სიურპრიზები "კვირის პალიტრასთან" ერთად! - კვირის პალიტრა

სიურპრიზები "კვირის პალიტრასთან" ერთად!

მკითხველი ქართველი მხატვრების ალბომებსაც მიიღებს...

"კვირის პალიტრის" რედაქციას!

თქვენი გაზეთის დაარსების დღიდან მისი მკითხველი ვარ. ყველაფერს ყურადღებით ვკითხულობ. "დიდი მხატვრების" პირველი ალბომის ყიდვა, ჩემდა სავალალოდ, სამომავლოდ გადავდე... რას წარმოვიდგენდი, თუ მესამე დღეს გათავდებოდა მთელი ტირაჟი. სად არ ვიყავი, ვის არ ვთხოვე დახმარება, ვერსად მივაგენი ვან გოგის ალბომს. მერე კი, იცოცხლე, გამოსვლისთანავე დავიწყე "დიდი მხატვრების" შეძენა. მაქვს გოგენი, მონე, ველოდები კლიმტს, მაგრამ დარდად მაწევს, რომ ჩემს კოლექციაში ვან გოგი არ იქნება. იქნებ დამეხმაროთ, მეც და უამრავ ჩემნაირ ადამიანს - იქნებ ხელახლა გამოსცეთ უკვე გაყიდული მხატვრების ალბომები...

მართლაც დიდი საქმე კეთდება ამ გამოცემით, მაგრამ კიდევ უფრო გაგვახარებთ, თუ ქართველი მხატვრების მსგავს ალბომებსაც შემოგვთავაზებთ.

თქვენი პატივისმცემელი ბეჟან ლალიაშვილი."

ეს წერილი ერთი მრავალთაგანია. კიდევ ერთხელ გვინდა დავაკმაყოფილოთ მათი ცნობისწადილი და ვუპასუხოთ შეკითხვებს, რომლებიც ასე აქტუალურია "დიდი მხატვრების" სერიის წიგნებთან დაკავშირებით.

ლალი ჯაფარიძე,  გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი: - "დიდი მხატვრების" სერიამ ძალიან დააინტერესა მკითხველი. დღე არ გავა, არ დარეკონ - სად შეიძლება შევიძინოთ ვან გოგის, გოგენის ან მონეს ალბომებიო; სერიის პირველი წიგნი ვერ ვიყიდე, იქნება თუ არა წიგნის მაღაზიათა ქსელშიო; როდის გამოვა ახალი - კლიმტის ალბომიო... წიგნის მაღაზიებში აუცილებლად გამოჩნდება ვან გოგიც, გოგენიცა და მონეც. ჩვენ მათი ტირაჟი ხელმეორედ შევუკვეთეთ. სატელეფონო ზარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება მომხმარებლისთვის ისიც ცოტა აღმოჩნდეს, მაგრამ ვიდრე იქნება მოთხოვნა, ისევ და ისევ გავიმეორებთ მათ ტირაჟს. კლიმტის ალბომი კი თებერვლის დასაწყისში გამოჩნდება გასაყიდად "კვირის პალიტრასთან" ერთად.

- ბევრი მკითხველი კითხულობს, ყოველთვიურად რატომ არ გამოდის "დიდი მხატვრების" სერიის წიგნებიო...

- დროის შუალედის გაზრდა იმან განაპირობა, რომ საზღვარგარეთ დაბეჭდილი წიგნების ჩამოსვლას დიდი დრო სჭირდება... მონეს ალბომი, მაგალითად, დააგვიანა ავდარმა, რის გამოც ტრანსპორტირება შეფერხდა. მკითხველი აუცილებლად მიიღებს ყველა დაპირებულ ალბომს, მათი ნუსხა გარეკანის ბოლო გვერდზე იბეჭდება ხოლმე...

გამოსაცემი წიგნების სიის გაცნობის შემდეგ ჩვენმა მკითხველმა დაგვირეკა და გვთხოვა, დაგვემატებინა მსოფლიოს გამოჩენილი მხატვრები, მაგალითად, რაფაელი, დელაკრუა... რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და ამ მხატვრების ალბომებსაც მიიღებს მკითხველი. მუდმივად ვმუშაობთ, რომ "დიდი მხატვრების" სერია კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს. ძალიან გვინდა, ამ სერიით ქართველი მხატვრების ალბომებიც გამოიცეს.

- ხომ არ უნდა ველოდოთ გამომცემლობა "პალიტრა L"-ისაგან რაიმე სხვა ორიგინალურ წამოწყებასაც?

- ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ. მალე მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად მიიღებს მნიშვნელოვანი წიგნების სერიას, თუ რას, ამას სიურპრიზად დავტოვებ. "კვირის პალიტრასთან" ერთად კი ვაპირებთ ახალი სერიის, "ეს სამყაროა" წიგნების გავრცელებასაც. ეს იქნება ძალიან მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნები: "რაინდები და ციხე-კოშკები", "ეგვიპტე", "მტაცებლები", "მფრინავები", "გამოგონებები", "მწერები და ობობები" და სხვა. იმედია, მკითხველს მოეწონება.

ლევან ფანჯიკიძე, გამომცემლობა "პალიტრა-L"-ის მარკეტინგის მენეჯერი: - "დიდი მხატვრების" სერიის წიგნების გამოცემის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამსტერდამში "მსოფლიო გაზეთის ასოციაციის ფორუმზე" ვნახეთ ესპანური გამომცემლობა SOL90-ის წიგნები... ეს გამომცემლობა 10 წელზე მეტია მუშაობს პრესასთან ერთად. ცნობილ გაზეთებთან ("რეპაბლიკ", "ელ მუნდო" და სხვები) ერთად იაფად სთავაზობს ხალხს მაღალხარისხიან ლიტერატურას. ეს იმიტომ კეთდება, რომ გაზეთის მკითხველს საშუალება მიეცეს კოლექციის შეგროვებისა. წიგნები გაზეთის გარეშე, ცალკეც იყიდება, მაგრამ გაცილებით ძვირად...

გამომცემლობა SOL90-ის წარმომადგენლებს გერმანიაში, წიგნის საერთაშორისო გამოფენაზეც არაერთხელ შევხვდით, გადაწყდა, რომ საქართველოში გაზეთი "კვირის პალიტრა" შესთავაზებდა თავის მკითხველს საჩუქარს - "დიდი მხატვრების" სერიის წიგნებს, რომელთა ფასიც, დამეთანხმებით, მეტად ხელმისაწვდომია. თუ გაზეთთან ერთად ყიდულობთ, 15 ლარი ღირს, ერთი თვის შემდეგ კი, როცა წიგნის მაღაზიებში გაიყიდება, ცოტა გაძვირდება - 22 ლარი ეღირება, თუმცა დღევანდელ ბაზარზე მხატვართა ალბომების ფასებთან შედარებით არც ეს არის მაინცდამაინც ძვირი.

- ამ სერიით სულ რამდენი წიგნი აქვს გამოცემული გამომცემლობა SOL90-ს?

- სულ 17 წიგნი და ყველა მათგანის ქართულ ვერსიას მკითხველი აუცილებლად მიიღებს. ამას გარდა, დაემატება ის წიგნებიც, რომლებზეც ახლა მუშაობენ ესპანეთში. ვფიქრობთ, უფრო განვავრცოთ არეალი და მკითხველს ქართველ მხატვართა ალბომებიც შევთავაზოთ. სხვათა შორის, მომავალში თუკი ეს ალბომები გამოიცემა, შეიძლება მათი ესპანურ ენაზე გამოცემაც.

- სად იბეჭდება "დიდი მხატვრების" ტომები და მათი ქართული ვერსიის ხარისხი რამდენად შეესაბამება ევროპულს?

- რაც უნდა გაგიკვირდეთ, ქართული "დიდი მხატვრები" გაცილებით მაღალი პოლიგრაფიული დონით გამოირჩევა, ვიდრე მისი ორიგინალი ესპანეთში. ჩვენ მივაკვლიეთ უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სტამბას სინგაპურში. იქ დაბეჭდილი წიგნების ხარისხით ევროპელები ძალიან მოიხიბლნენ.

- საინტერესოა, მხოლოდ ამ სერიის წიგნებს სთავაზობენ გაზეთებთან ერთად ესპანეთში?

- არა, იქ რამდენიმე სერიული გამოცემაა, რომელიც გაზეთებს ახლავს თან. ამჯერად ამ გამომცემლობის წიგნებიდან ჩვენ მხოლოდ "დიდი მხატვრებით" დავინტერესდით. ვფიქრობთ, "კვირის პალიტრის" მკითხველს რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის ლიტერატურა შევთავაზოთ.

"ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში ბევრი აკითხავს "დიდი მხატვრების" გამოცემებს. როგორც წიგნის გამყიდველმა მითხრა, დღე არ გავა, ათეულობით კაცმა არ მოიკითხოს, როდის გამოვა ახალი ალბომი, ან როდის გაიყიდება ხელახლა ძველი გამოცემები.

- თებერვალში აუცილებლად გვექნება. ზოგიერთი იმდენად ღელავს, ვაითუ ისევ არ შემხვდესო, რომ დღეგამოშვებით გვაკითხავს, წიგნები ხომ არ გამოჩენილაო, - გვეუბნება "ბიბლუსის" თანამშრომელი.

მკითხველის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ყველანი მობილიზებულები ვართ. მათ, ვინც გასულ თვეებში ვერ მიუსწრო ვან გოგს, გოგენს ან მონეს, მალე შეეძლებათ ამ გამოცემების შეძენა.