"აღარც პენსია მაქვს, აღარც ძროხა მყავს..."
03-11-2014
"აღარც პენსია მაქვს, აღარც ძროხა მყავს..."
სოფლებში პირუტყვის ქურდობა გახშირდა, ისედაც შეჭირვებული გლეხი კიდევ უფრო ღატაკდება. რედაქციაში წერილები მოდის, რომლებშიც ხალხი მათი მარჩენალი პირუტყვის ქურდების სახელებს ასახელებს, რაზეც, მათივე თქმით, სამართალდამცველებს ყური არ შეუბერტყავთ. ამ დღეებშიც მივიღეთ სოფელ მაღლაკიდან და მეტეხიდან წერილები. მაღლაკელი ომარ კვერნაძე გვწერს, - "მარჩენალი ძროხა და ხარი ჯერ კიდევ 2012 წლის იანვარში მომპარეს. ქურდს რომ ვუთხარი, შენს თავს დავაჭერინებ-მეთქი, შეეშინდა. ხარის მოყვანას შემპირდა, - ძროხას მერე მოგიყვანო. მაშინ შეტანილი საჩივარი დღესაც არ
განუხილავთ, ქურდმა კი გარშემო სოფლებიც გააუბედურა."


მეტეხელმა მარტოხელა პენსიონერმა ნუნუ სეხნიაშვილმა 3 წლის პენსია წინასწარ გამოიტანა, რომ თავის შესანახად მეწველი ძროხა ეყიდა. ერთი თვის თავზე საბალახოზე ხბოიანად დააბა, მაგრამ როცა წამოსაყვანად მიაკითხა, არც ხბო დახვდა და აღარც ძროხა. მარტოხელა ქალბატონს მას შემდეგ ყველაფერი უკან წაუვიდა,
დღეს წამალსაც ვეღარ ყიდულობს...

- ძროხა როდის მოგპარეს?

- შარშან, ივლისში. მას შემდეგ დილა არ გათენებულა ისე, ტირილით არ ავმდგარიყავი. ეგ ძროხა რომ ვიყიდე, ვიფიქრე, ჩემს შვილს არ დავაწვები სარჩენად-მეთქი - კაცი დღედაღამ მუშაობს, რომ ცოლ-შვილს პური მიუტანოს... დედა ვარ და გული მეწვოდა; ახლა უარესი საქმე მოვუწყვე, ძროხის საყიდლად პენსია წინასწარ გამოვიტანე - ყველს გავყიდი და იმით ვიცხოვრებ-მეთქი. ახლა აღარც პენსია მაქვს, აღარც ძროხა მყავს...

იმ დღეს საძოვარზე რომ დავტოვე, უკან მომავალს გულმა რეჩხი კი მიყო, - ახალი მთავრობის მოსვლის დროს ციხიდან რომ ხალხი გამოუშვეს, იმათში ჩემი მეზობლებიც იყვნენ, ძროხის ქურდობისთვის დაპატიმრებული ხალხი - რა მეშველება, ძროხაც რომ მოიპარონ-მეთქი, მაგრამ თავს იმედი მივეცი, - კარის მეზობელი ვარ, ამას არ იზამენ-მეთქი; მაგრამ საღამოს ხბო და ძროხა ადგილზე აღარ დამხვდა, მიწაზე დავემხე და გაჩენის დღე ვიწყევლე.

- იცით, ვინ მოგპარათ?
- ეგ რომ ვიცოდე, შვილო, მოხუცი ვარ, მაგრამ ხო შევაკლავ თავს, არც გამომძიებელი ვარ, რომ გამოვიძიო, ეს ამბავი პოლიციასაც მოვუყევი და პროკურორსაც, თავად არ უნდა გამოეძიათ?! ერთი წყვილი ფეხსაცმელი მქონდა და ისიც, წელიწადზე მეტია, საჩივარზე სირბილში შემომაცვდა, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. უთხარით მთავრობას, მოგვხედონ და ნუ გაგვაწბილებენ.
natia
18 ნოემბერი 2014 16:03
ესეც თქვენი ბესელია,გამოუშვეს ციხიდან დამნაშავეები და დაერივნენ ხალხს

რედაქტორის რჩევით