:

- ტერიტორიაზე ტუალეტი არის?
- არა.

- აბა, საჭიროების დროს სად უნდა წახვიდეთ?

პასუხად მხრები აიჩეჩეს, ან კი რაღა უნდა ეთქვათ, სანიტარიული ნორმების უქონლობა მათ მხრებზე ასაღები ტვირთი ნამდვილად არ იყო. სამაგიეროდ, ამ  ტვირთის შეგრძნება  მე ვეღარ მოვიშორე და საკუთარ თავს (და სხვებსაც, ჩემთან ერთად) განაჩენი გამოვუტანე, - სანამ სისუფთავის კულტურას ვერ შევითვისებთ, სწორედ ასეთი წყლის სმის ღირსები ვართ!
.
12 სექტემბერი 2014 13:12
აბა ევროპას თუ ახსენებს ვინმე?,თუ სექსზეა ლაპარაკი ეგრევე ევროპას მიახტებიან ხოლმე ეგ გარყვნილები და ა.შ. როდესაც სისუფთავეზე და ჰიგიენაზეა ლაპარაკი ევროპას არავინ ახსენებს ე.ი. ევროპის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ მეორეს ან არა ან ვერა
alamaria
10 სექტემბერი 2014 12:29
ჯერ ერთი ოჯახში შინაგანი კულტურა თუარ აქვთ იქ ვერ ისწავლის ბავაშვი, ძალიან ციდოა ასეთ გარემოში გაზრდილი.სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს ეთიკის და ზრდილობის ნორმები. თორემ მართლა ძნელია ასე თითო სამაგალითო ადამიანიც რომარ იქნება ირგვლივ. მართლა ცხოველები ხომარ ვართ სადაც მოვისაქმებთ იქ დავყაროთ ყველაფერი.
maia
08 სექტემბერი 2014 16:48
ივნისში მოწამეთაზე წავედით სკოლიდან, საცოდაობაა რაც იქ შესასვლელში ხდება საკვების ნარჩენები, ცელოფნები, ბოთლები და ა.შ. იგივე ხდება ზღვის სანაპიროზე მდინარის პირას მოკლედ ყველგან სადაც ადამიანმა უნდა დაისვენოს და ისიამოვნოს იქ ნაგავია. წესრიგი სკოლებიდან უნდა ისწავლებოდეს, ჩემს შვილს ვასწავლი მაგარამ მაგალითის მიმცემად მარტო მე საკმარისი ვერ ვარ. გული მტკივა. შენს დაყრილს შენ თუ არ მოუვლი სხვა რატომ დაგილაგებს ამას არ ფიქრობენ

რედაქტორის რჩევით