მეგობარი დამილოცეთ, ძმებო! - კვირის პალიტრა

მეგობარი დამილოცეთ, ძმებო!

ამ წერილში კვლავ მოგითხრობთ განუმეორებელ მეგობრობაზე, მსგავსს იშვიათად თუ გამოცდის სიცოცხლეში ადამიანი. ეს 68 წლის მანძილზე შეურყეველი მეგობრობის ამბავია:

კვირისპალიტრელებო, შვილებო, ეს ჩემი მეორე წერილია, პირველში გწერდით, თუ როგორ შევფიცეთ ერთმანეთს მეგობრობა ათეული წლის წინ პლეხანოველმა ბიჭებმა. მაშინ ოცი წლისანი და ოცდაათნი ვიყავით, ახლა თერთმეტნი დავრჩით და ოთხმოცს გადაშორებული - სიკვდილის გარდა, ერთმანეთთან ვერაფერმა დაგვაშორა. ვისაც შეგვიძლია, ისევ ვხვდებით თვეში ერთხელ ერთმანეთს და ჭიქა ღვინით ვლოცავთ ჩვენს მეგობრობას. მაშინ შეგპირდით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოგიწვევთ-მეთქი. ახლა გეპატიჟებით, - თუ გინდათ, ნამდვილი მეგობრები ნახოთ, პლეხანოვზე, პატარა რესტორან "საჭაშნიკეში" მობრძანდით...

რეზო ჭავჭანიძე

მკვდარი რომ იყო, უნდა წამოდგე და წახვიდე! მეც წავედი. "ძველ პლეხანოველ ბიჭებს" პატარა კუპეში სუფრა გაეშალათ, კუთხეში იმ ქვეყნად წასული მეგობრების სურათებიანი ჩარჩო დაედოთ, სანთლები აენთოთ, ჭიქები შეევსოთ და მელოდნენ. მანამდე არ დასხდნენ, სანამ არ მივედი, - რას ამბობთ, ჯერ სტუმარი დაბრძანდესო. ვუყურე, ვუყურე და - ყველა ეგეთი კარგები ხართ, ბატონო რეზო-მეთქი? - ვინც გამოგვაკლდა, ისინი კიდევ უკეთესები იყვნენ... მოდი, ჯერ იმათი მოსაგონარი შევსვათ, მერე კი დავსხდეთ და მოვილხინოთო.

"ბიჭებს" ერთი მეგობარი ჰყავთ, შეფ-მზარეული. იმას სუფრა გაეშალა - ჩიტის რძე არ აკლდა. კინაღამ წავედი და ვკითხე, - პენსიით ასეთ სუფრას როგორ შლით-მეთქი. მერე ხელი ჩავიქნიე. ვიცი, მეტყოდა, - ხილი იხილე და მებაღეს ნუ კითხულობო. ბოლოს, თვითონ შემოვიდა და ამ კითხვის პასუხი მაინც გავიგე - რქაწითელით სავსე ჭიქა რომ დაცალა, - გენაცვალეთ, ბიძიებო, თქვენისთანა კაცური კაცებისთვის შეუძლებელს გავაკეთებო! აბა, რას იზამდა! პლეხანოველი ძმადნაფიცების იმ ქვეყნად წასული მეგობრების სურათებს სწორედ ის ინახავს "საჭაშნიკეში". ერთხელ შემთხვევით ჩარჩო გატეხია და სასწრაფოდ უკეთესი გაუკეთებია - "ბიჭებს" გული არ ეტკინოთო.

იმ "ჩარჩოში გადასახლებული" ძმების სადღეგრძელო რომ დავლიეთ, თაფლივით რქაწითელის დამწურავიც მოვიკითხე: - ოცდაათი ძმა ვიყავით, შვილო და ისე როგორ წავხდებოდით, ჩვენს შვილებს ღვინოზე დავეღირსებინეთ, მაგ ღვინოს ერთ-ერთი ჩვენგანის შვილი ყოველ წელიწადს გვიწურავსო.

მერე სიცოცხლის სადღეგრძელო დაილია, - ყველაფრის, რითაც სიცოცხლეა ტკბილი და ჩემიც - სტუმრისა და "კვირის პალიტრის". გენაცვალეთ, ჩვენი მეგობრობის ამბავი ქვეყანას რომ გააგებინეთ. ახლა ისეთი დროა, ხალხს კაცობის მაგალითები გამოელიაო.

მერე ჭერი სიმღერამ ახადა, - "გურულების სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო, სამი ფუთი ღვინო უნდა, მისი მოწყობილობაო"... მერე, რა, რომ სიცოცხლე მოკლეა და შეიძლება მეგობრები ფრთებივით ჩამოგაჭრას, ისინი ხომ მაინც შენ გვერდით არიან, - შენი სიცოცხლის ნაწილებად იქცნენ. რა კარგად მღერით-მეთქი... ბატონმა რობერტ დარახველიძემ მიპასუხა: - მე, ჩემო ბატონო, კარგად ვცეკვავ კიდეც. სუხიშვილების სოლისტი გახლდით. სტალინი 70 წლის რომ გახდა, მის თვალწინ ვიცეკვე კრემლში. მაო ძედუნი ჰყავდა სტუმრად, ორი დღე აყურებინა ჩვენი ცეკვისთვისო...

შინ მიმავალი სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ სიცოცხლე მაინც ლამაზია, მით უფრო მაშინ, როცა ისეთი მეგობრები გყავს, 68 წელიწადმაც ვერ შეძლო და გვერდიდან ვერ აგაგლიჯა.

თქვენს მეგობრობას გაუმარჯოს, პლეხანოველო ძმებო, ძიაკაცებო! თქვენი წყალი გადასხმოდეს დათითოებულ ჩვენს ქვეყანას.