"ქაღალდის იმედად დარჩენილი და განადგურებული წარსული ჩვენი სირცხვილია!"
26-01-2015
"ქაღალდის იმედად დარჩენილი და განადგურებული წარსული ჩვენი სირცხვილია!"
ისტორია ერის საყრდენია! თანამედროვეობაში გაცვეთილი ეს გამოთქმა ადასტურებს, რომ სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ ის ერია, რომელიც თავის ისტორიას იცავს;  რედაქციაში მიღებულმა წერილმა ძალიან შეგვაშფოთა: "იქნებ იცოდეთ, რომ ოზურგეთში 2 წლის წინ უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა, როცა იუსტიციის სახლის მშენებლობისას გვიანფეოდალური ხანის აბანოები აღმოაჩინეს. საუბედუროდ, ამ აღმოჩენას ტრაგიკული ბედი ერგო, - რაც საუკუნეებმა შემოგვინახა, ახლა ქარისა და წვიმისაგან გაშიშვლებული ნადგურდება. ჩემთვის პირადად ეს ამბავი ჩვენს სირცხვილად იქცა. ასევე იმ ოზურგეთელებისთვისაც, რომლებსაც ქვეყანა უყვართ.. მე
ამ ადამიანებს ვესაუბრე და მინდა, მათი აზრი ამის შესახებ თქვენც გაცნობოთ. მათ შორის ოზურგეთის მუზეუმის თანამშAრომელი მანანა ლომაძე და არქეოლოგი ვაჟა სადრაძეც არიან. მინდა ეს საკითხი გაზეთში გამოაქვეყნოთ და ამით აგრძნობინოთ კულტურის სამინისტროს, რომ კულტურის ძეგლისადმი ასე მოქცევა სირცხვილია".

მანანა ლომაძე: - აბანოები ქალაქის ცენტრალურ
მოედანზე, 1957 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს, როდესაც აქ რესტორნის მშენებლობა გადაწყვიტეს.  თუმცა, მაშინ არქეოლოგიური სამუშაოები არც დაწყებულა. აბანოს მიწა მიაყარეს, ანუ დააკონსერვეს. მრავალი ათეული წლის შემდეგ, 2012 წელს, ამ ადგილას იუსტიციის სახლის მშენებლობისას, როცა აბანოების ნაშთი კვლავ გამოჩნდა, ახალი გათხრები დაიწყო... ნანახი მაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა გამოიყოს თანხა ოზურგეთის ცენტრის გათხრებისა და ნაშთების კონსერვაციისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდია, ქაღალდის იმედად დარჩენილი და განადგურებული წარსული კი ჩვენი სირცხვილია!
ვაჟა სადრაძე, არქეოლოგი: - ეს აბანოები არის გვიანფეოდალური, XVII საუკუნის, გურიელების სასახლისა. ორსართულიანი ნაგებობის პირველ სართულზე აგურითა და ქვით ნაგები აუზებია განლაგებული და წყალი კერამიკის მილებით მიეწოდება. ნაგებობა უზადოა, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა უკვე ქარი და წვიმა შლის.

- რატომ დარჩა კულტურის ძეგლი ასე უპატრონოდ?
- როცა იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო და  გადაწყდა, რომ ოზურგეთის ცენტრის გათხრები დაფინანსებულიყო, კულტურის სამინისტროს ტენდერი უნდა ჩაეტარებინა, რომელშიც არქეოლოგები მივიღებდით მონაწილეობას, თუმცა ტენდერი არ ჩატარდა, არადა, გათხრების პირველ ეტაპზე XVII საუკუნეზე გაცილებით ადრინდელი არქეოლოგიური ნიმუშები გამოჩნდა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ამ ადგილას უფრო ადრინდელი და საინტერესო მასალები აღმოჩნდეს. ამასობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ძეგლი  ბლოკებით შემოღობა. ბლოკი ძეგლს ნალექისა და ქარისაგან ვერ იფარავს, პირიქით, ხელს უწყობს ძეგლში წყლის ჩაგუბებას. თუ დაცვა უნდოდათ, ძეგლი სარკოფაგისებური წესით უნდა შენახულიყო.

ზურაბ გამთენაძე,
ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით