"ადვილია იყო კეთილი, მაგრამ ძალზე ძნელია, იყო სამართლიანი" - კვირის პალიტრა

"ადვილია იყო კეთილი, მაგრამ ძალზე ძნელია, იყო სამართლიანი"

"ალალი იყოს ის სიხარული, რომელსაც 10 წლის წინ დაწერილი წერილი ადრესატს მოუტანს"

სკივრი, რომელიც 10 წლის წინ გაივსო წერილებით, "ერისიონის" გულისშემძვრელი "მრავალჟამიერის" თანხლებით შემოიტანეს. წარსულიდან გამოგზავნილი 2546 სითბოთი და ტკივილით, დარდითა და სიყვარულით დაწერილი წერილი სულ მალე ადრესატებთან აღმოჩნდება. ეს მხოლოდ 2010 წელს გასახსნელი წერილების რიცხვია... 2025, 2050 და 2100 წელს გასახსნელი სკივრები ვინ იცის, კიდევ რამდენ წერილს მიაქანებენ მომავალში...

მარკესის სევდიანი პოლკოვნიკი გამახსენდა, ყოველდღე რომ მიდიოდა ფოსტაში წერილის მოლოდინით და ხელცარიელი ბრუნდებოდა უკან... პენსიის საკითხი აქ რა მოსატანია (მარკესის გმირი ხომ პენსიის შესახებ ელოდა შეტყობინებას), მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი მოლოდინის - სიყვარულისა და მონატრების ათი წლის წინ დაწერილი წერილებისთვის იმ დღეს ბევრი ეწვია სახელმწიფო არქივის შენობას. რამხელა ბედნიერებაა, როცა წერილს ელოდები და რა ცუდია, როცა არავინ გწერს...

გულნაზი მამარდაშვილი: - რას ვიფიქრებდი, თუ ამ დღეს მოვესწრებოდი... ათი წლის წინ ისე ცუდად ვიყავი, მეგონა, ვერ გავატანდი... 21 წლის შვილი გარდამეცვალა. მას პატარა დარჩა - ჩემი შვილიშვილი, რომელსაც ის წერილი მივწერე, ამ სკივრში რომ დევს...

KvirisPalitra.Geგიორგი ბენიძე: - ეს იდეა ისე მომეწონა, წერილი - ჩემს ვაჟს, პაატას მივწერე... მაშინ მეგონა, ჩემს სოხუმში დავბრუნდებოდი და ისიც იმ მისამართზე იცხოვრებდა, სადაც ჩემი წინაპრების სახლი იდგა და ახლა უცხოტომელი ცხოვრობს... როგორც ხედავთ, ისევ აქ ვარ... გამწარებული ლტოლვილი დავკონწიალობ წუთისოფელში... ჩემს დაწერილ წერილს 2025 წელს მიიღებს ჩემი შვილი.

გიზო ნიშნიანიძე: მწერალი - ეს ბრწყინვალე ჩანაფიქრი გენიალურად გრძნობს დროს, მის წარმავლობას. ათი წელი გავიდა ამ წერილების დაწერიდან და თითოეული მათგანი უკვე ისტორიიდან მოდის. ალალი იყოს ის სიხარული, რომელსაც ადრესატს მოუტანს.

ჯემალ ჭკუასელი: "ერისიონის" ხელმძღვანელი - პირველი გზავნილი ჩემი მხრიდან სიმღერაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტყვის ძალა არ ვიცი. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ვინ იცის, როგორ გამოადგებათ ეს გზავნილები ადრესატებს, ან როგორ გამოადგება ჩვენს სამშობლოს 2100 წელს გახსნილი გზავნილები.

თავის დროზე მე ვერ გავბედე წერილი დამეწერა და მომავალში გამეგზავნა. დიდი მადლობა "კვირის პალიტრას", მისი ერთგული მკითხველი ვარ. "მრავალჟამიერით" გიერთდებით, "მრავალჟამიერი" იყოს თქვენი თანამდევი.

თეონა იაშვილი, სახელმწიფო არქივის დირექტორი: - როგორც რიგითი მოქალაქე, ვწუხვარ, რომ ჩემი წერილი არ დევს ამ სკივრში. უამრავმა მოქალაქემ გვთხოვა, სკივრში დაგვემატებინა მათი წერილები. ამიტომ ჩემი თხოვნაა, როგორც კი დაცარიელდება სკივრი, მაშინვე დაიწყოს მათი შევსება. მინდა ეს ტრადიციად იქცეს.

გოჩა ტყეშელაშვილი, "გზავნილი მომავალში"-ს იდეის ავტორი: - დენი დიდრო ამბობდა, ადვილია იყო კეთილი, მაგრამ ძალზე ძნელია, იყო სამართლიანიო. აღმოჩნდა, რომ "კვირის პალიტრამ" შეძლო, იყოს სამართლიანი, თან არ დაივიწყოს ადამიანი, მისი სულიერი სამყარო.

გიორგი თევდორაშვილი, "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი: - გილოცავთ ამ წერილების სკივრის გახსნას. ყველაფერი, რაც ძველდება, კარგი არ არის, მაგრამ წერილი, რაც დრო გადის, უფრო საინტერესოა და შეუფასებელი ხდება.

ვფიქრობდი, როგორც ძველ კონიაკში არ შეიძლება ახლის ჩასხმა და ძველ ღვინოში - მაჭრისა, ისე არ უნდა ჩაემატოს ახალი წერილები 2000 წელს დაწერილ წერილებს-მეთქი, მაგრამ რადგან ამდენს სურს გაგრძელდეს მომავალში წერილების გაგზავნა, ერთად დავადგათ თავი ამ საქმეს. ახალი წერილებისთვის შეიძლება სხვა სკივრი შევქნათ...

გთავაზობთ რამდენიმე წერილს, რომლის ადრესატიც "კვირის პალიტრაა":

"კვირის პალიტრის" რედაქციას: "XXI საუკუნის ახალგაზრდობას, სრულიად საქართველოს! მოგესალმებით და გეფერებით XX საუკუნის მიწურულიდან - უშუქობიდან, უმუშევრობიდან, უფულობიდან, საქართველოს დარღვეული მთლიანობიდან, ნაკუწ-ნაკუწ დაქუცმაცებული მამულიდან, გათითოკაცებული ქართველობიდან, კორუმპირებული ხელისუფლებიდან და იმედგაცრუებული მოსახლეობიდან. იყო დრო, მეამაყებოდა ქართველობა. ახლა მრცხვენია და იცით, რატომ? ამ ულამაზეს და უნიჭიერეს ხალხს ასეთი რა მოურჩენელი სენი შეგვეყარა, რომ საუკუნის მიწურულს - ახალი წლის მოლოდინში დღე ღამედ გვექცა და ღამე - დღედ. დღე გვძინავს და ღამე კი, როცა სინათლეს მოგვცემენ, ვსაქმიანობთ - ვრეცხავთ, ვხეხავთ, სადილს ვამზადებთ, ვმეცადინეობთ...

გული მეტანჯება მეტროს ვაგონში შემოსული ჩვილბავშვიანი თუ მოხუცი მათხოვრების დანახვისას. რომელ ერთს გავუნაწილო 14 ლარი - ჩემი კუთვნილი პენსია? რა ზნე გვჭირს ქართველებს? რა ტერიტორიები დაგვიკარგავს, როგორ "გაგვიჩუქებია" ისტორიული ადგილები ბედუკუღმართობით თუ დაუდევრობით! იმედი მაქვს, როცა ამ ბარათს წაიკითხავთ, თქვენ ძლიერ და ლამაზ საქართველოში იცხოვრებთ. გეყვარებათ ერთმანეთი და, რაც მთავარია, გაუფრთხილდებით მამულს.

მერი გარსევანის ასული თოფჩიშვილი."

* * *

"ეჰ, რა დრო დაუდგა ჩემს საყვარელ სამშობლოს. ყოველგვარი უბედურება ერთად დაატყდა თავს. სულიერად და ფიზიკურად განადგურებულია ქართველი ერი. ერთმანეთს ვეღარ ცნობს ხალხი. დროის დინებასთან ერთად ქუცმაცდება უმშვენიერესი მიწა-წყალი. გასაგებია ასეთი ვითარება დაპყრობილ-დამონებულ ქვეყანაში, მაგრამ ისეთი უბედურება და საშინელება, რაც საქართველოში ხდება, თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ხდებოდეს, დამეთანხმებით, ალბათ ცოტა ირონიულიც კია, სატირალი რომ არ იყოს. თვით ამჟამინდელი ხელისუფლება ძარცვავს და ავერანებს თავის სამშობლოს. ნუთუ არ ეშინიათ, არ რცხვენიათ თავიანთი საქციელის, საკუთარი შთამომავლობისა თუ ისტორიის წინაშე, რომ მათ ასეთ ქვეყანას უტოვებენ. ამნაირ ხალხს დაკარგული აქვს საკუთარი მამულის შეგრძნება. დიდ ილიას უთქვამს: "ამისთანა ხალხმა არ იციან, რისთვის არიან, საიდან მოდიან და სად მიდიან". ეს წერილი ათი წლის შემდეგ გაიხსნება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო იქნება ბედნიერი, აყვავებული, ყოველგვარი სიკეთით შემკობილი ქვეყანა, და საქართველო იქნება უფრო უკეთ, ვიდრე დავითისა და თამარის დროს იყო. ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს თითოეულ ქართველს, ამინ.

თ.ბ. სოსოს ძე, ბათუმი"

* * *

"ჩვენ მოტყუებული თაობა ვართ; პირში ჩალაგამოვლებულები; დაკარგულები ამ უტოპიაში; უსამართლობისა და უთანასწორობის მსხვერპლნი; ჩვენ გაგვწირეს, გაგვწირეს უკანმოუხედავად...

ჩვენ არ ვიცით, რა ვართ, ვინ ვართ, ან საერთოდ რისთვის ვართ... ტანჯვის გზას ვადგავართ, მიგვიყვანს კი ეს ჭეშმარიტებამდე?....

....დღეს ორი ათასი წლის დეკემბერია, დრო, რომელიც დღეს არსებობს და ხვალ შეიძლება მარადისობად იქცეს. საქმე ისაა, ვინ როგორ შედგამს ფეხს მარადისობაში, რომელ გზას დაადგება...

ვლოცავ ჩვენს მომავალს: ჰქონოდეთ სულიერი სიძლიერე, რწმენა და ამ რწმენის ძალით აშენონ მომავალი, ჰქონოდეთ მეოხება და ღვთით კურთხევა მარადჟამს...

ჰქონოდეთ 21-ე საუკუნეში სითბო და სინათლე, გაძლება და სიყვარული ერთმანეთისა; ის ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც გადარჩენის ერთადერთი გზაა"...

ინგა ელგუჯას ასული ლომაძე