"განა შენთვის გული არ მითხოვია" - კვირის პალიტრა

"განა შენთვის გული არ მითხოვია"

კირა კვეიძეზე, ერთ მშვენიერ ქალბატონზე მინდა მოგწეროთ, - ის იმ სიმღერის ადრესატია, რომელიც შეუძლებელია ერთხელ მაინც არ მოგესმინოთ: "განა შენთვის გული არ მითხოვია, ეგ თვალები რა ნაღველით დახარე"... ეს სტრიქონები მას ძალიან ახალგაზრდას მიუძღვნეს, მერე კი დიდმა მაესტრომ, გოგი ცაბაძემ, სიმღერაც დაწერა. მერე უკვე კირა თავად წერდა ისეთ ლექსებს, რომლებიც ამღერდებოდა. ალბათ ესეც გახსოვთ: "...ნაპირს გასცდა გემი თეთრი,/ შორს, სივრცეში მიფარფატებს აფრა,/ საით მიდის ასე მარტო გემი,/ სულ არ მოჩანს, აუ, როგორ გაქრა.../ დაბრუნდება ალბათ მალე იგი/ და მოიტანს შორი ქვეყნის ამბავს"...  მის ლექსებზე კიდევ რამდენიმე ცნობილი სიმღერა დაიწერა. მასზე მეტი არაფერი ვიცი. სწორედ ამიტომ გთხოვთ, მოიძიოთ მისი შთამომავლები, დარწმუნებული ვარ, ისინი ბევრ საინტერესოს მოგვითხრობენ...

პატივისცემით, მირანდა გელოვანი, თბილისი

წერილის წაკითხვის შემდეგ ქალბატონი კირას ვაჟი, დირიჟორი კობა კალანდაძე მოვძებნეთ და ვთხოვეთ დედის შესახებ ეამბა.

- ჩემი მშობლები ქუთაისიდან იყვნენ.  ერთმანეთი სკოლაში შეუყვარდათ.  სწორედ  მათ სიყვარულს მიუძღვნა ქუთაისელმა პოეტმა დავით კვიცარიძემ: "განა შენთვის გული არ მითხოვია, ეგ თვალები რა ნაღველით დახარე..." მერე ეს ლექსი გოგი ცაბაძემ აამღერა და სიყვარულის ჰიმნიც შეიქმნა. მას მამაჩემიც მღეროდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზორკესტრში და  მერე მთელი საქართველო.

დედას უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. მისი კურსელები იყვნენ: ნიაზ დიასამიძე, ქართლოს კასრაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია, ოთარ ჭილაძე, ზაურ ბოლქვაძე, რეზო ჭიჭინაძე... აი, რა სახელებია! მათი გავლენით დედაც მშვენიერ ლექსებს წერდა. კარგი ჟურნალისტიც იყო, მისი სტატიები არაერთ გამოცემაში იბეჭდებოდა. ტარიელ ჭანტურია იგონებს, - როცა ჩვენ შორის კირა იჯდა, ისე ვაწყობდით საქმეს, რომ მარტო იმას ელაპარაკა, ლამაზი მთხრობელი და მომღერალი იყოო...

თბილისში რომ გადმოვედით, დედა ამბობდა, - გოგის ვალი მაქვს, რაღაც უნდა დავუწეროო. დაუწერა კიდეც "რექვიემი"... "შავი როიალი მიმზერს დავრიშივით/... წუთი იმუქრება თავისი სიმშვიდით/, ჩემი ტკივილივით დუმან კლავიშები/... შავი როიალი მოჰგავს ტახტის მპყრობელს/ თუ არ დაასწარი, თუ არ დაიმონე!"

წლების შემდეგ ბატონი გოგის ვაჟი, კახა ცაბაძე და მე კონსერვატორიაში ერთად ვსწავლობდით. ერთ დღესაც კახამ შინ მიმიწვია და სუფრასთან ვუთხარი ბატონ გოგის, - კირას შვილი ვარ-მეთქი. უზომოდ გახარებულმა დედას დაურეკა: - როგორ გამახარა შენი შვილის სტუმრობამ, მინდა იცოდე, რომ გაფასებ, შენს "რექვიემს" სათუთად ვინახავო. მაგრამ მერე, სამწუხაროდ, ისეთი რამ მოხდა, რამაც ძალიან გამამწარა - 2010 წელს ბატონმა ჯუმბერ ჯანდიერმა  საკუთარი ლექსების კრებული მაჩუქა, რომელშიც დედაჩემის "შავი როიალი"  და კიდევ სამი ლექსი სიტყვასიტყვით ჰქონდა მითვისებული.

- ანუ დედათქვენის ლექსები თავისად  დაბეჭდა?!

- ზუსტად ასე იყო. ის ჩვენთან ხშირად დადიოდა და დედაჩემის ლექსებს იწერდა. დედა ეუბნებოდა, რად გინდაო. ის კი პასუხობდა, - უნდა ავამღეროო. მერე გავიგე, ამ კრებულის გარდა კიდევ ორი კრებულიც ჰქონია გამოცემული და მოვთხოვე, - იქაც გექნება დედაჩემის ლექსები მითვისებული, მაჩვენე-მეთქი და ცოცხალი თავით არ მაჩვენა!

- ისე, რა გააკეთეთ, დედის ლექსებზე სხვისი გვარი რომ ნახეთ?

- დავურეკე, - დედა მეორედ რად მომიკალით-მეთქი. მან, - არ გამამხილო და ბოდიშს მოვიხდიო.

"კვირის პალიტრის"  2010 წლის 27 სექტემბრის ნომერში დაბეჭდა ციცქნა განცხადება, - ბოდიშს ვიხდი, რომ კირა კვეიძის "ვერდაჯერების ინკვიზიცია" ჩემს ლექსად გავასაღეო. დანარჩენ ლექსებზე კრინტიც არ დაუძრავს... დიდხანს ვიყოყმანე, გამეხმაურებინა თუ არა ეს ამბავი, მაგრამ აი, ახლა ვამბობ.

დედას სიცოცხლეში თავისი ლექსები არ დაუბეჭდავს.  მხოლოდ  რვეულში გადაწერა და მიმიწერა: "ჩემს ერთადერთ შვილს, კობას საპატრონოდ (სხვა სიმდიდრეს ვერ გიტოვებ (არც ეძებო) კირა კვეიძე".  მისი ლექსები მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა. რამდენჯერაც ამ კრებულს დავხედავდი, სულ ის მაწუხებდა, რომ დედის ლექსებს ვერ ვუპატრონე. ახლა ყველაფერი რომ მოგიყევით, თითქოს დავმშვიდდი, -  მითხრა ბატონმა კობამ და წავიდა...

P.S. ჩვენ დავუკავშირდით კომპოზიტორ ჯუმბერ ჯანდიერს, რომელმაც გვითხრა: "კირა კვეიძის ვაჟი, კობა კალანდაძე  მიიჩნევს, რომ მე მითვისებული მაქვს დედამისის ოთხი ლექსი. თუმცა, გარდა იმ ლექსისა, რომელზეც "კვირის პალიტრაში" ბოდიში მოვიხადე,  დანარჩენი სამი მე მეკუთვნის. მაგალითად, "შავი როიალი", რომელიც დავწერე და გამოიცა 1972 წელს. ასე რომ, მე გაცილებით ადრე მაქვს ეს ლექსი დაწერილი, ვიდრე კირას ვაჟი მიიჩნევს".