ის, ვინც კეთილ საქმეს წყალს უსხამს - კვირის პალიტრა

ის, ვინც კეთილ საქმეს წყალს უსხამს

ნამდვილად ვიცი, რომ თბილისი-რუსთავის ტრასაზე მიმავალი მძღოლების უმრავლესობა ისე ჩაუვლის, არც შეხედავს; ან რა შესახედია, ერთი ჩვეულებრივი ნერგი ამ მტვრიან ტრასაზე! მე კი მას სულ ვუყურებ, - ამ გზაზე ყოველდღე ავივლ-ჩავივლი, ამიტომ კარგად ვიცი, აქ როგორ გაჩნდა!

მოგიყვებით: აქ, ტრასის პირზე, გაზაფხულზე ლაგოდეხელი მენერგეები ნერგებს  ყიდიან. დღე ერთია და ამ ადგილას 100 მანქანა მაინც გაჩერდება - დაამწკრივებენ ნერგებს, გამოაყოფინებენ თავს თავიანთი ავტომობილების უკანა ფანჯრებიდან და მიაქროლებენ თავიანთ ნაკვეთებში. ესეც ასე, - იტყვიან გაზაფხულის ბოლოს ლაგოდეხელი მენერგეები, დაიცლიან ხელს და შინ ახალი ნერგების გამოსაყვანად მიემგზავრებიან, დარჩენილ ნერგებს კი ძირებით ცელოფანში ჩააწყობენ, კოხტად შეფუთავენ და ისინიც შინ მიაქვთ, - ფესვებს გავუსხლავთ და ისევ მიწაში ჩავრგავთ, გაისად მოძლიერებული იქნება, უფრო კარგად იხარებსო... ასე რჩება ზამთრობით ტრასისპირი ნერგებისა და მენერგეების გარეშე, - გაივლი და გული გწყდება, თითქოს აქაურობას სამკაული ახსნესო. ერთხელაც, გვიანი გაზაფხულის ერთ საღამოს, მენერგეები შინ დასაბრუნებლად რომ ემზადებოდნენ, ერთმა ბარი აიღო,  ნერგს ფესვები მოუსუფთავა და ორმოში დიდი რუდუნებით ჩარგო.  ერთი სიტყვით, სხვისთვის, - ჩემთვის, შენთვის! მაშინ გავიფიქრე, - კარგ საქმეს კი აკეთებს, მაგრამ ამ გადახრუკულ ტრასაზე ნერგს რა გაახარებს-მეთქი!

მერე მოვიდა ზაფხული და ტრასაზე გავლისას გული დამეწვა - ნეტავი რას უძლებს ეს საცოდავი-მეთქი! მაგრამ ერთხელაც რას ვხედავ, -  მეთევზე  ანკესზე აცმულ თევზს ყიდის და თან  ნერგს პლასმასის ბოთლით წყალს უსხამს.

მერე ზამთარი დადგა, ნერგიც წამოიზარდა. ახლა უკვე აღარაფერი უჭირს... ალბათ აღარც მეთევზე დასჭირდება მტკვრიდან მოტანილი წყლის ბოთლებით... ისედაც გაიზრდება და გაიხარებს. ბოლოს კი იმხელა გახდება, რომ ალბათ ტრასაზე მქროლავი მძღოლებიც შეამჩნევენ და იტყვიან, იმას გაუმარჯოს, ვინც აქ ეს ნერგი დარგოო... მე დავამატებ, - იმასაც, ვინც კეთილ საქმეს წყალს უსხამს-მეთქი! რადგან ერთმანეთის კეთილი საქმე თუ არ ვახარეთ, ჩვენს აქ ყოფნას ჩალის ფასი ექნება!

ლევან ხომასურიძე, რუსთავი