"ეს ბიჭები ჩემს შვილს მახსენებენ" - კვირის პალიტრა

"ეს ბიჭები ჩემს შვილს მახსენებენ"

"ჩემი წვალებით გაზრდილი შვილის სისხლი სამშობლოზე ალალი იყოს - ადრე თუ გვიან ყველანი მივდივართ ამ ქვეყნიდან, სამშობლო კი უნდა დარჩეს!"

ქართველებს ისეთი გამაოგნებელი სულიერი საუნჯე გვაქვს, შეიძლება ბევრ რამეზე დაეჭვდეთ კიდეც, სინამდვილეა თუ არაო... იქნებ ლექსში "ვეფხისა და მოყმისა" შვილმკვდარი დედის სიტყვებიც ბევრჯერ მოგვჩვენებია შელამაზებულად ("იქნება ვეფხის დედაი, ჩემზე მწარედაც ტირისა/, წავიდე, მე იქ მივიდე,/ სამძიმარ ვუთხრა ჭირისა,/ ისიც მიამბობს ამბებსა,/ მეც ვუთხრა ჩემი შვილისა..."), მაგრამ უნდა გვერწმუნოთ, რომ ასეთი დედები მართლაც არსებობენ.

როცა რედაქციაში მანანა მარიხაშვილის წერილი მივიღეთ, სიამაყით აღვივსეთ, რომ ასეთი დედა ჩვენ გვერდით ცხოვრობს, - გმირის დედის ეს წერილი, მტერს არა (ჩვენს დღევანდელ მტერს ვაჟკაცობა ღალატობს), მაგრამ იმ ბიჭებს ეძღვნება, რომლებიც მაშინ გადარჩნენ, როცა მისი შვილი დაეცა.

"მე 2008 წლის აგვისტოში დაღუპული რევაზ მამისაშვილის დედა ვარ, მანანა მარიხაშვილი. ჩემს შვილს სიკვდილის შემდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა. შვილმკვდარი დედის ტკივილი არასოდეს რჩება, მაგრამ ყოველთვის ვიტყვი, - ჩემი წვალებით გაზრდილი შვილის სისხლი სამშობლოზე ალალი იყოს - ადრე თუ გვიან ყველანი მივდივართ ამ ქვეყნიდან, სამშობლო კი უნდა დარჩეს. ამას ვასწავლიდი რეზიკოსაც. ჩემმა მეუღლემ 90-იან წლებში 8 კაცთან ერთად შექმნა ქართული ჯარი და, რა გასაკვირია, შვილი ასე გამეზარდა. ახლა I საარტილერიო ბრიგადის ლოჯისტიკის ბატალიონში ვმუშაობ. აქ ჩემი შვილის თვალებს იმ ჯარისკაცების თვალებში ვხედავ, რომლებიც სიცოცხლეს დაუფიქრებლად გაწირავენ ქვეყნისთვის. ამ წერილის დაწერა სწორედ მათ გამო გადავწყვიტე. კიდევ იმ ადამიანების გამო, რომლებიც დაღუპულ გმირებს გულწრფელი პატივისცემით იხსენიებენ. ასეთი ბევრი როდია და ამიტომ გთხოვთ, ეს სახელები არ დამიკარგოთ: თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვაკო ავალიანისა და პარლამენტის სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრისას ვგრძნობ, რომ ისინი ჩვენს გმირებს მუხლს უყრიან.

ახლა ბატალიონის მეთაურ თემურ რუსიშვილზე და ოფიცერ გოჩა ხუბუაზე უნდა მოგიყვეთ, - ეს ამბავი რომ გავიგე, რამდენიმე ღამე არ მეძინა. თემურს ბრძანება ჰქონია,  დისლოკაციის  ადგილი არ დაეტოვებინა; ნამდვილი ჯარისკაცი ბრძანებას არასოდეს არღვევს, მაგრამ თემური მიხვდა, თუ თავის ბიჭებს იქაურობას არ გააშორებდა, ყველა დაიღუპებოდა. ამიტომ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და ჯარისკაცები იქაურობას მოაშორა. 2 წუთში ის ადგილი ისე დაიბომბა, ქვა ქვაზე აღარ დარჩენილა. ვიდრე ზემოთ აღწერილი ამბავი მოხდებოდა, გოჩა რუსებს მოუქცევიათ ალყაში (გოჩა და ჩემი რეზო სამხედრო აკადემიაში ერთად სწავლობდნენ), გოჩას მოუსწრია და თემურისთვის დაურეკავს, - აქა და აქ ვარ, აქაურობა დაბომბეთ,  მოვკვდები, მაგრამ რუსებიც ხომ ამოწყდებიანო. თემურმა გოჩას ალყიდან გამოყვანა მაინც შეძლო, მაგრამ ეს რომ არ ყოფილიყო, გოჩა ხომ მზად იყო თავისი ქვეყნისთვის მომკვდარი ყო!  აი, ცოცხალი გმირები, - მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ ისინი არსებობენ და ჩვენს ჯარისკაცებს სამშობლოსთვის კვლავ უძგერთ გული".