"გაწვიმდება და ჩვენი უბედურებაც იწყება" - კვირის პალიტრა

"გაწვიმდება და ჩვენი უბედურებაც იწყება"

ოთხი წელია, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის მოსახლეობა ამინდის შეცვლას შიშით ელოდება. როგორც იქაურები ამბობენ, ყოველი წვიმის დროს მათი სახლების უკან პატარა მდინარე დიდდება და წყალი სახლებში უვარდებათ. ამ პრობლემით შეწუხებულმა მოსახლეობამ დახმარება არაერთხელ სთხოვა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.

"მოიქუფრება თუ არა,  გულშეღონებულები  ცას შევჩერებივართ, იქნებ გადავრჩეთ და არ გაწვიმდეს, თორემ ეს პატარა მდინარე რომ ადიდდება, წყალი ეზოში გვივარდება. მერე ერთი დღე  ოთახებიდან წყლის ამოტუმბვას ვუნდებით. თავიდან ამ მდინარის კალაპოტი მოშორებით იყო, მაგრამ არ ვიცით, ვის მოუვიდა აზრად - მოვიდნენ ტრაქტორით, იქაურობა გადათხარეს,  მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და მოსახლეობისკენ გადმოაგდეს. სახლის უკან მდებარე მიწის ნაკვეთის დაახლოებით 10 მეტრი უკვე დავკარგე. ყოველი წვიმის შემდეგ სულ უფრო მიპატარავდება ეზო. სანამ სახლს წაიღებს, იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს!

ჩვენს სოფელში მარტო მე როდი ვარ ასეთ დღეში -  წვიმის დროს გულო  ცორიკაშვილის ეზოშიც შევარდა წყალი და  კედლები ისე დააზიანა, რომ მალე სახლი ჩამოიშლება. ბევრჯერ მივაკითხეთ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ აბა, ვის აქვს ჩვენი დარდი.

ძვირფასო რედაქცია, ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, ვიცით, ჩვენს თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებთ. იქნებ წერილის გამოქვეყნების შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღება და საშველი დაგვადგეს.

ზოია ნოზაძე, სოფელი ცოდნისკარი"