ვინ თქვა, საქართველო თითოვდებაო! - კვირის პალიტრა

ვინ თქვა, საქართველო თითოვდებაო!

ამბობენ, კიდევ უნდა გავაჩინოთო და მომავალს უსაზღვრო სიმშვიდით შეჰყურებენ - ყველაფერი კარგად იქნებაო!

გაიხურა კარი ძველმა წელმა და ახალიც მოვიდა, მოვიდა იმედებით. ძველი კი ის წელიწადი იყო, კარგზე მეტად ცუდი რომ გესმის და მაინც იმედი გაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს გვაძლებინებს, გვაცოცხლებს, რადგანაც გადარჩენისთვის ბრძოლის უნარი სწორედ მაშინ გაიღვიძებს ხოლმე, როცა საჭიროა. ეს ძალა იგრძნობა ამ  ქალბატონის  წერილში - სადღაც იყო, გული იმედით აევსო, იმედის "წამი დაიჭირა" და ჩვენ გვიწილადა! ჩვენ მის გადაღებულ ფოტოს და წერილს სიამოვნებით ვბეჭდავთ, - იმავე სიტყვებით, რომელიც არაერთხელ გვითქვამს, - "კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი".

"საქართველო თითოვდება, ცოტავდება, მადლი აკლდება" - ამ სიტყვებს არაერთხელ შევუშინებივარ. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და როცა მასზე ცუდი მესმის, ცუდად ვხდები - რამდენჯერ დავფიქრებულვარ, როგორ შეძლებს ჩემი ქვეყანა ფეხზე დადგომას, როგორ საქართველოში იცხოვრებენ ჩემი შვილები-მეთქი.

ამას წინათ ავტობუსში  ჩხუბს შევესწარი.  კაცმა  უკანა სკამზე ჩამომსხდარი "თინეიჯერები" ფეხზე წამოყარა, - მოხუცი ამოვიდა ტრანსპორტში და ადგილი როგორ არ დაუთმეთ, თქვენ ხომ კაცები უნდა დადგეთ, ასე რა კაცები დადგებითო! ბიჭები თავდახრილი უსმენდნენ, ეს თავდახრაც გამიხარდა, - შეცდომის გამოსწორება შეიძლება, მთავარია, ეს ბიჭები თავის ქვეყანაზე მოფიქრალ კაცებად დაიზარდონ.

ამას წინათ ახლობელთან ვიყავი სტუმრად, სადაც ერთმა მშვენიერმა ცოლ-ქმარმა 4 ულამაზესი ვაჟი მოიყვანა. შევყურებდი და ვტკბებოდი - ეს 4 პატარა ვაჟკაცი ისე დინჯად იქცეოდა, ისე უვლიდნენ ერთმანეთს, რომ გული ამიჩუყდა, - ამაზე უკეთესი განა შეიძლება რამე იყოს საცქერლად და საფიქრალადაც? ზოგს ერთი შვილი ჰყავს და დარდს არ ილევს - განათლება როგორ მივცე და როგორ გავზარდოო. ამათ 4 ჰყავთ. ამბობენ, კიდევ უნდა გავაჩინოთო და მომავალს უსაზღვრო სიმშვიდით შეჰყურებენ - ყველაფერი კარგად იქნებაო!

არადა, ფუფუნებაში როდი ცხოვრობენ, ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახია, ისეთი, როგორებზეც დგას ქვეყანა. მოკლედ, ვუყურე, ვუყურე ამ მშვენიერებას და ბოლოს ფოტო გადავუღე, - არ იციან, რომ თქვენ გიგზავნით, მაგრამ არა მგონია, დიდად გამიჯავრდნენ, - თქვენს გაზეთს ბევრი მკითხევლი ჰყავს და მინდა ამ ბევრს ახალი წლის დასაწყისში იმედი მივცე, - რაც უნდა ცუდი გვესმოდეს, ნუ გეშინია, საქართველოვ, ჩვენ ვმრავლდებით და ვიზრდებით! ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, ისეთი შვილმრავლობა დაგვეკვებოს, როგორსაც ამ ფოტოზე ხედავთ.

მარიამ  მირიანაშვილი, თბილისი