საკუთარი სახლის ტყვეობაში - კვირის პალიტრა

საკუთარი სახლის ტყვეობაში

"საბჭოურ ე.წ. ხრუშჩოვკებს და დღევანდელ მშენებლობებს  ერთი საერთო ნიშანი აქვს - მათ დამპროექტებელ-ამგებს ადამიანის ჯანმრთელობაზე არ უფიქრია", - გვწერს მოქანდაკე ნერსე ბაცაში.

"თბილისელების უმეტესობა რკინაბეტონის ნაგებობების ტყვეა.„იაფმა ცემენტმა მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, იოლად განდევნა ეკოლოგიურად სუფთა და  ჯანმრთელობისათვის უვნებელი ხე, ქვა, აგური და კირი, მაგრამ მისი ორი მომაკვდინებელი თვისება - შეიწოვოს ტენი და მზის რადიაცია, ხოლო შემდეგ უხვად გადასცეს იგი თავის ტყვეებს, აფერმკრთალებს მის ღირსებებს. სწორედ ამიტომ სწრაფი და იაფი მშენებლობის მძევალი მოსახლეობა ზამთარში ვერ ახერხებს, გათბეს და გაუმკლავდეს ნოტიო, ძვალსა და რბილში გამჯდარ სიცივეს, ზაფხულში კი თავი დააღწიოს  ბეტონის კედლებში დაგუბებულ სიმხურვალეს. ძველმა ჭეშმარიტებამ -„"ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა" - მნიშვნელობა დაკარგა."

ჩვენ ამ პრობლემის შესახებ წერილის ავტორს ნერსე ბაცაშს დავუკავშირდით:

-  ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, სად რა მასალა გამოეყენებინათ, მაგრამ ეს წარსული იყო. დღეს ძველი ტექნოლოგიებით მშენებლობა ძნელი წარმოსადგენია...

- ჩვენი  წინაპრები ითვალისწინებდნენ კლიმატურ პირობებს და საშენი მასალის თავისებურებებს. ნოტიო და ხშირად დაჭაობებული დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში უპირატესობას  ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ ხის მასალას ანიჭებდნენ, აგებდნენ ოხორს, ოდასა და ფაცხას, რომლებიც ხის ან ქვის ბოძებზე იდგა. ალბათ, ამიტომ, უძველეს ისტორიულ დოკუმენტებში, ზღვისპირეთის მცხოვრებნი იხსენიებიან მოსინიკებად– ე.ი. ბოძებზე მცხოვრებლებად.

კონტინენტური კლიმატის აღმოსავლეთ საქართველოში საცხოვრებელი შენდებოდა განიერი (60 სმ და მეტი სისქის) ქვისა და ორ რიგად დაწყობილი კირით გამაგრებული აგურის კედლებით, რის გამოც იგი საიმედოდ იყო დაცული  ზამთრის სიცივისა და ზაფხულის პაპანაქებისაგან.

დღეს კი ჩვენი მოსახლეობა ცხოვრებას ცემენტის ტყვეობაში ატარებს“და განა გასაკვირია, რომ ართრიტები, ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა, ფსიქიკური თუ სხვა დაავადებები  ქრონიკულ პრობლემებად იქცა?!  ამიტომ დროა, გამოსავალი ვიპოვოთ...

- როგორ?

- დღეს მსოფლიოში ცემენტით დატენიანებას თავს აღწევენ ბეტონზე კალმატრონის  დამატებით.

- მშენებარე შენობებს შეიძლება კალმატრონის ან სხვა ნივთიერების დამატებით ეშველოს, მაგრამ ძველ შენობებს რა ელის?

- ამის მოგვარებაც შესაძლებელია შენობების საექსტერიერო (ნესტისა და სითბოს შემწოვი გარეთა) ნაწილების შესაბამისი მასალებით მოპირკეთების შემთხვევაში, თუმცა ეს სახელმწიფო სტრუქტურების დახმარების გარეშე შეუძლებელია. ცხადია, აუცილებელია ცემენტის განინტერიერების (შიდა ზედაპირის) იზოლაციაც, რაც ასე თუ ისე ადრეც კეთდებოდა, დღეს ეს  თაბაშირ-მუყაოთი კეთდება.

შენობების ექსტერიერის  დაცვა თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პირობებში შეიძლება მინამაგნეზიტური ფილით (მმფ), რომელიც, სხვა ღირსებებთან ერთად, ნესტისა და სითბოს მაიზოლირებელი თვისებებითაც ხასიათდება.

დღეს ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ შეძლებენ, ცემენტის ტყვეობაში“ მყოფ მილიარდობით ადამიანს ახალი, ჯანმრთელობისთვის  უსაფრთხო საცხოვრებელი აუშენონ. ჩვენ ამას მით უფრო ვერ გავაკეთებთ, ამიტომაც მივმართავთ დედაქალაქის მერიას იდეის მხარდასაჭერად - მე და ჩემი მეზობლები მზად ვართ, ჩვენი  კორპუსი ექსპერიმენტულად მოპირკეთდეს ამ ფილებით... ვნახოთ შედეგი და იქნებ მერე მთელ ქალაქსაც ეშველოს...