"გვიშველეთ, სანამ დათვს დავუგლეჯივართ!"
27-10-2014
"გვიშველეთ, სანამ დათვს დავუგლეჯივართ!"
თითქოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს პრობლემები აკლდა, რომ ახლა დათვი მიემატა - სოფელ წესში უკვე იმდენჯერ შემოვიდა დათვი, ლამის შინაურ ცხოველად ჩათვალონ.

"რაჭველი ვარ, სოფელ წესიდან. ნადირის სოფელში შემოსვლა არ უნდა მიკვირდეს - მგელი, დათვი, ტურა თუ მაჩვი მწიფობისა თუ ზამთრის თვეებში ხშირად გვესხმოდა თავს, მაგრამ მაშინ მათთან გამკლავების ხერხებიც არსებობდა, ხალხი მზად იყო, ახლა სოფლებში ისედაც თითზე ჩამოსათვლელი მოსახლეობა ღვთის ანაბარაა მიტოვებული. ადრე, მოსავალი მწიფობაში რომ შედიოდა, მას ხალხი ყარაულობდა.
ნაკვეთებში ქოხებიც კი ჰქონდათ ჩადგმული. ხაფანგსაც ვიყენებდით, მაგრამ უფრო საიმედო იყო ტოტებითა და ფოთლებით ოსტატურად შენიღბული ორმო. გარდა ამისა, მარეკებიც გვყავდა, - მთელი სოფლის მოსახლეობა გადიოდა, რომ დათვი ხმაურით გამოეგდოთ სოროდან, შემდეგ კი მონადირეები კლავდნენ.

დღეს უამრავი რამ შეიცვალა - ადრე რომ მთებში მიწას ვამუშავებდით,
ახლა აღარ მუშავდება და ის ადგილები გატყიურდა. ნადირი ახლოს აღმოჩნდა ადამიანთან და მოსვენებას აღარ გვაძლევს. რომ გითხრათ, მხოლოდ წელს რამდენჯერ დაგვესხა თავს გარეული ცხოველი, შეიძლება არც დაიჯეროთ. ამ წერილის მოწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ერთადერთი საშუალება მგონია, მთავრობას ხმა მივაწვდინოთ, თორემ სოფელში დათვმა კაცი რომ დაგლიჯოს, მაგრამ სასწაულად გადარჩეს, მაინც ვერ იცოცხლებს - უგზოობის გამო სასწრაფო ვერ ამოვა და ვერ უშველის...
სოფელ წესში (და ამ დღეშია ყველა სოფელი რაჭაში) ნადირის შემოსევის შემთხვევები მხოლოდ 2014 წლის აგვისტოში ასეთია:

- ჯუმბერ მელაშვილს ეზოში ღორი შეუჭამეს მგლებმა.

- ღამით დათვი შევიდა ნოდარ ბეშიძის ეზოში და დაწვა. ნოდარი ეზოში გამოვიდა, დათვი თავისი ხარი ეგონა და ფეხი ჰკრა, - ადე, შე სამგლე, ბოსელში შედიო. დათვი წამოუხტა და საწყალმა ნოდარმა ძლივს შეასწრო სახლში.

- მგლებმა ნიკიფორეს ღელესთან ძროხა შეჭამეს; ეტყობა, იმდენი იყვნენ, დილით მარტო გამოხრული ძვლებიღა დახვდა ხალხს.

- დათვმა ერთ ღამეში გაგნიძეებს გაუჩანაგა მთელი ვენახი, მთლიანად გადაჭამა საადრეო თეთრი ყურძენი, ხოლო "ფრანგულა" ვაზის ძირები დათხარა და იქვე დაყარა.

- სოფლის ცენტრში, ხიდთან, მგლებმა მეტრეველების ძროხა შეჭამეს...
დაუჯერებელი კია, მაგრამ ყოველივე ეს რაჭის მხოლოდ ერთ სოფელში, ერთ თვეში მოხდა, მაგრამ ამ საშინელებას ვერსად გავექცევით. წესით, ვერც ჩვენი მთავრობა უნდა გაექცეს და ხალხი დაიცვას.

შოთა მელაშვილი".
zauri
20 ნოემბერი 2014 20:18
Gasagebia datvi shemodis ucxo AR aris rachvelebistvis. magram. Saswrafo da gza mainc aris cesshi. Mtlad egre AR davqceulvart rachvelebi.

რედაქტორის რჩევით