ის, ვინც კეთილ საქმეს წყალს უსხამს
05-01-2015
ის, ვინც კეთილ საქმეს წყალს უსხამს
ნამდვილად ვიცი, რომ თბილისი-რუსთავის ტრასაზე მიმავალი მძღოლების უმრავლესობა ისე ჩაუვლის, არც შეხედავს; ან რა შესახედია, ერთი ჩვეულებრივი ნერგი ამ მტვრიან ტრასაზე! მე კი მას სულ ვუყურებ, - ამ გზაზე ყოველდღე ავივლ-ჩავივლი, ამიტომ კარგად ვიცი, აქ როგორ გაჩნდა!

მოგიყვებით: აქ, ტრასის პირზე, გაზაფხულზე ლაგოდეხელი მენერგეები ნერგებს  ყიდიან. დღე ერთია და ამ ადგილას 100 მანქანა მაინც გაჩერდება - დაამწკრივებენ ნერგებს, გამოაყოფინებენ თავს თავიანთი ავტომობილების უკანა ფანჯრებიდან და მიაქროლებენ თავიანთ ნაკვეთებში. ესეც ასე,
- იტყვიან გაზაფხულის ბოლოს ლაგოდეხელი მენერგეები, დაიცლიან ხელს და შინ ახალი ნერგების გამოსაყვანად მიემგზავრებიან, დარჩენილ ნერგებს კი ძირებით ცელოფანში ჩააწყობენ, კოხტად შეფუთავენ და ისინიც შინ მიაქვთ, - ფესვებს გავუსხლავთ და ისევ მიწაში ჩავრგავთ, გაისად მოძლიერებული იქნება, უფრო კარგად იხარებსო... ასე რჩება ზამთრობით ტრასისპირი ნერგებისა და
მენერგეების გარეშე, - გაივლი და გული გწყდება, თითქოს აქაურობას სამკაული ახსნესო. ერთხელაც, გვიანი გაზაფხულის ერთ საღამოს, მენერგეები შინ დასაბრუნებლად რომ ემზადებოდნენ, ერთმა ბარი აიღო,  ნერგს ფესვები მოუსუფთავა და ორმოში დიდი რუდუნებით ჩარგო.  ერთი სიტყვით, სხვისთვის, - ჩემთვის, შენთვის! მაშინ გავიფიქრე, - კარგ საქმეს კი აკეთებს, მაგრამ ამ გადახრუკულ ტრასაზე ნერგს რა გაახარებს-მეთქი!

მერე მოვიდა ზაფხული და ტრასაზე გავლისას გული დამეწვა - ნეტავი რას უძლებს ეს საცოდავი-მეთქი! მაგრამ ერთხელაც რას ვხედავ, -  მეთევზე  ანკესზე აცმულ თევზს ყიდის და თან  ნერგს პლასმასის ბოთლით წყალს უსხამს.
მერე ზამთარი დადგა, ნერგიც წამოიზარდა. ახლა უკვე აღარაფერი უჭირს... ალბათ აღარც მეთევზე დასჭირდება მტკვრიდან მოტანილი წყლის ბოთლებით... ისედაც გაიზრდება და გაიხარებს. ბოლოს კი იმხელა გახდება, რომ ალბათ ტრასაზე მქროლავი მძღოლებიც შეამჩნევენ და იტყვიან, იმას გაუმარჯოს, ვინც აქ ეს ნერგი დარგოო... მე დავამატებ, - იმასაც, ვინც კეთილ საქმეს წყალს უსხამს-მეთქი! რადგან ერთმანეთის კეთილი საქმე თუ არ ვახარეთ, ჩვენს აქ ყოფნას ჩალის ფასი ექნება!

ლევან ხომასურიძე, რუსთავი
მამუკა
09 იანვარი 2015 09:45
კარგი და პოზიტიური სტატიაა.
სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, ჟურნალისტები სენსაციის ძებნაში, ისეთ სტატიებს ამზადებენ, რომ სათაურს რომ შეხედავ, ტექსტის წაკითხვას მოერიდები.
nano
07 იანვარი 2015 03:01
გაგახარ ღმერთმა,ძალიან მიყვარს ჩემი რუსთავი და ასე მგონია მთელი რუსთავი ჩემი სახლია და ყველა კეთილი საქმე მიხარიააა.ვარ უცხოეთში და თუ რამე დაწერეს რუსთავზე კარგი ცრემლი მომსდის ვინაიდან მენატრება და მინდა სულითა და გულით დავბრუნდე ჩემს სამშობლოში.ყველას ვეუბნები ამდენი წელია დევნილობაში ვარ და მაინც ჩემს ქვეყანას არაფერი სჯობია გარდა გამყიდველი და მოღალატე ზოგზოგი ადამიანისა,რომლებსაც ფულის სანაცვლოდ სულ ფეხებზე ჰკიდია სამშობლო.ჩემი წლების დამატება მოხდა მას შემდეგ რაც რჩეულიშვილებმა ჩვენი ფულებით თვითონ მოუწყეს თავიანთ შვილებსა და შვილისშვილებს მომავალი,ჩვენ კი გაგვიხანგრძლივა ყოფნა უცხოეთში.ღმერშ ვთხოვ მან მაინც დასაჯოს მოღალატე და გაიძვერა ადამიანები,რათა დროზე გვეღირსოს ჩვენს სახლებში დაბრუნება და მშვიდი სიბერე.
floradutch
05 იანვარი 2015 14:58
ეთერ, შენ ერატადერტი ჯურნალისტი ხარ ამ საწყალ საქარტველოში რომ ჟურნალისტობს, ღმერტმა სიკეტე და სიხარული არ მოგაკლოს!!!
კარგი იქნება სხვებმაც მოგბაზონ და სიკეტეზე წერონ და არა ვინ ვის რას უშვრება ანდა ნეტზე აკრეფილ საშინელებებზე! ასეტებს რატომ უხდიან ხელფასს საერტოდ, რისი მაქნსიები არიან, ყველა გაუშვან და მატი ხელფასი შენ! მიტომ რომ იმსახურებ!

რედაქტორის რჩევით