გზის გაკეთებას ულამაზესი ბუნება ეწირება - კვირის პალიტრა

გზის გაკეთებას ულამაზესი ბუნება ეწირება

"ტეხურის ხეობაში ულამაზესი ადგილები თანამედროვე ტექნიკას ისე დაუსახიჩრებია, გული გეტკინება..."

ძვირფასო რედაქციავ, ყოველი მხრით დაცოტავებული ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე ღვთისგან ბოძებული მიწა-წყლის სილამაზეა; მაგრამ უბედურებაა ის, რომ ამ მიწა-წყალს ჩვენი უხეირობით არა მხოლოდ მტერს ვუთმობთ, არამედ დიდი მონდომებით საკუთარი ხელით ვანადგურებთ. ამის ნიმუში მდინარე ტეხურის ხეობაც გახდა, რომელიც ნემისმიერ მნახველს აჯადოებდა, ახლა კი ინგრევა - რომელიღაც ორგანიზაციამ აქ მშენებლობები წამოიწყო. ხეობა ხომ მახინჯდება, ამავე დროს, მშენებლობისას ჩამოჭრილი  მთების ნაწილები და ლოდები პირდაპირ ხეობაში ცვივა. ეს კარგს არაფერს მოიტანს. ქვეყანა შევძარით - არაფერი გვეშველა. ნუთუ არ შეიძლება ამ ბარბაროსობის შეჩერება?

წერილს ხელს აწერენ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის მცხოვრებნი. ეს სოფელი  ტეხურის ხეობას ესაზღვრება. ჩვენ წერილის ერთ-ერთ ავტორს - გია ნანეიშვილს შევხვდით.

- აქაურობისნაირი ლამაზი ადგილები მთელ მსოფლიოში იშვიათია. ამ ხეობის და კერძოდ, ნოქალაქევის შესახებ ძველი ისტორიკოსები - სტრაბონი და პროკოფი კესარიელი წერდნენ.

- ალბათ იმას გულისხმობთ, რომ ნოქალაქევს უძველესი ბერძნული წყაროები არქეოპოლისად, ძველ ქალაქად მოიხსენიებენ.

- დიახ. ძვ.წ. III საუკუნის I ნახევარში სწორედ ამ ადგილას ააშენა ეგრის-სვანეთის ერისთავმა, მხედარმთავარმა ქუჯიმ ციხე-გოჯი - ქუჯის ციხე. პროკოფი კესარიელი წერს, - აქ, მდინარის გაღმა-გამოღმა, ლაზთა სოფლებია და მათ შორის არის  არქეოპოლისიო. დღევანდელი სოფელი ნოქალაქევი არქეოპოლისის ადგილზე დგას, -   საქართველოს ჭირ-ვარამის მოწმე უძველესი ქალაქის ადგილზე. როცა ეს ამბავი იცი, უნებურად იმასაც იფიქრებ, რომ სოფელ ნოქალაქევის მკვიდრნი იმ უძველესი ქალაქის შთამომავლები არიან.  ამ ხალხს თავზარს სცემს იმის   დანახვა, რაც ტეხურის ხეობაში ხდება, - ხეობას თანამედროვე ტექნიკა შეესია და განადგურება დაუწყო.

- რა მიზეზით?!

- დანამდვილებით არავინ იცის. ზოგმა - გზას აკეთებენო, ზოგი ირწმუნება, გასართობ დაწესებულებებს და რესტორნებს აშენებენო! მაგრამ რაც უნდა გააკეთდეს, ეს ვანდალიზმია! თანამედროვე ტექნიკას ხომ ყველაფერი შეუძლია, ბულდოზერები და ტრაქტორები მთებს ტყიან-ბუჩქიანად ჭრიან და მდინარის ხეობაში ყრიან. ასე რომ, ბუნებას ხომ ანადგურებენ, ბალასტისგან გასათავისუფლებლადაც იოლი გზა გამონახეს, მოჭრილ ქვა-ღორღს მდინარეში ყრიან- აბა, ფულს ხომ არ დახარჯავდნენ მის გასატანად!

- ასე ხომ მდინარის ხეობა ამოივსება, შეიძლება წყალი რომელიმე მონაკვეთში დაგუბდეს და უბედურება მოხდეს.

- ტეხურის დაგუბებაში კი ეჭვი მეპარება, - ეს ისეთი ძლიერი მდინარეა, მთებს გაარღვევს და გზას მაინც იპოვის, მაგრამ  ეს სილამაზე ხომ ის აღარ იქნება, რაც ოდითგან ხიბლავდა მნახველს? შესაძლოა, აქ მართლაც რაიმე სერიოზული შენდება, მაგალითად, გზა, მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა, ცოტა მეტი ხარჯი გაეღოთ, გზა შემოვლით გაეყვანათ და ხეობა არ დაემახინჯებინათ?!  და თუკი აქ რესტორნებიც შენდება, ნეტავ ვინ იძლევა უფლებას, რომ უფლის ხელით შექმნილი მავანმა თავისი ხელით მხოლოდ იმიტომ მოსრას, რომ ფული იშოვოს?!

...ბატონი გიას მოწოდებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ულამაზესი ადგილები ტექნიკას მართლაც გულსატკენად დაუმახინჯებია.

ნოქალაქევის რწმუნებული იგორ ბაღათურია: - იმ ხეობაში, რომლის ამბავი ასე გაშფოთებთ, გზა კეთდება და სენაკისა და მარტვილის სოფლებს დააკავშირებს. გზის გარეშე კი დღეს ხალხი ვერ იარსებებს.

- არ შეიძლებოდა, შემოვლითი გზა გაეჭრათ?

- ეს გრანდიოზული პროექტია, დაახლოებით 4 კილომეტრზე გადის და ისე ვერ გაკეთდება, რომ ხეობას რაიმე არ ჩამოეჭრას. მართალია, სასიამოვნო არ არის მოჭრილი მთების ყურება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მონაკვეთი ხეებით დაიფარება...