ნასპერი, დევების ნასოფლარი?! - კვირის პალიტრა

ნასპერი, დევების ნასოფლარი?!

რედაქციაში ცაგერის რაიონის სოფელ ნასპერიდან წერილი მივიღეთ. ნასპერელების თქმით, ისინი არქეოლოგიური საბადოს თავზე ცხოვრობენ და თუ შესაბამისი ორგანიზაციები დროულად არ დაინტერესდებიან, შესაძლოა, უძველესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები წაიშალოს.

"საქმე ის არის, რომ ნასპერში, გორაკზე, რომელსაც საქაჯიას ეძახიან, დღე არ გავა, მიწიდან არქეოლოგიური მასალა არ გამოჩნდეს. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნახავთ დევების ქვებს - უზარმაზარი მრგვალი ქვების შესახებ სოფელში მრავალი მითი არსებობს. ამბობენ, რომ აქ სამსხვერპლო იყო. ამ ვარაუდს იმითაც ვამართლებთ, რომ ათეული წლების წინ, როდესაც ერთ-ერთ ქვას მიწა გადასცილდა, მასზე დაკირული ადამიანის ჩონჩხი იპოვეს - ძვლები იმდენად დიდი იყო, ჩვეულებრივი ადამიანისას არ ჰგავდა. სოფელში ბევრს სჯერა, რომ ოდესღაც აქ დევები ცხოვრობდნენ და ამ ქვებზე პურს აცხობდნენ... მითები მითებად, მაგრამ ნასპერი რომ საიდუმლოს ინახავს, ეს აქ მცხოვრებლებს კარგად მოგვეხსენება.

არადა, მიწიდან "ამოსული" ნივთების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ მომრავლდა, რაც სოფლის თავზე ფიჭური სატელეფონო კომპანიების გადამცემი ანძები დადგეს. ტრაქტორისა და მძიმეწონიანი მანქანების მიმოსვლის შედეგად მიწა აიჩიჩქნა და ახლა იმ ადგილზე საქონელს რომ გაატარებენ, პირუტყვს ფეხებში ძვლები და სხვადასხვა ნივთის ფრაგმენტები ედება. ამიტომაც გთხოვთ, იქნებ მანამ მიაწვდინოთ საზოგადოებას ჩვენი ხმა, სანამ ყველაფერი ადამიანისა და პირუტყვის ფეხს წაუშლია".

სოფელ ნასპერის მცხოვრებნი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრში გვითხრეს, რომ ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნუგზარ კოპალიანის ინფორმაციის საფუძველზე იციან, რაც ხდება ნასპერში და მომავალი წლისთვის ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოს დაწყება იგეგმება.

სანამ გათხრები დაწყებულა, როგორ მოვუაროთ იმას, რაც მიწაში ვეღარ ჩერდება და პატრონობას ითხოვს? - კითხულობენ ნასპერელები.

ხათუნა ღურჭუმელიძე, სოფელ ნასპერის საჯარო სკოლის პედაგოგი: "სოფელში ცხოვრობს შესანიშნავი პიროვნება სანდრო ახვლედიანი, რომელიც ეთნოგრაფიულ მასალებს აგროვებს, ასუფთავებს და ცაგერის მუზეუმში მიაქვს. მოსახლეობას კარგად ესმის რასთანაც გვაქვს საქმე და ყველას, ვისაც კი გზად ძვალი, ჭურჭელი ან იარაღი შეხვდება, ბატონ სანდროსთან მიაქვს. ორი დღის წინაც იპოვეს ადამიანის მენჯის ძვალი, ნეკნები და სხვა მასალები.  ადრე აქ კაჟის ხელცული და დანებიც ნახეს, შუბის წვერები, ბარძაყის ძვალიც, რომელიც ტრაქტორმა გადატეხა... ერთ-ერთი ნასპერელი უნიკალური წყალგაყვანილობის უძველეს სისტემასაც წააწყდა".

როგორც შევიტყვეთ, სანდრო ახვლედიანს არქეოლოგიის ცენტრიდან აეკრძალა ნივთების თვითნებური შეგროვება და დამუშავება, რაც გაუგებარია ნასპერელებისთვის. "რა ვქნათ, საქონელს ან ადამიანს ფეხებში რომ გამოედება ისტორიულად მნიშვნელოვანი ნივთი, გადააბიჯოს და გაიაროს?" - კითხულობენ გაოცებული.

არქეოლოგიის ცენტრის უფროსს, ზურაბ მახარაძეს, არ გაჰკვირვებია ნასპერის ამბები, საქართველო ისე არის დახუნძლული ძეგლებით, რომ სადაც ბარს დაარტყამ, მასალა ამოდისო. ნასპერიც ამის დასტურია, თუმცა, აქ უკვე ბარის დარტყმაც აღარ სჭირდება - უძველესმა წარსულმა პირი დააღო“ და თანადგომას ითხოვს.