"მგზავრებმა დღემდე არ იციან, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე გაიარეს"
15-12-2014
"მგზავრებმა დღემდე არ იციან, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე გაიარეს"
"თუ სიჩქარეს არ მოვუმატებდი, თბილისი-ზუგდიდი რამდენიმე წამში დამეწეოდა, მერე კი ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახებოდა და მსხვერპლიც ძალიან დიდი იქნებოდა"

ნათქვამია, ზოგის ბამბაც ჩხრიალებს და ზოგის კაკალიც არაო... ყველას გვინახავს, როგორ დგანან ნამდვილი გმირები ჩრდილში და როგორ იბრალებენ მათ საქმეებს ქოსატყუილები... მაგრამ ოდესმე სიმართლის ნერგი იხარებს და მდაბლად დაგაკვრევინებს თავს მისთვის, ვინც სულ რამდენიმე წუთში მეტი შეძლო, ვიდრე ზოგმა მთელი სიცოცხლის მანძილზე. აი, ასე მომინდა, რიგითი რკინიგზელის, გაიოზ გორჯოლაძისთვის თავის დახრა,
როცა მის შესახებ გამოგზავნილი წერილი წავიკითხე - დაახლოებით 500 კაცი გადაარჩინაო. მერე ბატონი გაიოზი მოვძებნე და ის დღე გავახსენებინე:


- 2006 წელი იყო. მორიგემ მანიშნა და რკინიგზის სკრა-გორის მონაკვეთზე დავძარი სატვირთო შემადგენლობა, რომელსაც აალებადი საწვავი მიჰქონდა. ეს ძალზე საშიში ტვირთია. თანაც სატვირთო მატარებლები სამგზავროზე ნაკლები
სიჩქარით მოძრაობენ, მათი სიჩქარის აწევა სარისკოა, ამიტომ ლიანდაგზე, რომელზეც სატვირთო მატარებელი მიდის, სამგზავრო რამდენიმე საათის შემდეგ უნდა გაუშვა, რათა რაიმე კატასტროფა არ მოხდეს. გულდაიმედებული მივდივარ და უეცრად რაციის წყვეტილი ხმა მესმის, - თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის  მემანქანე მორიგეს ეკითხება, - ამა და ამ ლიანდაგზე ვარ და რომელ მონაკვეთში შემოვიდეო. როცა მემანქანეს არ ეხება, ასეთ სიგნალებს ყურს არ უგდებს ხოლმე, მე კი, რატომღაც, ყველა ხმას ვისმენ. ეს გავიგონე თუ არა, ჩაქუჩივით დამკრა თავში, - მე ხომ ზუსტად ამ მონაკვეთში ვმოძრაობ-მეთქი! თუ სიჩქარეს არ მოვუმატებდი, თბილისი-ზუგდიდი რამდენიმე წამში დამეწეოდა, მერე კი ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახებოდა და მსხვერპლიც ძალიან დიდი იქნებოდა. რაცია მოვიმარჯვე და სადგურის მორიგეს ვუბღავლე, - ზუგდიდის მატარებელი გააჩერე, უკან მომდევს-მეთქი. მერე კი გავიფიქრე, რაც მოხდება, მოხდეს, ჩემი - ერთი კაცის სიკვდილი სჯობია იმდენი ხალხის დახოცვას-მეთქი და სიჩქარეს მოვუმატე.

- ეს სადგურის მორიგის შეცდომა იყო?

- აბა, ვისი!.. მატარებლების განრიგს მორიგე ადგენს...

- მერე რა მოხდა?
- გადავრჩით.  სიჩქარის მომატებით ლიანდაგიდან არც ჩემი ვაგონები გადაცვივდა და თბილისი-ზუგდიდის მემანქანემაც შეძლო სიჩქარის შენელება.

- ეს ამბავი სამგზავრო მატარებლის მგზავრებს არ გაუგიათ?
- დღემდე არ იციან, სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე რომ  გაიარეს.

- რკინიგზის ხელმძღვანელობამ თუ შეიტყო?
- შეიტყვეს და სიგელიც მომცეს.
...
19 აგვისტო 2016 02:59
Gaixare. Ketilo adamiano
nodari-s
17 დეკემბერი 2014 18:02
ეეჰ, შენ ჭამე ნოდარი! ჭამე! თორემ კიდევ რამე წამოგცდება, 2006-ში გუნცაძეს რკინიგზაში ვინ მიასუნინებდა ჰაა.....
nene
17 დეკემბერი 2014 15:48
მე არ ვიცი მატარებლების მართვის სისტემაში რა ხდება რამდენ მეტრში შეიძება მატარებლის გაქვავება თუ გაჩერება, მე ის ვიცი რომ დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ამ ადამიანს იმისათვის რაც გააკეთა, რადგან მატარებლით მგზავრობის შედარებით უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაგ მატარებლით მაგ პრიოდში ძალიან ხშირად ვმგზავრობდი კვირაში რამდენიმე დღე ჩემს პატარასთან ერთად სულაც არაა გამორიცხული აღნიშნული მატარებლის მგზავრი ვყოფილიყვი და წარმოდგენაც კი მიჭირს იმის რაც შეიძლება მომხდარიყო იმ მომენტში.სწორედ ამგვარ ადამიანებს სჭირდებათ ყურადღება და დაფასება. ღვთის შეწევნა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ!

რედაქტორის რჩევით