"მინდა ჩემი ქართველები გავახარო" - კვირის პალიტრა

"მინდა ჩემი ქართველები გავახარო"

გამოსავალი ზოგჯერ იქიდან მოდის, საიდანაც საერთოდ არ ელი, - ერთი ნიჭიერი ქართველი კაცი ამ წერილით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს მრავალრიცხოვან თანამემამულეს დახმარებას სთავაზობს...

ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ წერილს ბაღდათიდან ბატონი შოთა ჟვანია გამოეხმაურა:

"შემაშფოთა თურქეთში მცხოვრები გურჯების გულისტკივილმა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ქართული ტელეგადაცემების მიღებაზე პრობლემები აქვთ, რადგან მათი ანტენები არის აწყობილი 420 სატელიტზე, ხოლო ქართული არხები გადავიდა 360-ზე. როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ამ პრობლემიდან გამოსავალს გთავაზობთ და თქვენი გაზეთის საშუალებით, გთხოვთ მიაწოდოთ რეკომენდაციები ჩვენს თანამემამულეებს, სადაც ისინი ქართულ არხებს დამატებითი ანტენის გარეშე მიიღებენ, როგორც 420, ისე 360"-ზე.

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში თურქეთში მცხოვრები თანამემამულეების წერილი "მოაბრუნეთ ანტენა!" გამოვაქვეყნეთ, ისინი გვწერდნენ: - ჩვენო ქართველებო, რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვიყავით, როცა ქართული ტელევიზიის ყურების საშუალება გვქონდა, თითქოს ის მანძილი, რაც ქართველებთან გვაშორებდა, არც არსებობდა, ახლა კი... საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი 36-გრადუსიან სატელიტზე გადავიდა. ჩვენ და ყველა თურქეთში მცხოვრებ ხალხს სატელევიზიო არხები 42-გრადუსიან სატელიტზე გვაქვს. ამიტომაც ახლა პირველი არხის მისაღებად მეორე ანტენაა საჭირო. ეს კი ყველას არ შეუძლია.

პირველი არხის თავმჯდომარემ იცოდა ჩვენი თხოვნა, რომ 42-გრადუსიან სატელიტზე დარჩენილიყვნენ, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენი თხოვნა მათთვის არაფერს ნიშნავს. მეტიც, ალბათ, ახლა "იმედი" და "რუსთავი 2"'-ც გადავლენ 36-გრადუსიან სატელიტზე. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ თურქეთში მცხოვრები ქართველობა საქართველოზე ვეღარაფერს გაიგებს.

"კვირის პალიტრა" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გაიკვირვა - ჩვენს გადაცემებს ახლა ყველგან უკეთ იღებენ და მალე სხვა ქართული არხებიც 36-გრადუსიან სატელიტზე გადავლენო! პასუხი ვერაფერი ნუგეში გახლდათ.

წერილის მიღების შემდეგ, შოთა ჟვანიას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, უფრო დეტალურად განემარტა, როგორ უნდა მოიქცნენ თურქეთში მცხოვრები ქართველები, რომ შეძლონ ქართული არხების ყურება.

შოთა ჟვანია: - ჩვენ ხომ თურქეთიდან შემოგვაქვს "თეფში-ანტენები", რომელიც საქართველოში უკვე ბევრს უდგას. პირადად მე რამდენიმე თეფში მაქვს შინ, - მათ შეუძლიათ პრაქტიკულად განუსაზღვრელი რაოდენობის მსოფლიო ტელეარხები მიიღონ შუაში დამაგრებული პატარა მიმღებით - ე.წ. თავაკით. როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველობა იწერება, ეს თეფშები მათაც უდგათ, ოღონდ გადაცემებს მხოლოდ ეკვატორიდან 42 გრადუსზე განლაგებული სატელიტებიდან იღებენ. ადამიანის გონებისთვის შეუძლებელი არაფერია, მინდა ისინი გავახარო, - მათ მათივე თეფშებით შეუძლიათ მიიღონ 36-გრადუსიანი სატელიტიდან ქართული ტელევიზიების გადაცემები.

- როგორ?

- ამისთვის უნდა იყიდონ კიდევ ერთი პატარა, 0,5 ან 0,6-დეციბალიანი თავაკი (რაც ძვირი ნამდვილად არ ღირს) და თეფშის მარჯვენა მხარეს დაამაგრონ თუნდაც ალუმინის მავთულით, რომ ქარმა არ წაიღოს. მაგრამ სანამ დავამაგრებთ, თავაკმა უნდა მოძებნოს და დაიჭიროს ის ქართული არხები, რომელიც 36-გრადუსიან სატელიტზე გადავიდა. ამისთვის თეფშთან ახლოს უნდა მივიტანოთ ტელევიზორი თავისი რესივერით. რესივერი კი, ვისაც სატელიტური ანტენა უდგას, ყველამ იცის, რაც არის - ეს გახლავთ პატარა დანადგარი, რომელიც ანტენა-თეფშს ახლავს, სწორედ ის იმახსოვრებს და ეკრანზე გადააქვს თავაკის მიერ დაჭერილი არხები.

თავაკის ერთი ბოლო კაბელით უნდა მივუერთოთ რესივერს, რომელშიც ჩატვირთული იქნება 36-გრადუსიანი სატელიტების პროგრამები (იმ შემთხვევაში, თუ ჩატვირთული არ არის, ესეც იოლი საქმეა - პროგრამები იყიდება ან შეგვიძლია ინტერნეტსაიტიდან ჩავტვირთოთ). შემდეგ კი რესივერში ჩამაგრებულ თავაკს თეფშის მარჯვენა მხარეს მანამდე ვამოძრავებთ, სანამ სასურველი ტელეარხების სიგნალებს არ დაიჭერს და ეს არხები ტელევიზორში გამოჩნდება. და, სადაც დაიჭერს, სწორედ იმ წერტილში ვამაგრებთ თეფშზე თავაკს. შემდეგ იქვე ვაერთებთ არხების გამანაწილებელზე, აქედან კი ამჯერად უკვე სასურველი სიგრძის კაბელით ვუერთებთ რესივერს, ანუ იქამდე, სადაც გვინდა ტელევიზორი და რესივერი გვედგას.

სულ ეს არის. ყოველივე ამისთვის ვიყენებთ რესივერის პულტს, რომლითაც ტელევიზორში მიღებულ პროგრამებს ვარეგულირებთ. ამის გაკეთება შეუძლია თეფში-ანტენის ნებისმიერ ხელოსანს. და თუ ისინი საზღვარგარეთ არ მოიძებნა, მზად ვარ, თავად წავიდე თურქეთში და ჩემს თანამემამულეებს უსასყიდლოდ დავეხმარო. ამაზე უკეთესს რას გავაკეთებ. აი, ჩემი ტელეფონიც: 895 26 58 66; 890 71 71 91.