წერილი, ხეჭეჭურის ნერგივით დატოვებული... - კვირის პალიტრა

წერილი, ხეჭეჭურის ნერგივით დატოვებული...

ამ ადამიანებს "კვირის პალიტრის" რედაქციიდან "გზავნილი მომავალში", ანუ ათი წლის წინ შენახული წერილები მიაქვთ. წერილებით სავსე სკივრი პირველი სართულის ფოიეში დგას.

ადრესატები კი მოდიან და მოდიან... რაღაცნაირად იმ ბაბუას უგავთ თვალები, მშვენიერ ქართულ ფილმში ხეჭეჭურის ნერგის საშოვნელად რომ მიჰყავს შვილიშვილი. ზოგი ეუბნება, - შე კაცო, იმისთანა ნერგი რად გინდა, ამხელა დრო რომ სჭირდება ნაყოფის მოსაცემადო. მაგრამ მან ხომ იცის, რად უნდა, - შვილიშვილისთვის! და შვილიშვილმაც ხომ იცის ეს და ამიტომ მიჰყვება უკან ხტუნვა-ხტუნვით და სიხარულით.

"კვირის პალიტრასაც" მომავალი მიჰყვებოდა უკან, როცა სახალხო პროექტი "გზავნილი მომავალში" დაიწყო: ერთმანეთისთვის წერილები დაგვაწერინა და 1, 5, 10, 25, 50, 100 წლის შემდეგ გაგვაგზავნინა. ახლა ერთი წამით იფიქრეთ, რას ფიქრობდა ის, ვინც საყვარელი ადამიანისთვის წლების შემდეგ მისაღებ წერილს წერდა! რა სიყვარული იდებოდა ამ პატარა, ახლა უკვე წლებით ფერშეცვლილ ბარათებში.

გინდათ მოგიყვეთ, ეს როგორი სიყვარულია? - აბა, უბრალოდ "დაინახეთ" ის პატარა, რომელსაც წერილს მაშინ წერდნენ, როცა ამქვეყნადაც არ იყო მოსული, ახლა კი უკვე ათი წლის არის, რედაქციის მისაღებში მოაჯირთან დგას და სიხარულით ფეხებს აბაკუნებს და თუმცა დედიკო აწყნარებს, სინამდვილეში მასაც ერთი სული აქვს, წერილს როდის გახსნის - ეს ხომ ბაბუას წერილია, ხეჭეჭურის ნერგივით დატოვებული...

მაგრამ დედიკო მოითმენს, ბიჭმაც უნდა ისწავლოს მოთმინება და იმიტომ. ისინი წერილს შინ წაიღებენ, იქ გახსნიან და ბევრჯერ წაიკითხავენ. მაგრამ მოთმინება ყველას ხომ არ შეუძლია. აი, იმათ, ათი წლის წინ შეყვარებულები რომ იყვნენ და ახლა უკვე ოჯახი აქვთ. სიყვარული გაქრა? სულაც არა, - კარში გასულიც არ არიან, წერილს რომ ხსნიან და იღიმებიან - როგორ შეიძლება ასეთი დიდი სიყვარული გამქრალიყო?

მამიკო იმქვეყნად წასულა და მისი წერილი მის გოგონას ცრემლიანი და იმედიანი თვალებით მიაქვს, - ის, ვინც გიყვარდა და უყვარდი, მაინც შენ გვერდით არის, გეხმარება და გამხნევებს. ანდა, შენ ხარ ისევ მის გვერდით და ბედნიერი ხარ. როგორც ბაბუა, რომელსაც შვილიშვილისთვის თავად მიაქვს ათი წლის წინ დაწერილი ბარათი და უხარია, - არ მეგონა, თუ ამდენ ხანს ვიცოცხლებდიო.

ამის შემხედვარეს იმ გოგონას, რომელიც წერილებს ადრესატებს ურიგებს, გული სწყდება, - მეც ვეძებდი ადრესატთა სიაში ჩემს სახელსა და გვარს, მაგრამ არავის მოუწერიაო.

თუმცა ვინ იცის, იქნებ მისი ბარათი იმ სკივრშია, რომელიც 2025 წელს უნდა გაიხსნას...

P.S. "მედიაპალიტრის" ოფისში (იოსებიძის ქ. #49), ადრესატთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს. მათ, ვინც დღემდე ვერ მოახერხა თავისი წერილის მიღება, შევახსენებთ, რომ 25 თებერვლამდე შეუძლიათ "მედიაპალიტრის" ოფისში მოსვლა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12-15 საათამდე.