"გავა დრო და ჩვენს ნაშრომებს ქვეყნისთვის დიდი ფასი დაედება" - კვირის პალიტრა

"გავა დრო და ჩვენს ნაშრომებს ქვეყნისთვის დიდი ფასი დაედება"

რედაქციაში მოსულმა წერილმა ქვეყნისთვის დამაშვრალი მეცნიერების ბედზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა - ხალხი, რომელსაც ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ ქვეყნის სამსახურისთვის, ერსაც და ბერსაც მივიწყებული გვყავს.

"მივესალმები ჩემს საყვარელ გაზეთს. გწერთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან. ეს ის ინსტიტუტია, სადაც ათეული წლებია ენათმეცნიერები ქართულ ენას ვსწავლობთ. მართალია, დღეს მეცნიერებისთვის არავის სცალია, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის სამსახური არასოდეს შეგვიწყვეტია. ამისთვის ჩვენი კომპენსაცია ხალხის სიყვარულია, თორემ ჩვენი ჯამაგირი მხოლოდ 150 ლარია. ცოტა ხნის წინ სვანეთში დიალექტოლოგიური სესია გვქონდა, სადაც ჩვენთან ერთად ბათუმელი დიალექტოლოგებიც იყვნენ და გავოგნდით, რა სიყვარულით შეგვხვდა ხალხი. ამ დროს დიალექტოლოგიური მეცნიერება არც ისე ადვილი აღსაქმელია, - ეს ხომ ჩვენი ენის იმ ფესვების კვლევაა, რომელიც საუკუნეების მიღმაა გადაბმული...

როენა ჭკადუა, არნოლდ ჩიქობავას ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი"

ცოტა ხნის წინ,  მოწმენი გავხდით პარლამენტში იმ პოლემიკისა, რომელიც მეცნიერების ხელფასს ეხებოდა, -  კამათობდნენ, გაეზარდათ თუ არა ღვაწლმოსილი მეცნიერებისთვის ხელფასები. ეს ერთდროულად გამაოგნებელიც იყო და აღმაშფოთებელიც, - ის ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება, სადაც მეცნიერები 150 ლარს იღებენ. ქალბატონ როენას რედაქციაში მობრძანება ვთხოვეთ.

- მოგვწერეთ ენათმეცნიერებს 150 ლარი გვაქვს ხელფასიო, მართლა ასეა?

- ნამდვილად ასეა. ყველაზე დიდი განყოფილების გამგეების ხელფასებია - 250 ლარი! ჩვენს სამეცნიერო ნაშრომებს  დღეს შეიძლება ფასი არ აქვს, მაგრამ გავა დრო და მას ქვეყნისთვის დიდი ფასი დაედება და ეს ხალხმაც იცის. სამეცნიერო სესიებს ყოველ წელიწადს ვატარებთ რეგიონებში და თბილისში ისე ჩამოვდივართ, თითქოს ჯადოსნური წყალი დავლიეთ. მესტიაშიც დიდი სიყვარული დაგვახვედრა ხალხმა. იქ მუნიციპალიტეტში გოგონა მუშაობს, ელენე განაია, ისე ცდილობდა ხელი არ შეგვშლოდა და ყველა მოხსენება წაკითხულიყო, გული ამიჩუყდა. აქეთ მესტიელ მასწავლებლებს ჰქონდათ საოცარი სურვილი, მშობლიური ენის ფესვებს ჩასწვდომოდნენ და მერე ამის შესახებ მოსწავლეებისთვის მოეთხროთ. ჩვენი ენა ათასწლეულებშია ფესვგადგმული, ჩვენს ტაო-კლარჯეთში ისეთი ხასხასა ქართული დიალექტებია, მისი დაკარგვა ერის დანაშაული იქნება. სესიაზე მოხსენებით გამოვიდა მეჰმეთ ალ ქესინი; კაცი ძლივს ლაპარაკობს ქართულად, მაგრამ ისეთი ნაშრომი ჰქონდა, ქართული ენის "სუნთქვისთვის" ჰაერივით საჭირო რომ არის.