"მტრედი იმ დღესაც გარინდული უსმენდა წირვა-ლოცვას"
15-12-2014
"მტრედი იმ დღესაც გარინდული უსმენდა წირვა-ლოცვას"
წერილი, რომელიც წმინდა ბარბარეს ტაძრიდან მოგვწერეს, უფლის  სიყვარულითა და რწმენით არის სავსე.

ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე წმინდა ბარბარეს პატარა ტაძარი 2000 წელს გაიხსნა. მისი წინამძღვარი მამა ანტონ ბეჟანიშვილი თავად ხატავდა ფრესკებს. ბარბარობამდე სულ ერთი კვირა იყო დარჩენილი, როცა საკურთხევლის მოხატვა დაიწყო. სწორედ ამ დროს მტრედები მოფრინდნენ და ტაძარს გუნდ-გუნდად ევლებოდნენ გარს. დროდადრო 3 მტრედი კარზე ჯდებოდა და გაირინდებოდა, ბოლოს ერთი გამოეყო, ტაძრის ფილაქანზე დაეშვა და საკურთხევლისაკენ ადამიანივით თავდახრილი გაემართა, მარჯვენა მხარეს, ღვთისმშობლის
ხატის წინ დადგა და საღამომდე აღარც განძრეულა. საღამოს მესანთლემ წაიყვანა, - ფრინველები სიბნელეში კედელს ეხეთქებიან და რაიმე არ დაიშავოსო. დილით შეწუხებული მოვიდა, - მტრედი აივანზე  მუყაოს ყუთში ჩავსვი და საკენკიც დავუყარე, დილით კი აღარ დამხვდაო. არადა, მტრედი უკვე ტაძარში იყო - კვლავ ღვთისმშობლის ხატის წინ.
მესანთლემ მტრედი იმ საღამოსაც წაიყვანა შინ, მეორე საღამოსაც, მაგრამ, რადგან ისევ უკანვე მოფრინდა და ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა, ხელი აღარ უხლია. მლოცველები კი საკურთხევლის წინ უძრავად მდგარი მტრედის დანახვაზე პირჯვარს იწერდნენ. მალე მამა ანტონმა საკურთხევლის მოხატვა დაიწყო, მტრედი აფრინდა და კანკელზე შემოჯდა.

მესანთლემ მოძღვარს ჰკითხა, - მამაო, ბარბარობამდე 4 დღე დარჩა და საკურთხევლის მოხატვას მოასწრებთო? მან ღიმილით უპასუხა, - უსათუოდ მოვასწრებ, თან ხომ ესეც მეხმარებაო და მტრედზე მიანიშნა.
ამასობაში წმინდა ბარბარეს დღესასწაულიც დადგა. კანკელზე შემომჯდარი მტრედი იმ დღესაც გარინდული უსმენდა წირვა-ლოცვას, მერე კი გაფრინდა, თუმცა, ქრისტეშობას ისევ დაბრუნდა.

ასე გრძელდებოდა 2004 წლამდე, მანამ, სანამ  მამა ანტონმა ეკლესიის მოხატვა არ დაასრულა და ანტონ მარტყოფელის ტაძარში არ გადავიდა.  მას შემდეგ ტაძარში მის ნაცვლად მამა ანტონის ტყუპისცალი ძმა, მამა ზაზა მოვიდა, მასავით მადლმოსილი და სიმშვიდით აღსავსე ღვთისმსახური.

ანა კურტანიძე
მაია
06 იანვარი 2016 20:24
დიდება უფალს
M.G.
30 მარტი 2015 16:21
მახსოვს ეგ მტრედი, წირვის დროს ხარაჩოებზე იდგა და ღუღუნებდა ხოლმე. მაგ ტაძართან ვცხოვრობ და ერთხელ მეც მესტუმრა სახლში, აივნიდან შემოფრენილადა მთელი დღე ჩემს ბინაში გაატარა. აღდგომის შემდგომი დღეები იყო და პასკითა და წყლით გავუმასპინძლდი :)

Tinatini
17 დეკემბერი 2014 15:45
მამა ანტონი და მამა ზაზა ნამდვილი ღვთისშვილები არაიან, მათგან ისეთი სიწმინდე და სიმშვიდე მოდის მალევე გინდება მათ მიერ ჩატარებულ წირვაზე დაბრუნება. ღმერთმა გააძლიეროს იცინი და ყველას შეგეწიოთ წმინდა ბარბარე.

რედაქტორის რჩევით