ყიზლანჯო უწყლობით იხრჩობა - კვირის პალიტრა

ყიზლანჯო უწყლობით იხრჩობა

"მთელი ზაფხულია, ონკანიდან მხოლოდ ჰაერი გამოდის, რაც თურმე მრიცხველზე აისახება და ჩვენც ჰაერში ვიხდით ფულს. არ გადავიხდით და გვემუქრებიან, სასამართლოს გადაგცემთო"

რედაქციაში მარნეულის რაიონიდან დაგვირეკეს: - მთელი ზაფხულია, სოფელს არ აქვს წყალი. თითო ოჯახში სამი ბავშვი მაინც არის. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვართ. არც ბუნებრივი აირი გვაქვს და გზაც საშინელ დღეშია...

აზერბაიჯანელი მოსახლეობა "კვირის პალიტრას" იქ ჩასვლას და მათი პრობლემების გაშუქებას სთხოვდა...

სოფელ კიზლანჯოში ჩასულს იქაურები სხვადასხვა პრობლემაზე მესაუბრნენ.

ისახარ ყურბანოვი: - ერთი წლის წინ უბანში წყალგაყვანილობა გავაკეთეთ, თუმცა წყალმომარაგების კომპანიამ სკოლის შენობიდან, სადაც მთავარი მილი გადის, წყლის ჩვენს უბნამდე მსხვილი მილით მოყვანის უფლება არ მოგვცა. 20-20 ლარი შევკრიბეთ და წვრილი მილი ვიყიდეთ, მაგრამ წყალი აქამდე არ ამოდის. მთელი ზაფხულია, ონკანიდან მხოლოდ ჰაერი გამოდის, რაც თურმე მრიცხველზე აისახება და ჩვენც ჰაერში ვიხდით ფულს. არ გადავიხდით და გვემუქრებიან, სასამართლოს გადაგცემთო. მარნეულის გამგეობაში შევიტანეთ განცხადება, წყალმომარაგების ტექნიკურმა მენეჯერმა, როვშან ბაბიქიშიევმა კი გვითხრა, სადაც გინდათ, იქ გვიჩივლეთ, თუ გინდათ, თქვენი ფულით ახალი მილი გაიყვანეთო... აბა, სად გვაქვს მაგის საშუალება?!

მამედ ბაირამოვი: - ექვსი თვეა, წყალი არ აქვს ჩვენს უბანს. დასალევ წყალს ქვემოთა უბნის ოჯახებიდან ვეზიდებით. ახლა ისინიც უარს გვეუბნებიან - მრიცხველები გვაქვს და ბევრს წერსო. იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ...

გაზი რომ შემოგვიყვანონ, ოჯახიდან 500 ლარს ითხოვენ. ნახირში ვმუშაობ, თვეში 400 ლარი მაქვს ხელფასი, პატარა შვილები მყავს და იმათ ჭამა ხომ უნდათ?! 500 ლარი რომ გაზის შეყვანაში გადავიხადო, მთელი თვე რა ვაჭამო შვილებს?!

- სოფლის გამგეობას თუ მიმართეთ?

- რა თქმა უნდა. გვეუბნებიან, თავის დროზე მანდ არ უნდა აგეშენებინათ სახლები, ქვემოთა უბანში ააშენეთ და წყალიც გექნებათო. ქვემოთა უბანი ფულს უხდის კომპანიას და წყალს ნათესების მოსარწყავად იყენებენ. ამის გამო წნევა აღარ არის საკმარისი, რომ წყალი ჩვენს უბანშიც ამოვიდეს... ზამთარში, მოსარწყავი რომ არაფერია, მაშინ მოდის, ისიც - გრაფიკით.

მაია ასკიროვა: - ოთხი შვილის დედა ვარ, შვილიშვილებიც მყავს. სარეცხისთვის წყალს დიდი მანქანით ვყიდულობთ, ექვს ტონაში 20 ლარს ვიხდით. მიუხედავად იმისა, რომ წყალი არ მოდის, ყოველთვიურად 10-15 ლარი მოგვდის გადასახადი. ნახეთ, რა პირობებში ვცხოვრობთ. გზაც კი არ არის, ორღობეში მანქანა რომ გაივლის, ისეთი მტვერი დგება, ნახევარი საათი სუნთქვა შეუძლებელია...

სოფელში რვა თვის წინ ახალი გამგებელი დაინიშნა. ისმაილ ასკიროვი ამბობს, რომ სოფელში, სადაც 2250 კომლი ცხოვრობს, პრობლემები ვერ მოგვარდება, მიზეზად კი ადგილობრივი ბიუჯეტის სიმცირეს ასახელებს.

ისმაილ ასკიროვი: - ამჟამად ბიუჯეტში არ გვაქვს თანხა, რომ ამ უბანს დავეხმაროთ. მომავალ წელს წყლის პრობლემას მოვაგვარებთ. სოფელში გზაც გასაკეთებელია. ყველა ოჯახში არ არის ბუნებრივი აირი, მაგრამ გაზის კომპანია კერძოა და მას უნდა გადაუხადონ ფული, რომ გაზი შეიყვანონ.

სოფლიდან წამოსულმა წყალმომარაგების კომპანიის მარნეულის სერვისცენტრს მივაკითხე, სადაც ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადეს, პირად საუბარში კი მთავარმა მენეჯერმა მითხრა, წნევა საკმარისი არ არის და წყალი ზემოთა უბნამდე ვერ აღწევს, პრობლემის მოგვარება წყლის ავზის დამონტაჟებით შეიძლებაო. სერვისცენტრში იმასაც ამბობენ, მეზობლები ერთმანეთს ანგარიშს არ უწევენ, როცა ქვემო უბანი ბაღ-ვენახებს რწყავს, წნევა აღარ ჰყოფნის და წყალი ზემო უბანში ვეღარ ადის, ამის გაკონტროლება კი ჩვენ არ შეგვიძლიაო(?!).

ნიკა გომართელი