გლეხები წართმეული მიწის დაბრუნებას ითხოვენ
24-11-2014
გლეხები წართმეული მიწის დაბრუნებას ითხოვენ
რამდენიმე წლის წინ თბილისს 23 სოფელი შეუერთეს, მათ შორის ტაბახმელა.  სოფლის მოსახლეობა, რომელიც ძირითადად თავს მეცხოველეობით ირჩენს, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"ჩვენი მამაპაპეული საძოვრები სადავო გახდა, როდესაც კუმისელებმა ცხვრის ფარა ჩვენს საძოვრებზე გადმორეკეს და მათთან შეკამათება მოგვივიდა, ნიშნის მოგებით გვითხრეს, - ეს მიწა ახლა გარდაბნის ბალანსზეა და წადით და კანონს ებრძოლეთო. შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ აღმოჩნდა ჩვენი საძოვრები და ბუჩქნარი ტყე კუმისელების ხელში. ტაბახმელა კი თბილისის საზღვრებშია მოქცეული, მაგრამ საძოვრები გარდაბნისთვის გადაულოციათ.
ამის მიზეზი, ვფიქრობთ, ერთია: მიწა თბილისის საზღვრებში უფრო ძვირია, გარდაბნის საკუთრებაში არსებულ მიწას კი იაფად იყიდი. თბილისის მერიას დახმარება ვთხოვეთ. მხოლოდ არაფრისმთქმელი პასუხი მივიღეთ. ის მაინც გვითხრან, ვის  მოვთხოვოთ პასუხი.“

პატივისცემით, სოფელ ტაბახმელის მოსახლეობა



ადგილობრივების ცნობით, 2007 წელს, ტერიტორიების გამიჯვნისას, უნებლიე შეცდომისა თუ ვიღაცის კერძო
ინტერესის გამო, სოფლის სავარგულების ერთი ნაწილი - 16 ჰა გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის საზღვრებშია რეგისტრირებული (ლაპარაკია "სოლაღას წილის" სახელით ცნობილ ტერიტორიაზე, რომელსაც ათეულობით წელია, ტაბახმელელები ჯერ სახნავად იყენებდნენ, შემდეგ კი საძოვრად).

"თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გენგეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილებიდან მოგვწერეს თუ როგორ გავხდით თბილისელები. ახალი საზღვრის შესახებ დადგენილებას თან ერთვოდა რუკა, სადაც საძოვრები და ბუჩქნარი ტყე მოქცეულია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ე.ი. ტაბახმელის საძოვარი კანონით თბილისს და, შესაბამისად, ტაბახმელას ეკუთვნის, მაგრამ რატომღაც გარდაბნის ბალანსზე არის დარიცხული", - აცხადებენ გლეხები.

"კვირის პალიტრა"“თბილისის მერიას დაუკავშირდა. ფიქრია კვერნაძე, არქიტექტურული სამსახურის იურისტი: -  უპირველესად, უნდა დადგინდეს, სად დაუშვეს შეცდომა, თუ ის ნამდვილად არსებობს, საზღვრების დადგენისას, თუ დემარკაციის დროს. თუ დემარკაციის პრობლემა არის, მაშინ ამ საქმეს საჯარო რეესტრმა უნდა მიხედოს. იმ შემთხვევაში კი, თუ საზღვრები დემარკაციამდე დადგინდა არასწორად, გლეხებს საკრებულომ უნდა უშუამდგომლოს პარლამენტთან, რათა შესწორდეს საზღვრები და ახალი ვარიანტით დამტკიცდეს. 

- ვის უნდა მიმართონ გლეხებმა ამ შემთხვევაში?
- ერთდროულად საკრებულოსა და საჯარო რეესტრს, რომ საკითხი უფრო ოპერატიულად გაირკვეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით