"ზოგიერთი პირდაპირ ტბაში ყრის საზამთროს ქერქებს..." - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი პირდაპირ ტბაში ყრის საზამთროს ქერქებს..."

წყალი სიცოცხლეა... რედაქციაში ამ თემაზე უამრავ წერილს ვიღებთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ონკანებში დროდადრო ჭუჭყიანმა წყალმა დაიწყო დენა, ხოლო წყლის მიწოდება ხანდახან 2-3 დღითაც წყდება.

თუ რა მდგომარეობაშია  დედაქალაქის სასმელი წყლის სათავე, ამის გარკვევა არაგვის წყალსაცავზე შეიძლება (რომელიც რამდენიმე ტბად იყოფა). საბედნიეროდ, ინფექციის საფრთხე  არ გვემუქრება (აქ წყალს ლაბორატორიებში საათში ერთხელ ამოწმებენ), თუმცა, მოსახლეობა რამდენად  იცავს სისუფთავეს, სხვა საქმეა.

ჭოპორტი-მისაქციელის წყალსაცავში მოჭყუმპალავე დამსვენებლების და ტბის ნაპირებზე მოტივტივე ნაგვის ნახვით გაოგნებული დავრჩი და ვიკითხე, - ნუთუ აქ დაცვა არ უნდა იდგეს-მეთქი?! არაო, - მიპასუხეს დამსვენებლებმა და პლასტმასის ბოთლებს გახედეს, - ჩვენ არ დაგვიყრია, აქ ნაგავს მოქეიფეები ტოვებენო. ამ ნაგავს სიმინდის ტაროები, ცელოფანის პარკები, ნაპირზე მიტოვებული ტანსაცმელი და ტრადიციული პლასტმასის ბოთლები შეადგენს. პატარა ბიჭები კი ჭუჭყიან პლასტმასის ბოთლებში  ლიფსიტებს ყრიან, ანდა საანკესო ჭიებს ინახავენ... ერთ-ერთმა ლიფსიტებით სავსე პლასტმასის ბოთლი სიამოვნებით მაჩვენა. თქვენ გარდა აქ სხვებიც თევზაობენ-მეთქი? - ვკითხე. მიპასუხა:

- კი, დიდი კაცები დილაობით ანკესებით მოდიან და იჭერენ.

- ამდენ ნაგავს ისინი ტოვებენ?

- კი. ვინც აქ ჭამს და ისინიც, "ზაგარს" რომ იღებენ... ზოგიერთი პირდაპირ ტბაში ყრის საზამთროს ქერქებს და პლასტმასის ბოთლებს. თუ წვიმს, ნაგავი ტბაში ჩააქვს და წყალს მიაქვს ხოლმე, - უდარდელად მიპასუხა ბიჭმა და წყალში შეცურა. ამის მერე გოგონებსაც გამოველაპარაკე:

- ტერიტორიაზე ტუალეტი არის?

- არა.

- აბა, საჭიროების დროს სად უნდა წახვიდეთ?

პასუხად მხრები აიჩეჩეს, ან კი რაღა უნდა ეთქვათ, სანიტარიული ნორმების უქონლობა მათ მხრებზე ასაღები ტვირთი ნამდვილად არ იყო. სამაგიეროდ, ამ  ტვირთის შეგრძნება  მე ვეღარ მოვიშორე და საკუთარ თავს (და სხვებსაც, ჩემთან ერთად) განაჩენი გამოვუტანე, - სანამ სისუფთავის კულტურას ვერ შევითვისებთ, სწორედ ასეთი წყლის სმის ღირსები ვართ!